27 თებერვალს საქართველო - რუსეთის თამაში არ ჩატარდება
27 თებერვალს საქართველო - რუსეთის თამაში არ ჩატარდება
24.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების სარაგბო მატჩი გადადებულია! კიდევ ერთხელ, 2021 წლის შემდეგ, ამჯერადაც უვადოდ!  ამის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირმა, ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება.


„საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.


2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.


„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო" - წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.


რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.


საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.


ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება.


რაგბი ევროპის განცხადება" - წერს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი.


სხვათა შორის, ამ განცხადებამდე, რაგბის კავშირის პრეს-სამსახურმა, წინასწარ დაანონსებული, საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში დახურულად გამოაცხადა. მოგვიანებით, კი მატჩის გადადების თაობაზე, განცხადება გააკეთეს.


აქვე შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, ბორჯღალოსნები 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში საიუბილეო, თავის 250-ე ტესტ-მატჩს გამართავენ. სიმბოლური ფაქტი 2021 წელს უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ ბოლო ორი წელიწადია მსოფლიო რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა.


250-ე ტესტის, თანაც რუსეთთან, მოგების შემთხვევაში, საქართველო ოფიციალურად იზეიმებს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას. ევროპის შესარჩევი ზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ბორჯღალოსნები 31 ქულით ლიდერობენ და 9 ქულით უსწრებენ რუმინეთს, 10-ით კი, ესპანეთს.