ნინო სუთიძე თურქეთის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა
ნინო სუთიძე თურქეთის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა
25.03.2018
ავტორი:

საქართველოს  2017 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ქვეყნის ქალთა ეროვნული ნაკრებისა და თურქული „ატაშეჰირ ბელედიესპორის" ცენტრალური მცველი ნინო სუთიძე, თურქეთის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა. სტამბულელებმა საჩემპიონო მატჩში, გუშინ 24 მარტს, „ილქადიმ ბელედიესი იაბანჯილარ ფაზარი სპორი" დიდი ანგარიშით 9-0 დაამარცხეს და ჩემპიონობა გაინაღდეს.

„თურქეთის ჩემპიონები გათამაშების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე გავხდით. სასუხარულოა, როდესაც 2 თამაში გვაქვს დარჩენილი სათამაშო და ჩვენ, სხვა გუნდებთან ქულების დიდი სხვაობის ხარჯზე უკვე ჩემპიონები ვართ.  უახლოეს მდევარს, ჩვენ 7 ქულით ვუსწრებთ", - ამბობს ნინო სუთიძე.

ქართველი ქალი ფეხბურთელი სტამბულის „ატაშეჰირ ბელედიესპორში" თამაშობს. გათამაშებაში, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს, ნინოს გუნდი, სატურნირო ცხრილის მთელი ჩემპიონატის მანძილზე პირველ ადგილზე იყო.

„დავრჩები თუ არა ახალი სეზონიდან სტამბულის „ატაშეჰირ ბელედიესპორში" ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერი ვარ მიღწეული წარმატებით", - ამბობს ნინო სუთიძე.

სტამბულის „ატაშეჰირ ბელედიესპორამდე" ნინო სუთიძე  თამაშობდა ბელორუსის ეროვნულ ჩემპიონატზე. თუმცა, ძირითადად, წლებია, თურქეთის ქალთა სხვადადსვხა კლუბში ასპარეზობდა. სწორედ, ერთ-ერთ თურქულ კლუბთან „კონაკ ბელედიესპორთან" ერთად, ნინო სუთიძე, 2013 წელს, უკვე იყო თურქეთის ჩემპიონი და მონაწილეობდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. მისი გუნდი, 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა და გათამაშების 1/8 ფინალში იასპარეზა.