ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ IJF-ის რუსული სლემი გააუქმა, თუმცა...
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ IJF-ის რუსული სლემი გააუქმა, თუმცა...
02.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მორიგი განცხადება გააკეთა. მას შემდეგ რაც, IJF-მა რუსეთის ძიუდოს ფედერაციას სანქციები დააკისრა, უპირველესად კი, პუტინს საპატიო პრეზიდენტის წოდება ჩამოართვა, რუსეთს IJF-ის ტრადიციული ყაზანის გრან სლემის ჩატარების უფლებაც აღარ მისცა. ტურნირი, 2022 წლის 20-22 მაისს უნდა გამართულიყო. ამას გარდა, შეუჩერა ყველა საერთაშორისო ტურნირის ჩატარების უფლებაც, თუმცა...


გამომდინარე იქიდან, რომ სპორტული ღონისძიებები და თავად სპორტი მშვიდობასა და მსოფლიოში სოლიდარობას ემსახურება, ვთვლით, რომ სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობენ, უნდა სპორტსა და სოლიდარობას ემსახურონო, წერს IJF-ის გვერდი და შემდეგ განმარტავს.


გამომდინარე აქედან, რუსეთის მიმართ სანქციების შესახებ, გლობალური მიდგომისა, IJF-მა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო შეჯიბრებზე რუსებს გამოსვლის უფლება მისცეს, მხოლოდ, IJF-ის დროშის, ლოგოტიპისა და ჰიმნის ქვეშ.


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, ამ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნის - სანქციები, კიდევ უფრო მეტად დაძაბავს ვითარებას და უსამართლობის გრძნობას გამოიწვევსო. ამასთან, ძიუდოს მთავარი ორგანო თვლის, რომ ადრეც ყოფილა, როცა კონფლიქტში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლებს, ერთმანეთის წინააღმდეგ უასპარეზიათ. შესაბამისად, იმის გამო, რაც ხდება, ვერც სპორტსმენებს განვსჯითო, ნათქვამია, IJF-ის განცხადებაში.


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, აპირებს ამ გზით, რუსი ძიუდოისტებისთვის „სწორი მიმართულების" მიცემას. ამასთან, მოუწოდებენ, რუს ძიუდოისტებს, ესაუბრონ სხვა ქვეყნებში მოწინააღმდეგეებს, იმოგზაურონ და ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.


მგლის თავს სახარების კითხვა გამახსენდა, თუმცა...


ამასობაში, თბილისი არის პირველი ადგილი, სადაც IJF-ის გრან სლემი ტარდება. ამ მომენტისთვის ტურნირში, რომელიც 25-27 მარტს არის ჩანიშნული, მონაწილეობის განაცხადი უკვე 19 ქვეყანას აქვს გაკეთებული. რუსეთი მათ შორის არ არის, თუმცა, არის ბელარუსი.