ახალდაბაში გოგონათა ასაკობრივი გუნდი შეიქმნა
ახალდაბაში გოგონათა ასაკობრივი გუნდი შეიქმნა
25.03.2018
ავტორი:

ვარიანის თემში, ვაჟთა საფეხბურთო სკოლის შემდეგ, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და სადაც ორ ასაკობრივ ჯგუფში 40-მდე ფეხბურთელია გაერთიანებული, ამიერიდან, გოგონების გუნდიც დაემატება. ვარიანელი ფეხბურთელების მოსანახულებლად და მათთვის საჭირო სპორტული ინვენტარის გადასაცემად ახალდაბაში დიდი სტუმრიანობა იყო.

ახალდაბის საჯარო სკოლაში, „ფონდ არველძის" დამფუძნებლები, რეზი და აჩი არველაძეები, აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია, ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და საფეხბურთო თერაპიის კოორდინატორი მერაბ თევზაძე ჩავიდნენ. საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეხვდნენ. ასევე, ფორმები, ბურთები და საფეხბურთო ინვენტარი, საჩუქრად გადასცეს სოფელების ახალდაბისა და  ვარიანის გოგონათა და  ვაჟთა საფეხბურთო გუნდებს. პატარა ფეხბურთელებთან შეხვედრა გამართეს ფსიქოლოგებმაც ანა ჟღენტმა და თინათინ ჯავახიშვილმა.

მომავალი ერთი წლის მანძილზე, 8-დან 15 წლამდე ასაკის გოგონების გუნდს, ვარჯიში კვირაში სამჯერ, კვალიფიციური მწვრთნელების ხელმძღვანელობით ჩაუტარდება. ახალდაბის გოგონათა გუნდს გიორგი მურადაშვილი და გიორგი ქავთარაძე გაწვრთნიან.ახალდაბის გოგონათა საფეხბურთო გუნდი, პროექტის ფარგლებში 27-ე სკოლაა, რომელიც მოზარდებს, ვარჯიშისა და ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას, უსასყიდლოდ აძლევს.

პროექტის  „საფეხბურთო თერაპია" 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. სწორედ მის  ფარგლებში "ფონდ არველაძის", ავსტრიის სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის თანამშრომლობით, ვარიანის თემის სოფელ ახალდაბაში, გოგონების საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა.


ფოტო: „ფონდი არველაძის"