„კაკტუსი“ საქართველოს თასის ფინალშია
„კაკტუსი“ საქართველოს თასის ფინალშია
21.03.2018
ავტორი:

სეზონის დასაწყისში, საკალათბურთო წრეებში ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ „კაკტუსი", რომლის სათავეშიც არჩილ ჟღენტი დგას 2017-2018 წლების არა თუ საქართველოს სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ კლუბად ჩამოყალიბდებოდა, არამედ, ქვეყნის თასის ფინალურ გათამაშებაშიც მოახერხებდა გასვლას. თუმცა, სასწაულები, რომლებსაც ლოგიკური ახსნაც აქვთ, ხდება. ლოგიკურობაში, სხვა თუ არაფერი თამაშის და გამარჯვების სურვილია. ამის დასტური კი დღეს, რუსთავში, „აზოტის" საკალათბურთო დარბაზში ჩატარებული მატჩი იყო.

„პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს ბიჭებს ფინალში გასვლას. მათ ეს დაიმსახურეს. სეზონის წინ რომ ვინმეს ეთქვა, თასის ფინალში ითამაშებთო, არასერიოზულად ჩავთვლიდით. ასე რომ ეს ყველაფერი ბიჭების დამსახურებაა, მათ იბრძოლეს და მოიპოვეს თასის ფინალში თამაშის უფლება. შევეცდებით ფინალისგან სიამოვნება მივიღოთ და შედეგსაც მივაღწიოთ",- ამბობს შეხვედრის დამთავრების შემდეგ არჩილ ჟღენტი.

კაკტუსელთა მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც ამ დარბაზში, ადგილობრივი გუნდის შემადგენლობაში 7 წელი აქვს ნათამაშები, საკუთარი გუნდის საბრძოლველად განწყობა მატჩის დასაწყისშივე შესძლო. თუმცა, რუსთავი, მეექვსე მოთამაშის აქტიურობითაც ყოველთვის იყო გამორჩეული, რამაზ გოგობერაშვილის შეგირდებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

„ტრავმების გამო ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ვიყავით. რა თქმა უნდა, ვეცადეთ გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ბოლოს შევეცადე, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსი მიმეცა, რაც მათთვის კარგი გამოცდილება იყო. სეზონი გრძელდება, წინ სუპერლიგის მატჩებია და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდებიან ტრავმირებულები და ჩვენი ქომაგის გასახარ თამაშს ვაჩვენებთ" - ამბობს მატჩის შემდეგ რამაზ გოგობერაშვილი.

პირველი მეოთხედი „რუსთავმა" 3 ქულის სხვაობით 24-21 მოიგო, თუმცა მეორეში გოგობერაშვილის შეგირდებს, ტრავმირებულების არყოფნასთან ერთად დაცვაში მომრავლებული შეცდომებიც შემოემატათ, რითაც „კაკტუსმა" კარგად ისარგებლა. ამას, თბილისური კლუბის უკანახაზის მოთამაშეებმაც შეუწყეს ხელი. თუმცა, არც ფარქვეშ უნდა დავუკარგოთ გარჯა გიორგი ტურძილაძეს. ეს მეოთხედი და პირველი ტაიმი „კაკტუსმა" მოიგო 44-53 (20-32). მომდევნო, მე-3 მეოთხედი კი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. შეიძლება ითქვას, 2-3 წუთის განმავლობაში, თბილიელები მათ, პერიმეტრიდან „დაბობმეს" და ანგარიშშიც სოლიდურად შეამცირეს სხვაობა. თუმცა, უსაქმოდ, არც  „კაკტუსის" „სნაიპერები" იყვნენ. დეანდრე პარკსი, რომელიც მატჩის ბოლოს ორივე გუნდში ყველაზე მეტი, 30 ქულის დაგროვებას ახერხებს აბსოლუტურად ცივსიხლიანად მოქმედებს. მას მხარი დავით ლომიძემ და ტერიკ ბრიჯმენმაც აუბეს. თავის წილ სამუშაოს ასრულებდნენ კრისტიან ჯონსონი და ანატოლი ბოისაც. მესამე მეოთხედის მოგებმა, კვლავ „კაკტუსმა" მოახერხა" , მხოლოდ ამჯერად 2 ქულის სხვაობით 26-28. მატჩში კი ამ დროს ანგარიში 70-81 იყო. 11-ქულიანი სხვაობა, არჩილ ჟღენტის ბიჭებს მოგების შანსს უზრდიდა, თუმცა მოდუნების საშუალებას არა, რადგან რუსთაველები დანებებას არ აპირებდნენ. ყოველ შემთხვევაში დასკვნითი, მე-4 მეოთხედის პირველი 5 წუთი. დროის ამ მონაკვეთში, ყველაზე ახლოს, ისინი 7 ქულით მიუახლოვდნენ „კაკტუსს", თუმცა ეს იყო და ეს. „კაკტუსმა" ბოლო მეოთხედი 21-33 მოიგო. საქართველოს თასის ამ ½ ფინალურ მატჩში, კი ტაბლოზე 91-114 დაფიქსირდა სტუართა სასარგებლოდ. სტუმრებმა, შეხვედრა 23-ქულიანი სხვაობით მოიგეს და თასის ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე, „ქუთაისი" იქნება.

იხილიეთ სტატისტიკა

უკვე კვირის ბოლოს, კი გუნდები საქართველოს სუპერლიგის გათამაშებაში ბრუნდებიან.

ჩვენის მხრივ, ერთი გვინდა დაუმატოთ. რუსთავში, სადაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული კალათბურთი არის ერთ-ერთი, თუკი ყველაზე მეტად არა, პოპულარული სახეობა, სადაც დარბაზი ყოველთვის სავსეა ქომაგით, კარგი იქნება, თუკი ერთი ორი ნათურით მეტად გაანათებენ, რადგან ის ლამაზი სათამაშო გარემო, თავის ჩატენვიან-მაყურებლიანად (რასაც ვერ დაიკვეხნი თბილისურ მატჩებში), სხვა თუ არაფერი, ისტორიას დარჩეს. ამას გარდა, არ იქნება ურიგო, თუ შესაბამისი რგოლები, დარბაზში, გულშემატკივრის გადაადგილებას მატჩის მსვლელობის მონენტში შეზღუდავენ და დაარეგულირებენ. ერთი სათამაშო ტაიმი, არ გვგონია ის დროს იყოს, რომ ფარის უკან მდებარე ტრიბუნიდან, ცენტრალურის უკან მდებარე აივანზე გასასვლელად, მაინც და მაინც შუა თამაშში ირბინონ და სათამაშო პარკეტის კუთხე წამდაუწუმ გადაკვეთო. აღარაფერს ვამბობთ, სტუმარი გუნდის უსაფრთხოებაზე, რომელიც ისედაც „ბეწვის ხიდზეა", რადიკალურად დაძაბული თამაშების დროს ამ დარბაზში.