40 წუთში გაკეთებული თამაში, რომელიც მოდუნების უფლებას არ გვაძლევს
40 წუთში გაკეთებული თამაში, რომელიც მოდუნების უფლებას არ გვაძლევს
24.03.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 24 მარტს, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" 2018 წლის სანაკრებო სეზონში, პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა, ლიტვის წინააღმდეგ, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შავი ფერის სამკლაურებით ითამაშა.

ალბათ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დღევანდელი მატჩი, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. პირევლი - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 18 ნომრით, სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ. ჩაკვეტაძემ, ეს არ „იკმარა" და ბელგიური „გენტისაგან" დათმობილ ერთ სანაკრებო მატჩში „ორმაგი დუბლიც" შეასრულა და შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში დაწყების პარალეურად, პირველი ტაიმის მიწურულს სადებიუტო გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, ალბათ ის გარემოებაც, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრილი ბევრი ახალგაზრდა დებიუტანტისგან განსხვავებით, ჩაკვეტაძე, პირველ რიგში გუნდისთვის თამაშობდა და მისი ასაკისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმით არ იყო შეპყრობილი.


„პირველივე თამაშში გოლი გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები, რომ მომდევნო მატჩებშიც ასევე ვიყო მოტივირებული და მაღალ დონეზე ვითამაშო. ვფიქრობ, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მომენტების რეალიზაციაც კარგი იყო. მეორე ნახევარში უკვე უფრო ბურთის „დაჭერაზე" ვფიქრობდით, რადგან 4-0 ვიგებდით. სამწუხაროდ, მეორე შეხვედრაზე საქართველოში აღარ ვიქნები. თუმცა, არყოფნის მიზეზი თავიდანვე შეთანხმებული იყო მხარეებს შორის", - ამბობს გიორგი  ჩაკვეტაძემ, რომელიც გამთენიისას უკვე ბელგიაში, საკუთარ კლუბთან იქნება.



ჩაკვეტაძისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ესპანურ „სარაგოსაში" არც თუ ცუდ სეზონს ატარებს. თუმცა, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, 2018 წლის სასტარტო მატჩში, პაპუნაშვილი სათადარიგო სკამზე დატოვა. პირველადი გადაწყვეტილების შეცვლა კი ქართველა მწვრთნელს მას შემდეგ მოუხდა, რაც მე-10 წუთზე ქართველთა მე-10 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან მისი სამედიცინო ოთახში გადაყვანა გახდა საჭირო. TSFF.GE-სთვის ხელთ არსებული ინფორმაციით, ანანიძის ტრავმა სერიოზულია და ის მომდევნო თამაშს, ესტონეთთან გამოტოვებს.  ანანიძის ნაცვლად კი, ვაისმა დღეს, მონდორზე გიორგი პაპუნაშვილი შემოუშვა. დაწყებულ თამაშში ადაპტაციისთვის, რომელშიც უპირატესობას ქართველი ფეხბურთელები უკვე ფლობდნენ, პაპუნაშვილს, მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა და სანაკრებო კარიერაში, გიორგი ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ, პირველი გოლიც გაიტანა.


„ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩაატარა. თამაში იყო სანახაობრივი, გავიდა ბევრი გოლი და მაყურებელს ეს ძალიან ესიამოვნებოდა. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დღეს საკმაოდ ბევრი მოვიდა სტადიონზე და გვერდში დაგვიდგა. ისევე, როგორც გუნდმა, მიმაჩნია, რომ მეც კარგი მატჩი ჩავატარე. გახარებული ვარ, რადგან სანაკრებო კარიერაში სადებიუტო გოლიც გავიტანე. ნაკრებში წარმატებული თამაში, ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემს კლუბში „სარაგოსაში", სადაც ძალიან დიდი შანსი გაგვიჩნდა 11 თამაშით ადრე, ლა ლიგაში გადასვლის. ამიტომ ამ ორივე მიმართულებით, ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო" - ამბობს გიორგი პაპუნაშვილი.

პაპუნაშვილის გოლი, 2018 წლის სეზონშიც პირველი აღმოჩნდა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც დღეს თამაში წაუვიდა. სწრაფმა გოლმა, ქართველთა გუნდს სტიმული მისცა და პირველი გოლიდან 7 წუთში, 23-ე წუთზე უკვე ვენის „რაპიდის" ფეხბურთელმა, გიორგი ქვილითაიამ მოახერხა ლიტველთა კარის აღება.



„გუნდისა და ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ.  ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები ერთ მუშტადაა შეკრული და ამიტომაც მოვახერხეთ გამარჯვება.  ვხედავთ, როგორი გახარებულია გულშემატკივარი. ეს დამატებითი სტიმულია, ამიტომ ესტონეთთანაც ასევე ვითამაშებთ. უნდა გავიმარჯვოთ", - ამბობს გიორგი  ქვილითაია.

კიდევ ერთი გოლი გავიდა ამ შეხვედრაში 7 წუთიანი შუალედით. გიორგი ჩაკვეტაძის მორიგი აქტიურობის შემდეგ, ოთარ კაკაბაძის გადაცემა, ლიტველთა მეკარის საჯარიმო მოედანში კი იყო ოდანვ არაზუსტი, მსაჯმა კი, კიდევ უფრო საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ქვილითაიასთან უხეში თამაშის გამო, ლიტველთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. პენალტი, ზუსტად შეასრულა ვაკო ყაზაიშვილმა.



„დღევანდელი თამაშის ხარისხი ძალიან მაღალი იყო და ალბათ, ორი თავით მაღლა ვიდეგით მეტოქეზე. პირველი ტაიმი ძალიან სასიამოვნო საყურებელი და სათამაშო იყო. ვდომინირებდით, ბურთსაც ფლობდით და ალბათ, ყველა კმაყოფილი დარჩა. მეორე ტაიმში უკვე მატჩი დამთავრებული იყო, 4 გოლი გავიტანეთ, გოლი არ გაგვიშვია, რაც ძალიან კარგია. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც თავი გამოიჩინეს", - ამბობს გურამ კაშია.

ისე, მოხდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თამაში, პირველივე ტაიმში მოიგო. მე-40 წუთზე ეროვნული ნაკრების 18 წლის დებიუტანტის გიორგი ჩაკვეტაძის გოლის წყალობით. „პირველ რიგში სწორად უნდა შევაფასოთ მოვლენები, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ამ შედეგს, ჩვენი მხირდან პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო. რაც წარმოგვედგინა და რაც გვინდოდა ზუსტად ის ვითამაშეთ. ვითამაშეთ ძალიან სწრაფად, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ ჯანო ანანიძის ტრავმის გამო. მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ კიდევ გავიტანეთ ოთხი გოლი, მაგრამ მისი ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ძალიან გვჭირდება"- ამბობს ვლადიმირ ვაისი, რომელიც მეორე ტაიმში ლამის თავადაც ჩაერთო თამაშში. მატჩის დასრულების შემდეგ, კი მოედანზე შეჭრილი ზორბა გულშემატკივრისა და სტუარტების „დაჭერობანაზე" გვარიანადაც იხალისა.



„პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ჩვენი მხრიდან იყო პრესინგი, ბურთის კონტროლი, გამჭოლი პასები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე ტემპში უნდა გავაგრძელოთ და ასეთივე შემართებით უნდა ვითამაშოთ. როდესაც ნაკრებში ჩამოვდივარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო. როდესაც "ბატეში" ვიყავი დუბლებში ვთამაშობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს მოგება, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოვიყალიბოთ. თუმცა, ახლა უკვე უნდა დავივიწყოთ ეს თამაში და მოვემზადოთ ესტონეთთან მატჩისთვის", - ამბობს ვაკო გვილია.



„პირველ რიგში კარგი თამაშის ხარისხზე იყო აქცენტი გაკეთებული და ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში კი, ძალები შევინახეთ ესტონეთისთვის, რადგან 3 დღეა დარჩენილი. ეს კი, ძალიან ცოტა დროა. ამ მატჩისთვის ფიზიკურად მზად უნდა ვიყოთ", - ამბობს ოთო კაკაბაძე.

სწორედ ამ ძალების დაზოგვის გამო, შეხვედრის მეორე ტაიმში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უბრალოდ, ბურთი „გააგორა". ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას და პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიშის 4-0-ის მუხედავად, მეტოქის კართან ქმნიდა სახიფათო მომენტებს. „ჩვენ ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია მაშინ როდესაც სრული პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით ვთამაშობთ. ეს იყო ის ურთიერთგაგება, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ ტაიმს", - ამბობს ვაისი.



გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრები იმ ტაქტიკური მონახაზით თამაშს, რომელიც ლიტვასთან მატჩში შემოგვთავაზეს, ვლადიმირ ვაისი, ამ ეტაპზე არ საუბრობს. „მე მიყვარს 4-3-3-ით თამაში, თუმცა, ეს დამოკიდებულია მოთამაშეებზე. თუკი ყველა ჯანმრთელია, მირჩვნია ამ სქემით ვითამაშოთ, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ყველა ვერ იქნება ჯანმრთელი და მომდევნო თამაშში, არც ყველა ფეხბურთელი მეყოლება. ამიტომ, შევხედავთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ სისტემითვე ვითამაშებ, რადგან ეს არის ყველაზე კარგი, იმ ფეხბურთელების გათვალისწინებით, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან", - ამბობს ვლდაიმირ ვაისი.

შეგახსენებთ, რომ 20 ფეხბურთელიდან, რომელიც დღევანდელი თამაშის წინ, ქართველთა მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში იყო, მომდევნო თამაშზე ესტონეთის წინააღმდეგ, მხოლოდ 18 იქნება.  „მეორე შეხვედრაში სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც მიიღებენ შანსს აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები ესტონეთის წინააღმდეგ. დღევანდელი თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარია რომ ასე სტაბილურად ვითამაშოთ. დღეს ჩვენ გახარებულები ვართ და ხვალიდან ვიწყებთ მზადებას ესტონეთთან შეხვედრისთვის" - ამბობს ვაისი.



საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 27 მარტს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრაზე დასწრება კვლავ თავისუფალია.

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (62' კაშია), კვერკველია, კანკავა (62' კვეკვესკირი), ყაზაიშვილი (83' მერებაშვილი), ანანიძე (11' პაპუნაშვილი), ქვილითაია (73' არაბული), ჩაკვეტაძე (69' აბურჯანია), გვილია, ნავალოვსკი



მასალაზე იმუშავეს ნინი ვაშაკიძემ და თამუნა კაპანაძემ