დინამომ 10-მატჩიანი წაგებათა სერია ცხუმ-აფხაზეთთან შეწყვიტა
დინამომ 10-მატჩიანი წაგებათა სერია ცხუმ-აფხაზეთთან შეწყვიტა
12.03.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

"დინამო თბილისმა" ათმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.  სუპერლიგის აუტსაიდერმა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 11 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, უიღბლო სერია დღეს "ცხუმ-აფხაზეთთან" დაასრულა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილმა დინამოელებმა ძალიან მოინდომეს და გუნდური თამაშისა და ბოლომდე ბროლის ხარჯზე მეტოქე 85:83 (სტატისტიკა) დაამარცხეს. 

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად დინამოელები სოლიდურად დაწინაურდნენ. პირველი პერიოდის მიწურულს ტუჯანის გუნდი 29:14 გალიდერდა, თუმცა ცხუმელებმა ვითარების გამოსწორება შეძლეს. პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მეორე ათწუთეულში მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს. მეორე მეოთხედი ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა "ცხუმ-აფხაზეთმა" 27:15 მოიგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა.


აქ თითქოს გარდატეხა მოხდა. 15-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებისა და ლიდერობის მოპოვების შემდეგ, "ცხუმ-აფხაზეთს" თამაში თავისი კარნახით უნდა წარემართა, თუმცა "დინამოს" მოთამაშეებმა ძალები მოიკრიბეს და მეტოქეს ტოლი არ დაუდეს. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ქულა-ქულა თამაშში მოატანა ბოლო წუთმა, რომლის დაწყებამდეც ანგარიში თანაბარი იყო. დინამოელმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა გარღვევა შედეგიანად დაასრულა და ცხუმელებს ბოლო შეტევა და 2-ქულიანი დეფიციტი შერჩათ.


გადამწყვეტ შეტევაში ალექსანდრ პიქოქმა სამქულიანი ორჯერ ააცილა, ლუკა მაზიაშვილმა კი ჩააგდო გამთანაბრებელი ორქულიანი, თუმცა დროში ვერ ჩაეტია - სანამ ბურთს ფარისკენ გაუშვებდა, საფინალო სირენის ხმა გაისმა. გამარჯვებულებს 30 ქულით ბენჯამინ ქოლეჯმა ულიდერა. 19 ქულითა და 13 მოხსნით ჯოშუა ნურსი გამოირჩა. 12 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. "ცხუმ-აფხაზეთში" მონაგარი ორნიშნა რიცხვით მხოლოდ მარქილ სმიტმა გამოსახა, რომელმაც 36 ქულა მიითვალა.


***



საკალათბურთო კლუბი "კაკტუსი", რომელიც პირველ წრეში უშედეგოდ ირჯებოდა და უმეტესწილად ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იყო, სუპერლიგაში ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და "ა" ლიგაში დაქვეითების საფრთხე ამ ეტაპისთვის თავიდან აიცილა. მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია გახდა, "კაკტუსს" სუპერლიგაში თამაში არ წაუგია.


კაკტუსელთა მორიგი მსხვერპლი "ვერა" გახდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ ვერელებს ჩავარდნა აქვთ, რაც მოთამაშეთა ნაკლებობითაა განპირობებული. გუნდს ტრავმირებული ჰყავს ობრი მაკალპინი და დარელ ბრაუნი, ხოლო თაჩ უნრუჰი მაკედონიაში გაემგზავრა და კარიერას იქაურ კლუბში აგრძელებს.


პირველი წრის 10 მატჩიდან ვერელებმა 8 მოიგეს, მეორე წრეში კი 4 შეხვედრიდან უკვე მესამედ წააგეს. დღევანდელ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. "კაკტუსმა" პირველი პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო, მეორედან კი გაილაღა და მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა. მეორე ათწუთეული ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 21:7 მოიგო, დიდი შესვენებისთვის 15 ქულით გალიდერდა და მას შემდეგ პრობლემა აღარ შეჰქმნია.


საბოლოოდ კაკტუსელებმა 92:74 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ. გუნდს 27 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით რევაზ როგავამ ულიდერა. 19 ქულა დერიკ ნიუტონმა, ხოლო 16 - დენზელ ლივინგსტონმა მიითვალეს. "ვერაში" 29 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ზაკ სელიასი. 15 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ვახტანგ ქადარიამ.


***



გადამწყვეტი სროლით "ოლიმპმა" "ტიტები" 89:86 (სტატისტიკა) დაამარცხა. თანაბარ ანგარიშზე კევინ ობერვაიზერმა სამქულიანი რომ ჩააგდო, საფინალო სირენამდე 0.4 წამი რჩებოდა. მართალია, ეს არ გახლდათ სირენის თანხლებით ჩაგდებული, თუმცა არც დარჩენილი დროა საიმისოდ საკმარისი, რომ ჩამორჩენილმა გუნდმა რამე შეცვალოს. "ოლიმპმა" 3 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და მართალია, ცხრილში ვერ დაწინაურდა, თუმცა დაკარგული ქულებით "ვერას" დაეწია.


თავად შეხვედრა საკმაოდ უცნაური სცენარით წარიმართა. გუნდებმა რადიკალურად განსხვავებული მეოთხედები ითამაშეს. მეტნაკლებად თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოვიდა, რომელიც "ოლიმპმა" 24:21 მოიგო, შემდეგ კი ხან ერთი გუნდი დაჯაბნიდა მეორეს, ხანაც პირიქით ხდებოდა.


მეორე ათწუთეული "ტიტების" იყო - 27:15 და დიდი შესვენებისთვის ბესო ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი 48:39 იგებდა. მესამე პერიოდში უკვე "ოლიმპის" ჯერი დადგა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 32:11 გაანადგურა. 9-ქულიანი ჩამორჩენა ოლიმპელებმა ბოლო პერიოდის წინ 12-ქულიან ლიდერობად აქციეს. მაგრამ ახლა "ტიტების" ჯერი დადგა, რომელმაც ჩამორჩენა ნელ-ნელა შეამცირა და ბოლოსწინა წუთზე დაწინაურდა კიდეც. ჯავიონ ოგუნიემის ორქულიანის შემდეგ "ტიტები" 83:82 გალიდერდა და მალევე ისააკ ასრატს ლიდერობის 3 ქულამდე გაზრდა შეეძლო, თუმცა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და 84:82.


დასრულებამდე წუთით ადრე ლუკა კალატოზიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ოლიმპელებმა დაცვაშიც იყოჩაღეს, გივი ბაქრაძემ ოგუნიემის ჩაუჭრა და სწრაფი გარღევვა შედეგიანად დააგვირგვინა - 86:84 დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე. ტიტების კომბინაცია ოლიმპელმა იმორას ეიჯმა ჯარიმით შეაჩერა და ისააკ ასრატმა საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა - 86:86.


"ტიტებს" ბოლო პერიოდში ერთი ჯარიმაც არ ჰქონდა და ოლიმპის შეტევის ჩაშლა პერსონალურებით განიზრახა. "ტიტების" მოთამაშეებმა ორი ჯარიმა აიღეს, რითაც დრო მოიგე და მესამეს აღებაც უნდოდათ, მაგრამ გივი ბაქრაძემ და ლუკა კალატოზიშვილმა სწრაფი პასებით პერიმეტრზე მარტო მყოფი ობერვაიზერი მოძებნეს, რომელმაც ის სამქულიანი ჩააგდო, რომლითაც ამ მატჩის შესახებ თხრობა დავიწყეთ.


ოლიმპელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 20 ქულა იმორას ეიჯმა მიითვალა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. "ტიტებში" 24 ქულითა და 15 მოხსნით ოგუნიემი გამოირჩა. 19-19 ქულა ისააკ ასრატმა და კრისტოფერ პარკერმა მიითვალეს. ლევან ბაბილოძემ თავი 16 ქულას მოუყარა.


ტურის ბოლო მატჩი 13 მარტს რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ "მეგა" ჩავა.