23 ფეხბურთელი 2 ამხანაგურისთვის მზადებას სანიოლის გუნდი 21 მარტიდან იწყებს
23 ფეხბურთელი 2 ამხანაგურისთვის მზადებას სანიოლის გუნდი 21 მარტიდან იწყებს
16.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის პირველ შეკრებას 21 მარტიდან, სარაევოში დაიწყებს, 25 და 29 მარტს კი, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლიმ  მარტის შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა. სფფ-ს სანაკრებო გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში კი, „გარკვეული ცვლილებებიც" დააანონსა.

„ამხანაგური მატჩი საშუალებას გვაძლევს, სიახლეები შემოვიტანოთ და ახალ მოთამაშეებს დავაკვირდეთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ვიდრე შედეგი. ნოემბერთან შედარებით გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება იქნება. ეს არ არის ჩემი სურვილი, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება მიწევს. ფეხბურთელები ზოგჯერ არ იმყოფებიან კარგ ფორმაში. გამოძახებული მოთამაშეები მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან ამ ორი მატჩისთვის, რომელიც ჩვენ ივნისის შეხვედრებისთვის მომზადების საშუალებას მოგვცემს", - ამბობს ვილი სანიოლი.




სფფ-ს ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრებს, ამხანაგურ მატჩებში ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე ოჯახური მიზეზების (მაგალითად დავით ხოჭოლავა) გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ცნობილია, რომ ნაკრებთან ერთად იქნებიან, ხვიჩა კვარაცხელია და ზუკა დავითაშვილი, რომლებიც პირადად ჩვენ, იმედს ვიტობებთ, რომ ალბანეთიდან, მინიმუმ თბილისში დაბრუნდებიან. ხანმოკლე შესვენების შემდეგ, სანიოლიმ დავით კობოურსა და ბუდუ ზივზივაძეს კვლავ დაუძახა. აი, 20 წლის ანრი მექვაბიშვილისთვის კი, მარტის შეკრება სადებიუტო იქნება.


„ჩვენ მას უკვე 12 თვეა თვალს ვადევნებთ. ის სტაბილურად თამაშობს თბილისის „დინამოში". ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ლოგიკური იყო ახალი ფეხბურთელების გამოძახება. მან დაიმსახურა თავისი შესაძლებლობების დამტკიცების ეს შანსი. ის თავდაჯერებით უნდა შემოგვიერთდეს და ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორიცაა კვეკვესკირი, გვილია და აბურჯანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლო მომავალში ერთ-ერთი ის მოთამაშე იქნება, რომელიც ნაკრებს დაეხმარება", - ამბობს სანიოილი.


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 25 მარტს, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ოთხი დღის შემდეგ,  29 მარტს კი, ჩვენი გუნდი უკვე ქალაქ ტირანაში, ალბანეთს შეხვდება.




„ჩვენ ორივე მატჩს სტუმრად ვატარებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან. გასულ შემოდგომაზე ჩვენ ვნახეთ, რომ სტუმრად თამაში კარგად შეგვიძლია. გუნდში შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა. ჩემი ამოცანაა, გუნდში ეს დინამიკა მარტიდან ივნისამდე შევინარჩუნო. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშემ უკვე იცის, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოედანზე. ეს პირველ რიგში დისციპლინაა. ბოლო რამდენიმე მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი დისციპლინა გამოავლინა და იმედია ეს მომავალშიც ასე იქნება. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას. წელს ჩვენ წარმატებით გვსურს ერთა ლიგაზე გამოსვლა, ამისთვის კი მომზადებაა საჭირო. არ არის საკმარისი, ივნისში შეკრებაზე გამოვცხადდეთ და ვთქვათ - მოდი, დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ. ასე არაფერი გამოვა. საჭიროა მომზადება და მარტის თამაშები სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი", - ამბობს სანიოლი.


როგორც უკვე გითხარით, ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. გამოძახებულთა შორის არიან:


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)


მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), დავით კობოური (კარვინა, ჩეხეთი)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)