დღეს, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა
დღეს, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა
20.03.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი თსუ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "ბათუმთან" დამარცხდა - 71:82 (სტატისტიკა). მარცხის მიუხედავად ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს პირველობა არ დაუთმიათ. თსუ ურთიერთშეხვედრებში ჯობნის კონკურენტ "ქუთაისს", რომელმაც ამ ტურის შეხვედრა "მეგას" რომც მოუგოს, ცხრილში პირველ ადგილზე ვერ გადავა.


თსუ-სა და "ბათუმის"დღევანდელი შეხვედრა სცენარით ძალიან ჰგავდა ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებას. 2020 წლის 18 ნოემბერს გამართულ მატჩს თსუ პირველი პერიოდის შემდეგ 20 ქულით აგებდა და ეს ჩამორჩენა მესამე პერიოდში მთლიანად გააბათილა. დღეს ბათუმელებმა პირველი ნახევარი 21 ქულით მოიგეს და დიდი შესვენების შემდეგ ისევ თსუ-ს ჯერი დადგა. 


მართალია, საბოლოოდ თსუ-მ ვერ მოახერხა გამარჯვება, თუმცა ამის რეალური შანსი ჰქონდა. უნივერსიტეტელებმა მესამე პერიოდში დიდებულად ითამაშეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. წუთშესვენებითა და შემადგენლობის როტაციით ბათუმელებმა მოახერხეს უნივერსიტეტელთა სპურტის შეჩერება და გადამწყვეტი პერიოდის წინ 9 ქულით გალიდერდნენ, თუმცა მალევე მათი ლიდერობიდან მინიმალური - 1 ქულა დარჩა.


ეს მოხდა მეოთხე პერიოდის დაწყებიდან წუთნახევარში, როცა ლოველ ქაბილმა სამივე საჯარიმო ჩააგდო და თსუ "ბათუმს" 61:62 მიუახლოვდა. ზღვისპირელები წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა ბუბა ბერიშვილის წუთშესვენებამ და შეცვლილმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო. თამაშის სადავეები უკანა ხაზში ამერიკელმა ლეგიონერმა - კაილი რიდლიმ გადაიბარა, რომელმაც შეტევებს კარგი ორგანიზება გაუკეთა, ბექა ბექაურმა და რევაზ ჩაჩანიძემ სამქულიანები ჩააგდეს, რითაც აჭარულმა გუნდმა ლიდერობა გაიმყარა.


საბოლოოდ თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ბათუმელებმა სუპერლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევდნენ.


***



სუპერლიგის დებიუტანტმა "მეგამ" ერთ-ერთი ლიდერი "ქუთაისი" დაამარცხა და იმ გუნდების ჭიდილში, რომლებსაც სუპერლიგაში ჯერ ადგილის განაღდება და შემდეგ პლეი ოფში მაქსიმუმის მიღწევა სურთ, დაწინაურდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის  გაწვრთნილმა გუნდმა მეტად საჭირო გამარჯვება მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტთან მოიპოვა.


ქუთაისელებმა მიმდინარე გათამაშება უძლიერესად დაიწყეს და 7 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობდნენ. შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილ რიონისპირელებს ჩავარდნა დაეწყოთ და მომდევნო 6 მატჩიდან 4 წააგეს. დღევანდელ მატჩში ქუთაისელები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ, თუმცა მეგას მოთამაშეებმა ღირსეულად იბრძოლეს, რითაც გამარჯვება დაიმსახურეს.


პირველი პერიოდი "მეგამ" 27:16 მოიგო. დიდი შესვენებამდე ლიდერობას კიდე 2 ქულა წაამატა და გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა. ქუთაისელებმა მესამეში ვერა და ბოლო პერიოდში მოახერხეს თამაშის გამოსწორება, თუმცა უკვე გვიან იყო. "მეგა" 15 ქულას იგებდა და თამაშის გადასარჩენად ქუთაისელებს არც დრო ჰქონდათ და არც რესურსი.


საბოლოოდ მეგამ 95:87 (სტატისტიკა) იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 გამარჯვება (8 წაგების წილ) მოიპოვა. მეგაში 31 ქულით საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი. დენგი აკუთიმ 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა. ტაილერ კორბინის ანგარიშზე 13 ქულა და 7 პასი დაგროვდა. "ქუთაისში" 26 ქულით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. ადრიან ბოუიმ შეხვედრა 14 ქულითა და 8 პასით დაასრულა.


***




4-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა "ცხუმ-აფხაზეთმა", რომელმაც სუპერლიგის მორიგ ტურში "ვერა" დაამარცხა. თავის მხრივ, ვერელებმა ზედიზედ მე-3 მარცხი იწვნიეს, რაც ამ გუნდის პირველი წრის ბრწყინვალე შედეგი (8 მოგება, 2 წაგება) გვარიანად გააუარესა და დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდიც ცხრილში პოზიციებს თმობს.


ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილ "ცხუმ-აფხაზეთს" გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ცხუმელებს მხოლოდ ღრმა აუტსაიდერ "დინამოზე" მეტი მოგება ჰქონდათ და ცხრილშიც ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ. დამარცხების შემთხვევაში "ცხუმ-აფხაზეთი" კიდევ უფრო გაიუარესებდა მდგომარეობას, რაც გუნდის წევრებმა არ დაუშვეს.


პირველი ათწუთეული ცხუმელებმა 2 ქულით მოიგეს, თუმცა მეორეში ლიდერობა გუნდური თამაშის წყალობით გაიმყარეს და დიდ შესვენებაზე უკვე 11 ქულით - 46:35 იგებდნენ. შესანიშნავად თამაშობდა ნოდარ გოგოძე, რომელმაც შორი სროლებიც ჩააგდო და სწრაფი გარღვევებიც შედეგიანად განახორციელა. მისი შედეგიანობის წყალობით "ცხუმ-აფხაზეთს" არ უჭირდა და თუ არ ჩავთვლით მესამე პერიოდის მცირე მონაკვეთს, ძიძიგურის გუნდის გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.


კარგად დაწყებული საქმე ცხუმელებმა გამარჯვებამდე მიიყვანეს - 85:72 (სტატისტიკა). სუპელრიგაში მე-5 გამარჯვებამ გუნდს ცხრილში მე-8 ადგილი მოუტანა, თუმცა კონკურენტ "კაკტუსსა" და "ტიტებს" სათვალავში თითო ქულითა და მატჩით ნაკლები აქვს. ცხუმელებს გოგოძემ 26 ქულით ულიდერა. 22 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ალექსანდრ ფიკოკმა მიითვალა, ჯაი უილიამსმა შეხვედრა 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. "ვერაში" 24 ქულითა და 11 მოხსნით ზაკ სელიასი გამოირჩა, ობრი მაკალპინის ანგარიშზე კი 25 ქულა დაგროვდა.


ტურის ბოლო 2 შეხვედრა 21 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:


ტიტები - დინამო 14:00
კაკტუსი - რუსთავი 16:15


სატურნირო ცხრილი