Russia Out! შოტლანდიისა და უკრაინის თამაში კი გადაიდო
Russia Out! შოტლანდიისა და უკრაინის თამაში კი გადაიდო
08.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიფა-მ 28 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უეფა-სთან ერთობლობაში მიიღო, ჩამოეშორებინა რუსული კლუბები და ნაკრებები აღნიშნული საფეხბურთო ორგანიზაციების ეგიდით გამართული ღონისძიებებიდან, მორიგი ნაბიჯი გადადგა. ამჯერად, ფიფა-ს საორგანიზაციო ბიურომ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე, პოლონეთის ნაკრები გამარჯვებულად გამოაცხადოს. თან ისე, რომ B ბადეში 24 მარტის ფლეი-ოფის შეხვედრა არ ითამაშოს და პირდაპირ, ფინალური ეტაპის საგზურისთვის 29 მარტს, შვედეთისა და ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულ გუნდს შეხვდეს. შესაბამისად, რუსეთი ავტომატურად, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა რჩება.


ამავდროულად, გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის მატჩი შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის, რომელიც ასევე,  24 მარტს, გლაზგოში უნდა გამართულიყო. თუ, როდის გაიმართება აღნიშნული შეხვედრა, ფიფა, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. თუმცა, ევროპის საფეხბურთო მართველო ორგანოსთან შეთანხმებულად მოქმედებს. დიდი ალბათობით, აღნიშნული შეხვედრა ივნისში გაიმართება. ამ გუნდებს შორის დაგეგმილი ერთა ლიგის ივნისის სანაკრებო მატჩი პერიოდში. ერთა ლიგის თამაში კი, რამდენიმე თვით გადაიწევს. შესაბამისად, ამ წყვილის შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე, ფინალური საგზურის მოლოდინი, უელსისა და ავსტრიის წყვილში გამარჯვებულს გვარიანად მოუწევს.


მსოფლიოს ჩემპიონატი წელს, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, ყატარში გაიმართება.