
დღეიდან, 6 ქართველი სპორტსმენი, ოფიციალურად, ვუოკატიში მიმდინარე ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ჩაერთო. პირველი სახეობა, რომელშიც ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა სამთო თხილამურებია. თუმცა, ჩვენი სამივე წარმომადგენელი, მიხეილ ჩართოლანი (2004), ირაკლი არღვლიანი (2003) და ლუკა ბუჩუკური (2004) ასპარეზობას სტარტზევე გამოეთიშნენ. სლალომში, მათ პირველი ცდისას ტრასის დასრულება ვერ მოახერხეს. სტარტზე სულ 84 სპორტსმენი გამოვიდა. 
ახლა, სამთო მოთხილამურეთა ამ სამეულს, ხვალ, 23 მარტს, პარალელურ სლალომში ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთვევაში, რომელიც თბილისის დროით 16:00 დაიწყება, ჩვენები, მედლებისთვის ბრძოლაში 25 მარტს ჩაერთვებიან.
თუმცა, ხვალ ქართული გუნდისთვის საკმაოდ დატვირთული დღეა - ასპარეზობას ტრამპლინიდან მხტომელი ალან გობოზოვი დაიწყებს. შეჯიბრს სტარტი თბილისის დროით 18:30 მიეცემა. პარალელურად დაიწყებს ასპარეზობას, ქალთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ჩვენი ფიგურული მოციგურავე ანა დეა გულბიანი-შმიდტი, რომელიც მოკლე პროგრამით წარსდგება.
ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ფინეთის სამთო ქალაქ ვუოკატიში ტარდება 44 ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მედლები კი, 9 სახეობაში, საერთო ჯამში 42 კომპლექტი გათამაშებდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფესტივალი, მონაწილეობის უფლება, 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს აქვთ. ტურნირის ისტორიაში, პირველად, სწორედ ვუოკატიში, გოგონები და ვაჟები, სპორტის ყველა სახეობაში არიან წარმოდგენილები.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1995 წლიდან მონაწილეობს. 1997 წელს, ვახტანგ მურვანიძე, 2017 წელს კი, ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ფესტივალის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ ვუოკატიში საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურები) 6 სპორტსმენით იასპარეზებს:
ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა)
ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა)
ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა)
ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურები)
ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურები)
მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურები)
სეოკ-ის ფოტო
თემაზე - ევროპის ზამთრის 2022 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოს 6 წარმომადგენელი იასპარეზებს





ჩვენ








