თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბიდან წამოვიდა
თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბიდან წამოვიდა
26.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, საქართველოს ანექსიის (1921) დღეს, 25 თებერვალს საკუთარ, ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე უკრაინის დროშა დააყენა და გაუკეთა წარწერა „ვლოცულობ უკრაინისთვის! იყავით ძლიერები"... ერთი დღით ადრე, კლუბს, რომელშიც თორნიკე შენგელია თამაშობს, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი (ცსკა), ევროლიგის მორიგი შეხვედრა მიუნხენში, „ბაიერნის" წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა. სწორედ, ამ თამაშის მიზეზით, თოკოს, ჩდრ. მაკედონიასთან თამაში გაუცდა. თუმცა, მიუნხენის „აუდი დომში" მისულმა რუსულმა გუნდმა ვარჯიშის დროს შეიტყო, რომ ევროლიგამ რუსული გუნდების მონაწილეობით ყველა თამაში გადადო.



კადრებში, რომელსაც რუსული კლუბი ავრცელებს არ ჩანს თორნიკე შენგელია. მოგვიანებით კი, ქართველი კალათბურთელის სოციალურ ქსელებში, ჩნდება უკრაინის დროშა. ამ მომენტამდე შენგელიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მასთან დაახლოებული პირები გვიდასტურებენ, რომ თორნიკე შენგელია, მიუხედავად არსებული კონტრაქტისა, გუნდიდან წამოვიდა. შენგელიას ცსკა-დან წამოვლაზე არ გაუკეთებია კომენტარი არც რუსული გუნდის ოფიციალურ გვერდს.


ამ მომენტისთვის, თოკო, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია, რომელსაც ასევე შეგნებულად არ ვასახელებთ და ველით, კალათბურთელის ოფიციალურ განცხადებას.



უცნობია ისიც, მოახერხებს თუ არა, თორნიკე შენგელია, სკოპიეში ჩასვლას და საქართველოს ნაკრების მატჩში მონაწილეობას. ან უბრალოდ, გუნდთან ერთად, სიმბოლურად ყოფნას.


ცსკა-ს კი, „ბაიერნის" შემდეგ თამაში გადაუდო „ბარსელონამაც", რომელიც 27 თებერვალს, მოსკოვში უნდა გამართულიყო. რუსული კლუბის ოფიციალური გვერდი ამ განცხადებასთან ერთად, მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთების დაბრუნებასაც იწყებს, თუმცა, ისევე, როგორც 4 მარტს გასამართი „რეალის" წინააღმდეგ მატჩისას.


ამასობაში, 25 თებერვალს ევროლიგის კლუბების ონლაინ-თათბირი ჩატარდა, სადაც ტურნირში რუსული კლუბების მონაწილეობა განიხილეს. ამ ეტაპზე ევროლიგის ოფიციალური გვერდი მხოლოდ, გადადებულ თამაშებზე საუბრობს, თუმცა, მათი ჩატარების ახალი თარიღები ჯერ-ჯერობით არ სახელდება.