ევროპის ზამთრის 2022 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოს 6 წარმომადგენელი იასპარეზებს
ევროპის ზამთრის 2022 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოს 6 წარმომადგენელი იასპარეზებს
18.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სპორტის სამ სახეობაში, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურები, ექვსი ქართველი სპორტსმენი 20-25 მარტის ჩათვლით, ფინურ ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენები თამაშებში 22 მარტიდან ჩაებმებიან და პირველი, ძალებს სამთო მოთხილამურეები სცდიან - ირაკლი არღვლიანი, ლუკა ბუჩუკური, მიხეილ ჩართოლანი. სლალომში სტარტი, თბილისის დროით, 12:00-დან მიცემა.


ქართული გუნდისთვის, ყველაზე დატვირთული 23 მარტი იქნება. ამ დღეს, ქართველი სამთო მოთხილამურეების გარდა, რომლებიც ძალებს, პარალელურ სლალომის საკვალიფიკაციო შეჯიბრშიც სცდიან (დასაწყისი 16:00), ასპარეზობას ტრამპლინიდან მხტომელი ალან გობოზოვიც სცდის (ჩვენი სპორტსმენი ასპარეზობას, 18:30 საათიდან დაიწყებს). პარალელურად დაიწყებს ასპარეზობას, ქალთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ჩვენი ფიგურული მოციგურავე ანა დეა გულბიანი-შმიდტი, რომელიც მოკლე პროგრამით წარსდგება.


24 მარტს, თბილისის დროით 12:00, ოლიმპიურ ფესტივალში ჩაერთვება ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ალან გობოზოვის და, ესმერალდა გობოზოვა, ტრამპლინიდან ხტომაში მიიღებს მონაწილეობას. ამავე დღეს, 17:45 წუთიდან, ანა დეა გულბიანი-შმიდტი, უკვე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.


იმ შემთხვევაში, თუკი, ქართველ სამთო მოთხილამურეთა სამეული, 23 მარტს, პარალელურ სლალომში, კვალიფიკაციას დაძლევს, 25 მარტს, მათ ფინალურ ეტაპზე მოუწევთ ასპარეზობა (12:00), ამავე დღეს, პარალელურად, გაიმართება შეჯიბრი ტრამპლინიდან ხტომაში, შერეულ წყვილებს შორის, სადაც, მედლებისთვის, ალანი და ესმერალდა იასპარეზებენ.


საერთო ჯამში, მედლების კომპლექტები, სპორტის 9 სახეობაში გათამაშდება. თამაშები კი, ოფიციალურად, 20 მარტს, თბილისის დროით, 22:00 საათზე გაიხსნება.


ფინეთში გამგზავრებამდე, ქართულ დელეგაციას (გარდა მოციგურავეებისა) დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში უმასპინძლეს. ოლიმპიურ დელეგაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.


***

ქართული დელეგაციის შემადგენლობა:

1. ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა, სპორტსმენი)

2. ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა, სპორტსმენი)

3. ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა, სპორტსმენი)

4. ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურობა, სპორტსმენი)

5. ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა, სპორტსმენი)

6. მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურობა, სპორტსმენი)

7. გიორგი ესაკია ( სეოკ-ის სპორტული დირექტორი, მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში)

8. ემზარ ზენაიშვილი (სეოკ-ის გენერალური მდივანი)

9. მამუკა ხაბარელი (სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი)

10. რუსუდან აფციაური ( სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციული პერსონალი)

11. რაიმო რეინსალუ (ფიგურული ციგურაობა, მწვრთნელი)

12. იბრაგიმ გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა, მწვრთნელი)

13. გიორგი ბროკიშვილი (სამთო თხილამურობა, მწვრთნელი)

14. ნინო ნინუა (სამთო თხილამურობა, მწვრთნელი)



სეოკ-ის ფოტო