"ოლიმპი" და "ბათუმი" ლიდერებს წამოეწიენ...
"ოლიმპი" და "ბათუმი" ლიდერებს წამოეწიენ...
05.03.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

გუშინ და დღეს,  სუპელიგის კიდევ 2 მატჩი ჩატარდა. გუშინ ოლიმპიურ სასახლეში გამართული თამაშებიდან ბოლო საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. "ოლიმპმა" დაძაბულ ბრძოლაში - 97:86 (სტატისტიკა) დაამარცხა "ცხუმ-აფხაზეთი" და გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიცია გაიმყარა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა, ხოლო 6-ჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. საბოლოოდ კი იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელმაც გადამწყვეტ პერიოდში უკეთესად ითამაშა და ეს გახლდათ დავით როგავას გაწვრთნილი "ოლიმპი".


გამარჯვების მთავარი ფაქტორი ოლიმპელთა გუნდური და ბოლომდე თამაში გახლდათ. თუმცა შთამბეჭდავი სტატისტიკით გივი ბაქრაძემ საკუთარ როლს ხაზი გაუსვა. ეროვნული ნაკრების წევრმა 20 ქულა და მიმდინარე სუპერლიგისთვის სარეკორდო 15 პასი გაიღო. ბაქრაძეს გვერდში არ ჰყავდა ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელი კახა ჯინჭარაძე, რომელსაც ტრავმა აწუხებს და თამაშს ტრიბუნიდან უყურა. მის არყოფნაში ბაქრაძემ მეპასეობასთან ერთად ბომბარდირული თვისებებიც გამოავლინა და ოლიმპს დიდად დაეხმარა.


შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის ამერიკელ ლეგიონერ მარქილ სმიტსაც - 31 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, თუმც ამისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ ერთი მატჩი წააგო და სუპერლიგის ცხრილში გვარიანად დაქვეითდა. 4 მოგებითა და 8 წაგებით ცხუმელები ბოლოსწინა ადგილს "კაკტუსთან" იყოფენ.


სუპერლიგის ამ ტურის ბოლო შეხვედრა 5 მარტს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ "ქუთაისი" ჩავაიდა.


***

გუშინ თბილისში 4 მატჩით დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ბათუმში დასრულდა. აჭარული გუნდი დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერ "ქუთაისს" შეხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად დიდი სხვაობით დაამარცხა. მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი წაგების მქონე ქუთაისელები ბათუმში უშანსოდ დამარცხდნენ - კოტე ტუღუშის გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ცხრილის შუაში მყოფ ზღვისპირელებს და საბოლოოდ 25 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 98:73 (სტატისტიკა)


მასპინძელთაგან დიდებულად ითამაშა სოსო გოგნაძემ, რომელსაც ეროვნული ნაკრების 2 წევრთან - აკაკი დვალიშვილთან და გიორგი კორსანტიასთან უწევდა პაექრობა. ბათუმელთა ცენტრმა თამაშიდან ნასროლი 11 ბურთიდან 10 ჩააგდო, რასაც 8-დან 6 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 26 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა. შესანიშნავად გაისარჯა ბათუმელთა ახალწვეული კაილ რიდლი - 22 ქულა და 11 მოხსნა. კიდევ ერთმა ახალწვეულმა - დე ანჯელო სტიუარტმა ბათუმელებს 16 ქულა მიაშველა.


"ქუთაისში" საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 17 ქულა მიითვალა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო ადრიან ბოუის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. 9 მოგებითა და 2 მარცხით "ქუთაისი" მე-3 ადგილამდე დაქვეითდა. მის წინ თითო თამაშით მეტის მქონე "ვერა" (9-3) და თსუ-ა (10-2).




სატურნირო ცხრილი