საქართველოს ქალთა თასის ფინალი ქუთაისში ჩატარდება
საქართველოს ქალთა თასის ფინალი ქუთაისში ჩატარდება
11.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისევე, როგორც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2021 წლის ფინალი, ამავე სეზონის ქალთა თასის გათამაშებაც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. სფფ-ს ინფორმაციით, ქალთა თასის ფინალურ მატჩზე, გულშემატკივრის დასწრება თავისუფალია. შეხვედრა კი, 19 მარტის ნაცვლად, როგორც ეს, ადრე იყო დაგეგმილი, 26 მარტს გაიმართება. მატჩის გადადების მიზეზი, ფინალურ მატჩში მონაწილე გოგონების ასაკობრივ ნაკრებში გამოძახება გახდა.

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში  საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" და ხობის „კოლხეთს" დაუპირისპირდება. შეხვერდა, 14:00 საათზე დაიწყება.


ფინალში გასასვლელად, „ლანჩხუთმა" თბილისში, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, პრინციპულ მეტოქესთან „ნიკესთან" მეორე დამატებით ტაიმში გატანილი ორი გოლის წყალობით, 0-2 გაიმარჯვა.


მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი, ზუგდიდში, მეგრულ დერბიში, რომელშიც ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელმა და ქალთა საფეხბურთო პირველობების დებიუტანტმა „ფენიქსმა", ხობის „კოლხეთს" უმასპინძლა, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით, ამ შეხვედრაში, ხობელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 0-4 მოიგეს. საბოლოოდ, კი, 0-6 გაიმარჯვეს.


საქართველოს ქალთა თასის გათამაშება პირველად, 2019 წელს ჩატარდა და მისი გამარჯვებული „ლანჩხუთი" გახდა. 2020 წელს კოვიდ პანდემიის გამო, თასი არ გათამაშებულა. შესაბამისად, 26 მარტს, „ლანჩხუთი" ან შეინარჩუნებს თასის მფლობელის ტიტულს, ან მას ახალი მფლობელი ეყოლება.