პეკინის 2022-ის ოქროსმედალოსანი ბენჟამინ კარლი, ბაკურიანში ევროპის თასზე იასპარეზებს
პეკინის 2022-ის ოქროსმედალოსანი ბენჟამინ კარლი, ბაკურიანში ევროპის თასზე იასპარეზებს
19.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი / ნინო მეგრელიშვილი

სნოუბორდში, ევროპის თასის 2022 წლის გათამაშების სტარტზე, ქართული სამთო კურორტის ეტაპზე, არც მეტი, არც ნაკლები პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი დადგება. ავსტრიელი ბენჟამინ კარლი, უკვე ბაკურიანში იმყოფება და მომავალი სტარტისთვის ემზადება.

„არ ვარ ისეთი მომზადებული როგორიც ვიყავი ოლიმპიადაზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ვისიამოვნებ. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ხვალინდელი დღე.  მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ ბევრი მსოფლიო თასის მფლობელი სპორტსმენია ჩამოსული, მაგალითად შტეფან ბაუმაისტერი.  რთული საშეჯიბრო დღე გველის, ვნახოთ როგორ ჩაივლის... მსოფლიო თასი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეტი დღით ადრე ჩამოვიდოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჩამოვსულვარ ქულებისთვის, ჩამოვედი იმისთვის, რომ მომავალი წლის ჩემპიონატისთვის მოვემზადო და ვნახო როგორი საშეჯბირო ტრასაა აქ", - ამბობს ბენჟამინ კარლი, TSFF.Ge-სთვის მიცემულ ინტრვიუში.




„ერთადერთი ზღვარი, რომელიც შეიძლება გქონდეს, არის ის, რომელიც შენს თავს დაუწესე", დაწერა რამდენიმე წლის წინ საკუთარ სოციალურ ქსელში ავსტრიელმა სნობორდერმა. თუმცა, ამის შემდეგ, მან, 2021 წელს პარალელურ სლალომში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. რამდენიმე დღის წინ, კი პეკინში, ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა.  როგორც ჩანს, კარლი, იმ ზღვართან, რომელიც მას აქტიური სპორტიდან, სამწვრთნელო ეტაპზე გადაიყვანს, ჯერ კიდევ არ მისულა. მსოფლიო თასებისა და ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორმა ავსტრიელმა სპორტსმენმა სულ ცოტა ხნის წინ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე პარალელურ გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა.


„სიტყვები არ მყოფნის, ეს არის 26 წლის მანძილზე განცდილი ყველა გრძნობა ერთად, ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს ბენი კარლი.




კარლიმ სნოუბორდში ვარჯიში 1995 წელს დაწიყო, ავსტრიული პოლტენის საშუალო სკოლაში სწავლისას. თუმცა, სრიალი მან ბევრად ადრე დაიწყო. საქმე ისაა, რომ ბენნის დედა, პროფესიონალი სათხილამურო ინსტრუქტორი იყო და შვილიც, 2 წლის ასაკში, მისი დახმარებით დადგა თხილამურზე. უკვე მოგვიანებით, მან, თხილამურებს სნოუბორდი არჩია. მოთხილამურეთაგან განსხვავებული შეფასება მისცა მან, საშეჯიბრო ტრასასაც, რომელზეც პეკინში მოუხდა მონაწილეობა.


„ვფიქრობ, რომ სნოუბორდერები მიჩვეულები არიან ასეთ თოვლს კორეაში, იაპონიაში. კორეაში, ისეთივე თოვლია როგორიც ჩინეთში, შესაბამისად მიჩვეულები ვართ. ჩვენ არ ვართ მიჩვეული ისეთ გაყინულ თოვლს, როგორც მოთხილამურეები, შესაბამისად ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა ამ ტიპის თოვლთან მიჩვევა", - ამბობს ბენი.


36 წლის ავსტრიელი ათლეტი საქართველოს პირველად ეწვევა. შესაბამისად, სამომავლოდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა განწყობას წაიღებს ჩვენი ქვეყნიდან ბენნი, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ კარლი დიდი ალბათობით, ჯერ ისევ ოლიმპიური წარმატების ეიფორიის ქვეშაა. ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და 2 ოლიმპიური თამაშების მედალოსანს (ვერცხლი, 2010 ვანკუვერი და ბრინჯაო 2014 სოჭი), რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ამბიცია გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი, სულ ცოტა აკლდებოდა. საერთო ჯამში, სპორტსმენმა მსოფლიო თასის 155 ეტაპზე იასპარეზა, საიდანაც 40-ზე მეტ შემთხვევაში პოდიუმზე ავიდა , 18 ეტაპი კი, მოიგო. თუმცა, ბოლოჯერ,  მხოლოდ 2020 წელს.



„ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრების ასეთი სტილი. მიუხედავად დაღლილობისა, მოტივირებული ვარ, კონცენტრირებული გავივლი ტრასას, რომ მოვემზადო მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. დღეს უკვე ვნახე საშეჯიბრო ტრასა, ძალიან კარგად გამოიყურება ყველაფერი, ძალიან კარგი თოვლია და გავს სწორედ ჩინეთის თოვლს",  - ამბობს ოლოიმპიური ჩემპიონი, რომელიც ჩინეთიდან, პირდაპირ საქართველოში ჩამოვიდა.


სნოუბორდში, ევროპის თასი 2022 ეტაპზე, პარალელური გიგანტური სლალომში, რომელიც 19-20 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება, კარლის გარდა, კიდევ რამდენიმე საუკეთესო სარეიტინგო ქულების მფლობელი სპორტსმენი მონაწილეობს.   





კლაუდია რიგლერი (Claudia Riegler) - 2015 წლის სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონი. პარალელური გიგანტური სლალომში. აღსანიშნავია, რომ 48 წლის სპორტსმენს, 363-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა მსოფლიო თასის გათამაშებაში. ავსტრიელი ქალი ათლეტი 6 მსოფლიო თასის მფლობელია პარალელური გიგანტური სლალომში, პარალელურ სლალომსა და სნოუბორდ კროსში


დანიელა ულბინგი (Daniela Ulbing)- 23 წლის ავსტრიელი სპორტსმენი 2017 წლის სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია პარალელურ სლალომში. ოთხგზის მსოფლიო თასის მფლობელი პარალელური გიგანტური სლალომსა და პარალელური სლალომში.



ფოტოები ბენჟამენ კარლის სოციალური ქსელიდან და GSF-ის ფოტოები