
უეფა-მ სიტყვა შეასრულა და აღმასკომის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების ფინალის ქალაქი და სტადიონი შეცვალა. მიზეზად, ევროპაში ვითარების უკიდურესი ესკალაცია და უსაფრთხოება დაასახელა, რომელიც უკრაინაში, რუსული აგრესიით არის გამოწვეული.
ამრიგად, აღმასკომის გადაწყვეტილებით, მამაკაცთა შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სანქტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება და ის, 28 მაისს, შაბათ დღეს, საფრანგეთში, სენ-დენიში „სტად დე ფრანსზე" ჩატარდება.
უეფა, მადლობას უხდის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის, რომელმაც პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩის მასპინძლობის ინიციატივას მხარი დაუჭირა, იმ უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, რომელიც ევროპაშია. ახლა, უეფა და საფრანგეთის მთავრობა ერთობლივად შეეცდებიან დაეხმარონ უკრაინაში მყოფ ფეხბურთელებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც უკიდურეს ადამიანურ გასაჭირში არიან.
უეფა-ს აღმსაკომმა დღესვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსული და უკრაინული კლუბები, ასევე ეროვნული ნაკრებები, რომლებიც უეფა-ს ტურნირებში ასპარეზობენ, ვალდებულნი იქნებიან, საშინაო თამაშები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატარონ.
ამავდროულად, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი რჩება მოლოდინის რეჟიმში, რათა საჭიროების შემთხვევაში, კვლავ მოიწვიოს რიგგარეშე თათბირები, რომლის დროსაც შესაძლოა მოხდეს სამართლებრივი გადაფასება, შექმნილი გარემოებების განვითარების გათვალისწინებით და მათ საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი ზომები.





ჩვენ








