რამდენიმე სიახლე ახალი საფეხბურთო სეზონის წინ
რამდენიმე სიახლე ახალი საფეხბურთო სეზონის წინ
22.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღეში, საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონო ოფიციალურად დაიწყება. 25 თებერვალს, ბათუმში, საქართველოს მომქმედი ჩემპიონისა და უკვე 2022 წლის სუპერ თასის მფლობელი, ბათუმის „დინამოსა" და ელიგაში დაბრუნებული ბოლნისის „სიონის" შეხვედრით, ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება აიღებს სტარტს. ამავე დღეს, „დინამო არენაზე", წლის პირველი ქართული დერბია.

ახალი საფეხბურთო სეზონიდან, პლეი-ოფის მატჩებში, სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა. ამავდროულად, გაიზარდა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ლეგიონერების ლიმიტი და ამიერიდან, გუნდებს, 9-ის ნაცვლად 10 ლეგიონერის შეყვანა შეუძლიათ განაცხადში.


თუმცა, ახლი სეზონის დაწყებამდე, დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, აღმასრულებელი კომიტეტის მორიგ სამუშაო სხდომაზე, საქართველოს ჩემპიონატის ლიგების დებულება დაამტკიცეს.




ცვლილებები ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის ნაწილში


2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მეცხრე და მეათე ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად დაქვეითდებიან ლიგა 3-ში, ხოლო მეშვიდე და მერვე ადგილზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 3-ის მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს. ამ ფორმატით გაირკვევა 2023 წლის ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილეები, შესაბამისად, ლიგა 3-ის ორი საუკეთესო კლუბი პირდაპირ მოიპოვებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 2-ის მეშვიდე-მერვე ადგილზე გასულს კლუბებს.


ლიგა 3-ის გათამაშებაში მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 4-ში დაქვეითდებიან. შესაბამისად, ლიგა 4-ში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო ლიგა 4-ის მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილზე გასული გუნდები რეგიონულ ლიგაში დაქვეითდებიან.




საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი


დღევანდელ აღმასკომზე დამტკიცდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაც. თასის ახალი გათამაშება სტარტს აპრილში აიღებს. ტრადიციულად, მასში, საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდები ჩაებმებიან. თუმცა, 2022 წლის გათამაშებაში იქნება სიახლეც. თასის გათამაშების  ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის მოსაპოვებლად ბრძოლას, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი, მსკ „ბასიანი" დაიწყებს.


ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები თასის გათამაშებაში 1/16 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6 და 7 აგვისტოს გაიმართება, 1/8 ფინალური მატჩები კი 20 და 21 აგვისტოს.




2022 წლის სეზონის კალენდარი


ახალი საფეხბურთო სეზონის კალენდარი უეფა-ს ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების ინტერესთა გათვალისწინებით შედგა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ვეროტურნირებში ოთხი ქართული კლუბი ჩებმება - ბათუმის „დინამო" ჩემპიონთა ლიგის, „დინამო თბილისი", „დილა" და „საბურთალო" კი, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებიდან დაიწყებენ ასპარეზობას.


გამომდინარე აქედან,  2 ივლისს ეროვნული ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდება. ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდები, ბოლო მატჩს 29 ივნისს გამართავენ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება.




და სხვა საკითხები


უეფა-ს რეკომენდაციით, მინიმალური ცვლილებები შევიდა ლიცენზირების დებულებაში. სკოლების კატეგორიზაციის ფარგლებში დამტკიცდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მუდმივად გაუწევს მონიტორინგს საფეხბურთო სკოლებს.