უეფა-ს შემდეგ, კარდინალური ნაბიჯების გადადგმა რაგბი ევროპამაც დაიწყო
უეფა-ს შემდეგ, კარდინალური ნაბიჯების გადადგმა რაგბი ევროპამაც დაიწყო
26.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„რაგბი ევროპა (Rugby Europe) შეშფოთებულია უკრაინის სარაგბო საზოგადოების გამო და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს", - წერს, ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი. ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, განცხადებას უეფა-სა და ოლიმპიური კომიტეტის შემდეგ აკეთებს და მათ პათოსს იზიარებს.


„როგორც ევროპული რაგბის ხელმძღვანელი სტრუქტურა, Rugby Europe, კონტინენტის მასშტაბით ეწევა თამაშის პოპულარიზაციას, ევროპული სამშვიდობო ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების სულისკვეთების პრინციპებზე დაყრდნობით, ისე, როგორც ეს ოლიმპიურ ქარტიაშია.


რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ორგანიზაციის ღონისძიებები, ტურნირები და მატჩები რაგბი-ევროპის ფარგლებში, რუსეთის ტერიტორიაზე, მომდევნო შეტყობინებამდე. ეს ეხება, ყველა ასაკობრივ და გენდერულ ჯგუფს, ეროვნულ ნაკრებებსა თუ, კლუბებს.


სამომავლო გადაწყვეტილებებს რაგბი ევროპას დირექტორთა საბჭო, World Rugby-სთან შეთანხმების საფუძველზე მიიღებს. ყველა გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდება" , -  ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.


შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისში, რაგბის ევროპის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მატჩი უვადოდ გადაიდო.