
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის ნიკა შუბლაძის პერიოდითა და შეხვედრის დასრულებამდე 24 წამით ადრე იოან სარიჩის გატანილი გოლის წყალობით, ჩვენმა ნაკრებმა, მეტად დრამატულ ბრძოლაში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, თანაც ჯგუფში პირველი ადგილით, ოფიციალურად გაიფორმა. ახლა, საქართველოს ნაკრები უკვე, მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრში სპლიტში შეეცდება, ჩვენი გუნდისთვის, რიგით მეხუთე ევროპის ჩემპიონატზე, უპირველესად საკუთარი შედეგი გააუმჯობესოს.
ისევე როგორც, თბილისიში ჩატარებული საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველ ორ შეხვედრაში, დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, დღესაც, ყველაზე „სუსტად" მე-3 პერიოდი ჩაატარა. თუმცა, თუკი წინა ორ შეხვედრაში ეს წუნი, მხოლოდ ჩვენი გუნდის მიერ ნაკლებ გატანილ გოლში (ბელარუსთან 5-1, პოლონეთთან 2-0 მოვიგეთ) აისახა, ამჯერად, სლოვაკეთთან, შეხვედრის ეს მონაკვეთი 3 ბურთის სხვაობით, 3-6 წავაგეთ. სხვათა შორის, სამ მატჩში, ეს არის ერთად-ერთი პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა წააგო.
დღევანდელი შეხვედრა კი, როგორც უკვე გითხარით საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მატჩი პერიოდების მიხედვით ასე განვითარდა 7-5, 5-3, 3-6, 3-2. როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრები, რომელმაც სლოვაკეთის წინააღმდეგ ანგარიში 07:42 წუთზე, ბორის ვაპენსკის გოლით გახსნა და კიდევ ერთ წუთში ფაბიო ბარალდის გოლით, ორამდე გაზარდა, თითქმის მთელი მატჩი ცდილობდა მინიმუმ, ეს ორბურთიანი უპირატესობა შეენარჩუნებინა. თუმცა, მესამე მეოთხედში, სლოვაკებმა პენალტით ანგარიში გაგვითანაბრეს, 14-14. ამ მომენტისთვის, ჩვენი გუნდს სამი გაძევებით ვაკო დადვანიც დააკლდა, რომელმაც მანამდე 2 გოლის გატანა მოასწრო. მესამე მეოთხედში გაშვებული გოლების შემდეგ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კი, ჩვენი ნაკრების ძირითადი მეკარის, ირაკლი რაზმაძის დასვენებაც გადაწყვიტა (თუმცა სტანოიევიჩმა, ირაკლი წინა მატჩებშიც დაასვენა), შუბლაძემ კი, რამდენიმე სახიფათო დარტყმა აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდი წააგო, მეოთხედის მიწურულს, ვასიჩის გოლის წყალობით, საერთო ანგარიშში, გადამწყვეტი პერიოდის წინ, 15-14 იყო ჩვენების სასარგებლოდ. შეხვედრის გადამწყვეტი მონაკვეთის დაწყებისთანავე კი, გიორგი მაგრაქველიძემ (ამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ალბათ ყველაზე ფასეული) სხვაობა კვლავ ორ ბურთამდე გაზარდა, 16-14, საჭირო გოლი გაიტანა მარკო ელაჩამაც, 17-14. თუმცა, ამის შემდეგ, სლოვაკთაგან ზატოვიჩმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრის დასრულებამდე 55 წამით ადრე, ანგარიშში, სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, 17-16.
ბუნებრივია, დღეს, ფრედ დასრულებული თამაშის შემთხვევაში, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ასეც და ისეც, პირველ ადგილს დაიკავებდა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე, 24 წამით ადრე, სარიჩმა ყველა კითხვის ნიშანი წაშალა, რამეთუ, ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა 18-16 გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილით, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, პირველი ადგილით მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან დღეს გოლები გაიტანეს: ანდრია ბითაძე (1), რევაზ იმნაიშვილი (1), გიორგი მაგრაქველიძე (1), დუშან ვასიჩი (2), ვაკო დადვანი (2), მარკო ელაჩა (2), იოან სარიჩი (2), ფაბიო ბარალდი (2), ბორის ვაკენსკი (2), ნიკა შუშიაშვილი (3). აქვე დავამატებთ, რომ შუშიაშვილი ამ საკვალიფიკაციო თამაშების დროს, გუნდში გამორჩეული იყო და სასიხარულოა, რომ წყალბურთელი თამაშიდან თამაშამდე, გუნდის ლიდერად ყალიბდება.

საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორე ადგილით გავიდა სლოვაკეთიც.
დღესვე, „ოლიმპიკში" ჯგუფის მეორე შეხვედრაც გაიმართა. პოლონეთისა და ბელარუსის მატჩი, 10-17 დასრულდა.
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








