„დინამომ“ მოიგო, გათამაშებას კი „ქუთაისი“ლიდერობს
„დინამომ“ მოიგო, გათამაშებას კი „ქუთაისი“ლიდერობს
25.03.2018
ავტორი:

აბათ-კვირას თბილისსა და ბათუმში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ბოლო შეხვედრა, ბათუმში ჩატარდა, სადაც უაღრესად დაძაბულ ოთხაბრშოლაში თბილისის „დინამომ" 3-ულიანი სხვაობით, ანგარიშით 80-83  ადგილობრივი გუნდი „ბათუმი" დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მატჩის განმავლობაში საერთო ანგარიშში წინ იყვნენ.  თუმცა, ოთხიდან, მხოლოდ 3 მეოთხედის მოგება შესძლეს. 15-19 / 21-27/ 26-18 / 18-19 ასეთი შედეგი დაფიქსირდა პერიოდების მიხედვით და როგორც ხედავთ, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონისთვის, რომელსაც მიმდინარე პირველობაზე, ყველა ქულისთვის სერიოზული ბრძოლა სჭირდება, ამ შეხვედრაშიც გარდამტეხი მომენტი მე-3 მეოთხედის მიწურულს დადგა. დასკვნითი მეოთხედის წინ, ბათუმელებმა პერიოდის მოგება მოახერხეს და საერთო ჯამში, პირველი ტაიმის შემდეგ 10-ქულიანი სხვაობა მინიმუმამდე, 2 ქულამდე დაიყვანეს 62-64.



ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი დინამოელთა კაპიტანი ილია ლონდარიძე იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა დაგროვდა  (იხილეთ სრული სტატისტიკა). ლონდარიძემ, TSFF.GE-სთან საუბარში კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბათუმში, გუნდმა იბრძოლა და ითამაშა გუნდურად, შეთანხმებულად.

ახლა, „დინამო" 40 ქულით, სატურნირო ცხრილში 2-3 ადგილებს იყოფს „რუსთავთან" ერთად.

შაბათს, 24 მარტს კი, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ გათამაშების 3 მატჩს უმასპინძლა. გთავაზობთ, ამ მატჩების შესახებ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ მიმოხილვას და აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს სუპერლიგის გათამაშებას ფლეი-ოფებამდე სათავეში, 42 ქულით კვლავ „ქუთაისი" უდგას. სუპერლიგის ამ ეტაპის ბოლო თამაშები 29 აპრილს გაიმართება.


მარნეული დელტა" - ქუთაისი" 81-89

ქვემოქართლურმა გუნდმა წინა ტურში "დინამო თბილისი" დაამარცხა და ზოგადად, ამ გუნდს ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია. მარნეულელები ქუთაისელებსაც უგებდნენ, ერთხანს 10 ქულითაც, მაგრამ ლიდერობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და ბრძოლაში დამარცხდნენ.

პირველი პერიოდის შემდეგ "მარნეული" 5 ქულით აგებდა, თუმცა მეორე მეოთხედი მახვილგონივრულად ჩაატარა და ათწუთეულის 26-14 მოგების შემდეგ, დიდი შესვენებისთვის 7 ქულით დაწინაურდა. თამაშის განახლების შემდეგ, ქვემოქართლელები მალევე 10 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ სუპერლიგის ლიდერი მალევე გამოერკვა, სწორი გადაადგილებები გააკეთა და მესამე მეოთხედშივე ვითარება გამოასწორა. აღნიშნული პერიოდი სტუმრებმა 26-17 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 61-59 დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. მარნეულელებმა ვეღარ მოახერხეს მწყობრად მოთამაშე ქუთაისელების გატეხვა და საბოლოოდ, 81-89 დამარცხდნენ. "ქუთაისს" 20 ქულით და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 19 ქულა და 6 პასი ჯონათან ლიმ მოაგროვა. 15 ქულა დაგროვდა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე. "მარნეულში" 21 ქულით საუკეთესო გახლდათ საბა ლობჯანიძე. 12-12 ქულა ლევან ფაცაციამ და დეანდრე რეიმ მოაგროვეს.




მატჩისშემდგომი კომენტარები:

თემურ კანკია, მარნეულის „დელტას" მთავარი მწვრთნელი: „მოგეხსენებათ, მაღალი მოთამაშეები არ გვყავს, რის გამოც ჩვენი შანსები მცირდება. დღეს პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, დაცვითი ფუნქციები კარგად შევასრულეთ და საკმაოდ რეალური შანსი გვქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში დაგვჯაბნა მეტოქემ და შედეგიც სახეზეა. ვულოცავ „ქუთაისს" გამარჯვებას."

კოტე ტუღუში, „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი: „როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული თამაში გვქონდა. „მარნეულმა" განვლილ ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა, შეიძლება ითქვას, ფავორიტებთან. აქედან გამომდინარე, მძიმე თამაშს ველოდით, რაც გამართლდა კიდეც. პირველ ტაიმში ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა „მარნეულმა". გარდა ამისა, იცით, რომ დანაკლისი გვქონდა და ამის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს გავიმარჯვეთ."

მატჩის სტატისტიკა


მგზავრები" - კაკტუსი" 91-77

სუპერლიგის მორიგ მატჩში "მგზავრებმა" "კაკტუსს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთა სამეულში არ არიან, ორივე გუნდი გასულ მატჩებში წარმატებით ასპარეზობდა. "მგზავრებმა" წინა მატჩებში "ქუთაისი" და "რუსთავი" დაამარცხა, "კაკტუსმა" კი "რუსთავს", "სოხუმს" და "ქუთაისს" მოუგო. ამავდროულად, ცხრილში ამ გუნდებს შორის სოლიდური სხვაობა გახლდათ კაკტუსელთა სასარგებლოდ, რომლებიც "მგზავრებს" მთელი 5 მოგებით უსწრებდნენ.

ამის მიუხედავად, შეხვედრა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი "მგზავრების" დამაჯერებელი გამარჯვებით - 91-77 დასრულდა. "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელის, არჩილ ჟღენტის მატჩისშემდგომი კომენტარის თანახმად, მისი გუნდი ამ მატჩს ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი შეხვდა. მოგეხსენებათ, კაკტუსელები 2 დღის წინ რუსთავში მოპოვებული გამარჯვების შედეგად თასის გათამაშების ფინალში გავიდნენ და მათი მწვრთნელის თქმით, "მგზავრებთან" სათამაშოდ მისი გუნდის წევრები თავდაჯერებულები გავიდნენ.

"მგზავრებს" ტრავმების გამო ძირითადი ცენტრი - ბერნარდ ნკალი და სათადარიგო ფორვარდი რატი ნუცუბიძე აკლდა, თუმცა ვინც მოედანზე იყო, ყველამ მაქსიმუმი გაიღო და დამსახურებულად გაიმარჯვა. შეხვედრის მსვლელობისას ძირითადად "მგზავრები" ლიდერობდნენ, მაგრამ მათი უპირატესობა ისეთი არ ყოფილა, რომ "კაკტუსს" იმედი დაეკრგა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბერიშვილის გუნდმა ეს ლიდერობა ბოლომდე იოლად შეინარჩუნა.




გამარჯვებულებს ადრიან ბოუიმ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. 25 ქულით ბომბარდირი გახდა ტეილორ სტეფორდი, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილმა 14 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. "კაკტუსში" 22 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი, ხოლო გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ნიკოლოზ ცინცაძე, „მგზავრების" მწვრთნელი: „ზედიზედ მესამე გამარჯვება მოვიპოვეთ და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასეთ კარგ გზაზე ვართ. პლეი-ოფამდე ბოლო წრე იწყება და იმედია, გაგვყვება ეს წარმატებული სვლა."

არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი: „თასის ფინალში გასვლის შემდეგ, ბიჭებს თავდაჯერებულობა შეემატათ და მოდუნდნენ. ვაფრთხილებდი მათ ამ შედეგის შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, წაგებას ჩემს თავზე ვიღებ."

 მატჩის სტატისტიკა

 

ოლიმპი" - რუსთავი" 80-83

სუპერლიგის დღევნდელი მატჩები "ოლიმპისა" და "რუსთავის" საინტერესო შეხვედრით დასრულდა. ჩემპიონტის ერთ-ერთი ლიდერი საკმაოდ ამბიციურ "ოლიმპს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში - 83-80 დაამარცხა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, რომლებმაც პირველი პერიოდი 21-11 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან მოედანზე ვითარება სტუმართა სასარგებლოდ შეიცვალა, რომლებმაც საიმედო დაცვის ხარჯზე ოლიმპელებს შეტევები შეუზღუდეს და ამის ხარჯზე მეორე მეოთხედი 3 ქულის სხვაობით - 28-25 მოიგეს.

დიდი შესვენებიდან რუსთაველები კიდევ უფრო მოტივირებულები დაბრუნდნენ და სწრაფი შეტევებისა და ზუსტი შორი სროლებით ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი წინაც გაიჭრნენ. გამოსარჩევია ადამ ბლეიზეკისა და ბრაიან ბერნარდის ზუსტი სროლები, ხოლო ფარქვეშ ტაირელ ნელსონი დომინირებდა, რომელმაც საბოლოოდ მოხვეჭილი 19 ქულიდან უმეტესობა სამწამიანი ზონიდან მოიხვეჭა.

მესამე პერიოდი სტუმრებმა 24-15 მოიგეს და ბოლო, 2-წუთიან შესვენებაზე 2-ქუავიდნენ - 63-61. ბოლო პერიოდში ქვემოქართლელები ლიდერობის შენარჩუნებას ახერხებდნენ, "ოლიმპი" კი მერაბ ბოქოლიშვილის, რევაზ როგავას, მორის ჰილის, გივი ბაქრაძისა და გეგი ბაქრაძის ქულებით ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ. ბოლო წუთზე "ოლიმპი" მეტოქეს 2 ქულით მიუახლოვდა, დაცვაშიც იყოჩაღა და შეტევის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ... საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ფარქვეშ შეჭრილმა ბაქრაძემ თანაგუნდელს არაზუსტი პასი მიაწოდა, რითაც ოლიმპელებმა მოგების შანსი ფაქტობრივად დაკარგეს.



მასპინძელთა ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ რუსთაველმა გოგა ცეკვავამ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შემდეგაც 3 ქულით ჩამორჩენილ "ოლიმპს" თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ ბოქოლიშვილის ცენტრიდან ნასროლმა სამქულიანმა რუსთაველთა კალათს ვერ მიაღწია. გამარჯვებულებს 25 ქულით ადამ ბლეიზეკმა ულიდერა. 19 ქულა და 11 მოხსნა ტაირელ ნელსონის ანგარიშზე დაგროვდა. ბრაიან ბერნარდიმ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. "ოლიმპის" შემადგენლობაში 17 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი, გივი ბაქრაძემ კი თავის გუნდს 15 ქულა შესძინა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი: „ცუდი პერიოდი ჰქონდა გუნდს, ძალიან ბევრი თამაში წავაგეთ. თუმცა, დღეს ბიჭები მობილიზდნენ და ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად. მინდა მივულოცო მათ და მადლობა გადავუხადო ამ მონდომებისთვის. ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა დაცვაში, რომელთა გამოსწორებასაც შევეცდებით."

დიმიტრი ჟაკობოვი, „ოლიმპის" მწვრთნელი: „ვულოცავ „რუსთავს" გამარჯვებას. ასეთ გუნდთან პირველივე წამებიდან მოტივირებული და კონცენტრირებული უნდა იყო. ჩვენ ამ თამაშის გეგმა ვერ შევასრულეთ. მრავალი დეტალი იყო, რომლებმაც თამაშის ბედი გადაწყვიტეს, ერთ-ერთი მათგანი იყო ის, რომ ჩვენ მათ მეორე შანსს ვაძლევდით და ისინი ახალი შეტევების ორგანიზებას ასწრებდნენ."

მატჩის სტატისტიკა