15 გოლი ეროვნული ლიგის პირველ ტურში
15 გოლი ეროვნული ლიგის პირველ ტურში
27.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2022 წლის გათამაშების პირველი ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ისევე, როგორც ტურის სხვა ოთხ მატჩში, ამჯერადაც, თამაში მიხეილ მესხზე, მონაწილე გუნდების მიერ უკრაინის მხარდამჭერი აქციით დაიწყო - მეხუთე მატჩია, საქართველოს მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები მინდორზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით გამოვიდიან.



„საბურთალო" - „სამგურალი" 2-1 (მატჩის სტატისტიკა)

სეზონის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა კი, მასპინძელი „საბურთალოსთვის" „სამგურალის" წინააღმდეგ, ცოტა მოულოდნელად დაიწყო. როგორ ჩანს, ლევან კორღალიძის გუნდი, სუპერ თასის მატჩის ემოციებიდან ჯერ კიდევ არ არის გამოსული. სხვაგვარად, გოლის, რომელიც 11-ე წუთზე ოთო გოშაძის კარში გავიდა, პირადად ჩვენთვის რთულად ასახსნელია. გოლი კი, თითქმის მოედნის ცენტრიდან დემურ ჩიხლაძემ გაიტანა. „საბურთალომ", ანგარიშის გათანაბრება, მხოლოდ 44-ე წუთზე მოახერხა. პირველი 3 ქულა 83-ე წუთზე კი, თბილისურ გუნდს, „დინამო თბილისიდან" „საბურთალოში" გადასულმა ბაქარ ქარდავას გოლმა მოუტანა.  




„დინამო" ბათუმი - „სიონი" 4-0 (მატჩის სტატისტიკა)

ეროვნული ლიგა კი, ბათუმში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ბათუმის „დინამოსა" და ძლიერთა შორის დაბრუნებული ბოლნისის „სიონის" მატჩით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირვლი წუთებიდან ბათუმელები, როგორც მოსალოდნელი იყო აქტიურობდნენ, გოლი, ირაკლი ბიძინაშვილმა, მხოლოდ, 36-ე წუთზე მოახერხა გაეტანა. სხვათა შორის, ეს იყო ბიძინაშვილის სადებიუტო გოლი, ბათუმის „დინამოს" მაისურით ეროვნულ ჩემპიონატზე. აი მეორე ტაიმში კი, აჭარულმა გუნდმა გაილაღა და ბოლნისელთა კარში, კიდევ სამი გოლი გაიტანა. დუბლი, ვლადიმერ მამუჩაშვილმა (61-ე პენალტითა და 77-ე წუთებზე შეასრულა), ერთი გოლი კი, 72-ე წუთზე ფლამარიონის ანგარიშზეა. ამ მატჩში, ეროვნული ლიგის მეორე შეხვედრა, ამჯერად, ბათუმის „დინამოს" მაისურით ჯანო ანანიძემ, ითამაშა.




„დინამო თბილისი" -  „ტორპედო" 4-0 (მატჩის სტატისტიკა)

ტრადიციულად დაძაბული ქართული დერბის მოლოდინში, 2022 წლის პირველ შეხვედრაზე, „დინამო არენაზე" საკმაოდ მოვიდა გულშემატკივარი. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მათ, „ცალკარა" იხილეს. „ტორპედომ", მხოლოდ შეხვედრის საწყისი 15 წუთი სცადა ებრძოლა, შემდეგ კი, თამაშის მთელი სადავეები, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს დაუთმო. დინამოელებმა კი, ყველა შანსი გამოიყენეს და ტორპედოელთა კარში, 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა.  ზუსტად 2 წუთში, კი ოსეი ბარნსის საგოლე გადაცემის შემდეგ, ოფიციალურ შევხერდებში სადებიუტო გოლი სტანისლავ ბილენკიმ გაიტანა, მატჩის ყველანაირი ინტრიგა მოკვდა. მეორე ტაიმში, თბილისელებმა, კიდევ ორი გოლი გაიტანეს - 65-ე წუთზე ამჯერად, მოისწრაფიშვილის გადაცემით საიმონ ბენიომ გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ანრი მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ, როინ კვასხვაძის კართან, კამარა შეკრა კამარა.


იხილეთ მატჩის სრული ფოტო-ალბომი





„დილა" - „გაგრა" 2-1 (მატჩის სტატისტიკა)

ეროვნული ლიგის პირველი სწრაფი გოლი, „დილასა" და „გაგრას" შეხვედრაში გავიდა. თორნიკე კაპანაძემ მე-8 წუთზე გაიტანა. 27-ე წუთზე, ნიკა გაგნიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა და რეალურად ამ შეხვედრის მოსაგებად, განაცხადი გააკეთა. მეორე ტაიმშიც, თითქმის იგივე განმეორდა, „გორელები" ოდნავ უფრო აქტიურები იყვნენ. თუმცა, ეროვნულ ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა „გაგრამ", გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე მასპინძელთა კარი, მშრალად არ დატოვა. 72-ე წუთზე, გიორგი ბუხაიძემ თავურით ერთი გოლი გაქვითა.




„ლოკომოტივი" - „თელავი" 0-1 (მატჩის სტატისტიკა)

თბილისში, მესხი 2-ზე, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. თბილისის „ლოკომოტივისა" და „თელავის"  შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, მეორე ტაიმის დასაწყისშივე სტუმრებმა გაიტანეს. 47-ე წუთზე სტანდარტულის შემდეგ, „ლოკო" ვერ „დალაგდა", ლაშა კოხრეიძემ კი, მომენტი ზუსტად შეაფასა და ანაგარიში გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში, „ლოკომოტივი" მატჩის გადარჩენას ეცადა, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ვერაფერს გახდა.


***

ამრიგად, განსხვავებით წინა ჩემპიონატებისგან, ეროვნული ლიგის სასტარტო ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. გოლები გავიდა ხუთივე თამაშში. საერთო ჯამში - 15. 2 გოლით ბომბარდირთა დავას კი, მამუჩაშვილი ჩაუდგა სათავეში.


5 შეხვედრიდან, ოთხში მასპინძლებმა იმარჯვეს, ერთში კი სტუმრებმა.


სატურნირო ცხრილი

გათამასების კალენდარი


სტატიაში გამოყენებულია "დინამო" ბათუმის, "საბურთალოს", "გაგრასა" და "ლოკომოტივის" ფოტოები