რუსულ დაბომბვას 16 წლის სამბისტი, ოჯახის კიდევ 5 წევრთან ერთად ემსხვერპლა
რუსულ დაბომბვას 16 წლის სამბისტი, ოჯახის კიდევ 5 წევრთან ერთად ემსხვერპლა
10.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორშაბათს, რუსების მორიგი საჰაერო შეტევისას, უკრაინულ სუმიზე, სამბოში, 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი არტიომ პრიმენკო შეეწირა. ის, ამ დაბომბვის შემდეგ 21 დაღუპულთა შორის იყო. არტიომთან ერთად, დაბომბვას მისი ოჯახის კიდევ 5 წევრი ემსხვერპლა, მამა - ვიტალი, დედა - ეკატერინა, ბებია და ორი უმცროსი ძმა, ეგორი და კირილი. ბომბები, მათ სახლს დაეცა.



ინფორმაციას, ახალგაზრდა სამბისტის მწვრთნელი, ევგენი ლეონენკო ავრცელებს: „ძალიან დიდი უბედურებაა სამბოს ოჯახისთვის, მისი ნათესავებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. არტიომი, უკრაინაში სამბოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული იყო. ბოლოს, მან ხერსონში გამართულ შეჯიბრზე, 88კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიგო. მან მოახერხა უკრაინის ნაკრებში, რომელმაც ნიდერლანდებში, მსოფლის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს, ადგილი მოეპოვებინა. ის ძალიან იმედისმომცემი სპორტსმენი იყო".




ჰუმანიტარულ დერეფანში, რომელიც სამშაბათს, დილის 9 საათიდან გაიხსნა 5000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. თუმცა, არტიომი და მისი ოჯახი, დერეფნის გახსნამდე 11 საათით ადრე დაბომბვას ემსხვერპლენ.


სამბო, რომელიც დასაბამს 1920-იანი წლებიდან, როგორც რუსული წითელი არმიის, ერთ-ერთ მოსამზადებელ-საწვრთნელ აქტივობად ჩამოყალიბდა, ოკუპანტი სახელწიფოს პრეზიდენტის საყვარელი სპორტია, ძიუდოსთან ერთად. ერთხელ, პუტინის ყოფილმა მწვრთნელმა სიამაყით აღნიშნა, რომ „სამბომ შესაძლოა, დიდებული ათლეტი დაკარგა, თუმცა, უდიდესი პრეზიდენტი იპოვაო". ჩვენის მხრივ კი, ვიტყოდით, რომ ამ „უდიდეს პრეზიდენტ პუტინს", ჯობდა ის, სამბოში, ხალიჩაზე დაგდებული გვენახა, რადგან მაშინ, ამდენ სიბოროტეს ვერ ჩაიდენდა.