სფფ-მ VTB-ს გენერალურ სპონსორობაზე უარი თქვა
სფფ-მ VTB-ს გენერალურ სპონსორობაზე უარი თქვა
28.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, VTB ბანკთან, რომელიც 2016 წლიდან ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი იყო, თანამშრომლობა გაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ტაიმ-აუტი", სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.

„უპირველესად მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იმ უკრაინულ ოჯახებს, რომლებმაც ამ კონფლიქტის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს. უკრაინაში კონფლიქტის პირველი დღიდან უკრაინისადმი მხარადჭერას მკაფიოდ გამოვხატავთ ფედერაციაც, ფეხბურთელებიც, გუნდებიც, ჩვენი ლეგიონერებიც. მნიშვნელოვანია, კონფლიქტი მალე დამთავრდეს და უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს.


ეს კონფლიქტი ჩვენც შეგვეხო. „ვი-თი-ბი ბანკი" ჩვენი გენერალური სპონსორი იყო. მაგრამ ხუთშაბათიდან დავიწყეთ პროცედურა, რომ ეს კონტრაქტი გაბათილდეს. პირველივე დღიდან ჩვენი გენერალური სპონსორის არც ერთი ბანერი აღარ იყო. მისი ლოგო სტადიონზე მდებარე ბანერებიდანაც ავიღეთ.


ასე რომ, „ვითიბი ბანკი" ჩვენი გენერალური სპონსორი უკვე აღარ არის - ეს პოზიცია ყველა კლუბმა გაიზიარა. მიხარია, რომ კლუბები ამაში გვერდში დაგვიდგნენ და ეს კონსოლიდაცია მახარებს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, ვინ იქნება ჩვენი ახალი გენერალური სპონსორი. იმედია, ეს მალე გაირკვევა", - ამბობს მუჯირი.


სფფ-ში აცხადებენ, რომ ახალი გენერალური სპონსორის მოსაძიებლად, ფედერაციაში მუშოაბენ. სავარაუდოდ უახლოეს ხანში გაირკვევა, ვინ იქნება საფეხბურთო ნაკრებების მთავარი სპონსორი. ამავდროულად, მუჯირის განცხადებით, სფფ-ში იმედოვნებენ, რომ ახალი სპონსორის მოძიება, სანაკრებო პაუზამდე, რომელიც 2022 წლის მარტის მესამე დეკადაში არის დაგეგმილი, მოხერხდეს. რაც შეეხება ფედერაციის გენერალურ სპონსორს, მუჯირი ამბობს, რომ ამას ეროვნული ლიგის თამაშებზე მისული გულშემატკივარი პირველი გაიგებს, ვინაიდან, სარეკლამო ბანერებზე, სადაც აქამდე VTB  იყო მითითებული და ფედერაციამ, ელიგის პირველ ტურშივე (ტური 25-26-27 თებერვალს გაიმართა) ამოიღო ხმარებიდან,  ახალი გენსპონსორის სიმბოლიკით ჩანაცვლდება.