სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, სუპერლიგა განახლდა
სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, სუპერლიგა განახლდა
04.03.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

სანაკრებო ფანჯრის შედეგად დაწესებული დასვენების შემდეგ სუპერლიგა განახლდა. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველში ერთმანეთს "მეგა" და "ვერა" შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესოდა წარიმართა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობის შემდეგ საბოლოოდ ვერელთა გამარჯვებით - 89:87 (სტატისტიკა) დასრულდა. 


პირველი პერიოდი "მეგამ" 24:21 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა - 47:38. მესამე პერიოდი ვერელთათვის გარდამტეხი აღმოჩნდა. დავით გასიტაშვილის გუნდმა ათწუთეული 26:11 მოიგო და ბოლო პერიოდს ლიდერის როლში შეხვდა. 


ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ზაკ სელიასის და თაჩ უნრუჰის ლიდერობით "ვერამ" ლიდერობა 10 ქულამდე გაზარდა და მართალია, ბოლო წუთზე "მეგამ" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, საბოლოოდ მაინც ვერას გახდა. გამარჯვებულებს 28 ქულით, 11 მოხსნით და 7 პასით ზაკ სელიასმა ულიდერა. 20 ქულა თაჩ უნრუჰმა მიითვალა, ხოლო ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. "მეგაში" 33 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა. 19 ქულა და 11 მოხსნა დენგი აკუთის ანგარიშზეა.


***


სუპერლიგის ლიდერმა თსუ-მ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მოქმედი ჩემპიონი "რუსთავი" 78:73 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამ მატჩში ლიდერი ერთადერთხელ, შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შეიცვალა. ეს კი ნიშნავს, რომ თსუ მთელი თამაშის მანძილზე აგებდა. მესამე პერიოდში 12 ქულითაც ჩამორჩებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უნივერსიტეტელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვება იზეიმეს.


რუსთაველებმა პირველივე წამებზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მთელი შეხვედრა წინ იყვნენ. თსუ-ს შორი სროლები არ მისდიოდა, ვერც სისწრაფეში აჯობა მეტოქეს და შედეგად ქვემოქართლელთა უპირატესობა აშკარა იყო. პირველი პერიოდი რუსთაველებმა 22:15 მოიგეს, მეორეში კი 22:18 იძალეს და დიდ შესვენებაზე 11 ქულით - 44:33 გალიდერდნენ. მესამე პერიოდში მოედანზე ვითარება არ შეცვლილა. ქვემოქართლელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა, თუმცა თსუ არ გატყდა. უნივერსიტეტელთა მიერ ზედიზედ მოპოვებული ქულების შემდეგ რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ წუთშესვენება აიღო, თუმცა მეტოქე მხოლოდ დროებით შეაჩერა.


ბოლო პერიოდის წინ სტუმრები 6 ქულით იგებდნენ და დაახლოებით ამ სხვაობით მივიდა თამაში ბოლო წუთებამდე. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "რუსთავი" 73:65 ლიდერობდა და გამარჯვება თითქმის განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მჭიდრო პრესინგისა და ზუსტი შორი სროლებისა თუ გარღვევების ხარჯზე თსუ-მ ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა და საბოლოოდ 5 ქულითაც მოიგო. დასკვნითი 3 წუთი უნივერსიტეტელებმა 13:0 მოიგეს და ეს 13 ქულა უნივერსიტეტელთაგან ასე გადანაწილდა: ნიკა დარბაიძე - 5, ლოველ ქაბილი - 5, პაპ დიოპი - 2.


საბოლოოდ მატჩის გმირმა და საუკეთესო მოთამაშე ლოველ ქაბილმა 32 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. რაილ ოუენსის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო ნიკოლოზ დარბაიძემ 11 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. რუსთაველთაგან 21 ქულით ლუვეინ პიპკინსი გამოირჩა. იშმაელ ჰოლისის ანგარიშზე 18 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.


***


"კაკტუსში" ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას აღმავლობა მოჰყვა. ირაკლი ხოშტარიას მისვლის შემდეგ გუნდი თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სუპერლიგაში კი მეორე მატჩი მოიგო და ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა. "კაკტუსმა" დღეს უიმედო აუტსაიდერი "დინამო" დაამარცხა და ერთ დროს ევროპის ჩემპიონთა თასის მომგები გუნდი კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილ დინამოელებს 12 მატჩიდან 11 წაგება აქვთ და დარჩენილ 8 მატჩში დიდი ძალისხმევა მართებთ, სუპერლიგიდან რომ არ გავარდნენ.


"კაკტუსმა" დინამოელებს ხელი პირველსავე ნახევარში მოუთავა, რომელიც 28 ქულით - 55:27 მოუგო. ხოშტარიას გაწვრთნილი მოთამაშეები პერიმეტრიდან უმოწყალოდ ბომბავდნენ დინამოელთა კალათს. "კაკტუსი" არც სწრაფ შეტევებში მოიკოჭლებდა და იმხელა უპირატესობა მოიპოვა, თითქმის მთელმა მატჩმა ინტერესი დაკარგა. "კაკტუსმა" საბოლოოდ დამაჯერებლად - 97:60 (სტატისტიკა) დაამარცხა "დინამო" და სუპერლიგაში დასარჩენ ბრძოლაში იმედი და ფსიქოლოგიურად დადებითი მუხტი მოიპოვა. 


გამარჯვებულთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი. 17 ქულა და 11 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა, ხოლო 16 ქულა ჯორდან ფორბსმა მიითვალა. დინამოში 13 ქულით ბომბარდირი გახდა ანზორ ნადირაძე. 12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზეა.