„გენტმა“ ჩაკვეტაძე ერთი მატჩის პირობით გამოუშვა
„გენტმა“ ჩაკვეტაძე ერთი მატჩის პირობით გამოუშვა
22.03.2018
ავტორი: ნინი ვაშაკიძე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლიტვასთან და ესტონეთთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, დღეს ტრადიციულად, სასტუმრო „ჰუალინგში" მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ვაისმა, ქართველ ჟურნალისტებს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი გიორგი ჩაკვეტაძე წარუდგინა.

„პირველად, გიორგის თამაში, მაშინ ვნახე, როდესაც 16 წლის იყო. ორ წელში მან წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. ჩაკვეტაძე მხოლოდ 18 წლისაა და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია. რა თქმა უნდა, მე ის გამოვიძახე იმისთვის, რომ ვათამაშო და დავაკვირდე. გიორგი ნაკრებში ვარჯიშით სიამოვნებას იღებს, იძენს გამოცდილებას. ვფიქრობ, მისი ნიჭი და საფეხბურთო შესაძლებლობები მას დიდ კარიერას უწინასწარმატყველებს. რაც მთავარია, სწორად აზროვნებს. გუშინ, მის მშობლებს ვესაუბრე" - ამბობს ვლადიმირ ვაისი.


ჟურნალისტებთან  ისაუბრა ''გენტის'' ქართველმა ნახევარმცველმაც, რომელიც 24 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით, სადებიუტო შეხვედრას გამართავს და ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იქნება.

„გუნდი ოპტიმალური შემადგენლობითაა შეკრებული. სამწუხაროდ ტრავმის გამო ხოჭოლავა გვაკლია. ვფიქრობ, ორივე თამაში მოსაგებია ლიტვასთან და ესტონეთთან. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და ქართველი გულშემატკივრისთვისაც. მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარ. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ვლადიმირ ვაისს, რომ მენდო" - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ბელგიურმა კლუბმა, სანაკრებოს ფანჯრის დროს კი გამოუშვა, მხოლოდ ერთი თამაშით.  

ვაისისა და ფეხბურთის ქართველი ქომაგების შეფასებით, ყოფილი დინამოელი, გიორგი ჩაკვეტაძე, სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც უეფა-ს ახალი ფორმატის ტურნირებში აუცილებლად თავის სიტყას იტყვის. რაღა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად.


„ერთა ლიგაზე, ჩვენს შანსებთან დაკავშირებით,  ვფიქრობ, რომ ჯგუფში, სადაც საქართველო მოხვდა, გამორჩეული ნაკრები არცერთი არ არის. თამაში, ყველასთან შეგვიძლია და ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე ფავორიტია", - ამბობს ჩაკვეტაძე.

გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ლიტვის ეროვნულ ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში იქნება, მოედანზე 18 ნომრიანი მაისურით გამოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლიტვის  ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, შაბათს, 24 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სტაიონზე ჩატარდება და 19:00 დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია.

მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ