„ლანჩხუთი“ სეზონს მოგებით იწყებს
„ლანჩხუთი“ სეზონს მოგებით იწყებს
28.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში  ქალთა შორის, საქართველოს თასის 2021 წლის გათამაშების გადადებული 1/4  ფინალური შეხვედრა გაიმართა. „ნორჩი დინამოს", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს" დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა.


2022 წელს, ქალთა გათამაშებებში პირველი გოლი, მარიამ რომანჩუკის ანგარიშზეა. „ლანჩხუთის" ყოფილმა ფეხბურთელმა, „ნორჩი დინამოს" მაისურით, სწორედ, ყოფილ გუნდს გაუტანა სადებიუტო გოლი, თანაც შეხვედრის მე-6 წუთზე. სხვათა შორის, ამ დღეს, „ლანჩხუთში" დებიუტი ჰქონდათ ანასტასია ბოლქვაძესა და ეთერ სულაშვილსაც.


ამის შემდგე, ლანჩხუთელებმა, გუნდის „სამაშველო რგოლის", მარიამ კალანდაძის წყალობით, 53-ე წუთზე მოახერხეს ანგარიში გაეთანაბრებინათ. თუმცა, შეხვედრის ძირითად დროში, მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.


შეხვედრა, სათასო დაპირისპირებების ფორმატიდან გამომდინარე (ტარდება ერთ ეტაპად, შესაბამისად, ინიშნება დამატებითი დრო და საჭიროების შემთხვევაში 11-მეტრიანების სერია), დამატებით დროში გაგრძელდა. აქ, სოფო ნარსიას გოლით, 95-ე წუთზე, გურულები დაწინაურდნენ. 111-ე წუთზე კი, თეონა თოდაძემ ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი და ამ შეხვედრაში, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


„ლანჩხუთი", საქართველოს თასის 1/2 ფინალშია და ახლა, ასევე თბილისში, 8 მარტს, „ნიკეს" დაუპირისპირდება.


ამავე დღეს, მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრაში, მეგრული დერბი გაიმართება. ზუგდიდში, ადგილობრივი „ფენიქსი", რომელიც ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელია, ხობის „კოლხეთს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ „კოლხეთმა", ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშებაში, თავი კარგად დაგვამახსოვრა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.


***

„ნორჩი დინამო": სალომე ხაჭაპურიძე, ნინო ჯგუფშია, ჟუჟუნა ხმელიძე, ანა მოზაიძე, ანა პავლიაშვილი, ელენე კახნიაშვილი, მარიამ მოდრეკილაძე (61' ანი კვიცარიძე ) მარიამ რომანჩუკი, ანი მინაძე, ლიკა მანუჩარიშვილი, მარიამ ბასილაძე.

„ლანჩხუთი": თათია გაბუნია, მეგი გოცირიძე (67' ნინო გუჯაბიძე), მარიამ კალანდაძე, სოფო ნარსია, ია ალელიშვილი, მარიამ დანელია, ანასტასია ბოლქვაძე (114' მარიამ კაპანაძე),  ნათია წოწერია (51' თეონა თოდაძე), ირინა ხაბურზანია, ეთერ სულაშვილი, ხატია ჭყონია .

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ელენე ელოშვილი.


ქსკ "ლანჩხუთის" ფოტო