
დღეს, სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისში, 11 აგვისტოს მ. მესხის სახელობის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შესახებაც იმსჯელებენ. ამ დღეს, თბილისის „ლოკომოტივსა" და ქუთაისის „ტორპედოს" შორის მატჩი, მსაჯმა 85-ე წუთზე შეწყვიტა. 14 აგვისტოს კი, საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით და გუნდების ურთიერთშეთანხმებით, „ლოკომოტივმა" და „ტორპედომ" დარჩენილი წუთები ითამაშეს.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში გულშემატკივრის გარეშე უნდა გამართულიყო, „ტორპედოს" ფანკლუბის წევრებმა, ვაკის პარკის მხრიდან, მაინც მოახერხეს მოედანთან მოსვლა. თუმცა სტუარტებმა მათი ტერიტორიიდან გაყვანა მოახერხეს. რაც შეეხება მატჩს, საბოლოოდ, შეხვედრაში ის შედეგი დაფიქსირდა, რაც 11 აგვისტოს, მატჩის შეჩერებამდე იყო, 2:0 თბილისური კლუბის სასარგებლოდ.
„დარჩენილი წუთების თამაში რთული იყო, რადგან „ტორპედოს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ამიტომ წამოვიდოდნენ შეტევაში და ყველაფერს გააკეთედნენ შედეგის შესაცვლელად. მინდა, დიდი პატივისცემა გამოვთქვა ჩხეტიანის მიმართ, რადგან 11 აგვისტოს თამაშის შემდეგ, ის სიტყვები უთხრა თავის გუნდს, რასაც მხოლოდ დიდი კაცები იძახიან. ის დიდი კაცი, კი ამ დარჩენილი დროისთვისაც მოახერხებდა გუნდის მობილიზებას. ჩვენც, მარტო რომ გამოვსულიყავით და გამარჯვება გაგვეფორმებინა, ასეთი განწყობა არ გვქონია. ეს, გამოჩნდა კიდეც, 2-3 ეპიზოდში ძალიან დავიძაბეთ. თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელია" - ამბობს, გიორგი დევდარიანი, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.
„3-4 მომენტი შევქნენით, მაგრამ ვფიქრობ, ბოლომდე, იმის რწმენა, რომ შესაძლებელი იყო თამაშის გადარჩენა დაგვაკლდა. არაფერს ვიტყვი მსაჯობაზე, იყო მომენტები, 11-მეტრიანის, მაგალითად, ჩვენს კარში ჩანდა რომ არ იყო.. მაგრამ წავაგეთ. „ლოკომოტივმა" ეს შედეგი დაიმსახურა. ვულოცავ „ლოკომოტივს". რა განაჩენს გამოიტანს სადისციპლინო კომიტეტი, ბუნებრივია მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც მთავარია, 3 ქულა დავკარგეთ. მსგავსი ინციდენტები, ყველგან ხდება მსოფლიოში. ჩვენი გულშემატკივარი, ყოველთვის ჩვენს გვერდით არის. თამაშიდან გამომდინარე, ლხინშიც და გასაჭირშიც გვერდში გვიდგას ყოველთვის და ერთი ასეთი ფაქტის გამო, ჩვენ ვერ გავკიცხავთ. მათ იციან, რა და როგორ იყო და გააკეთებენ სწორ დასკვნებს"- აღნიშნა კახა ჩხეტიანმა, 14 აგვისტოს დასრულებული მატჩის შემდეგ.
„გადაწყვეტილება, დაგვესრულებინა თამაშიე მიიღეს სფფ-ს დებულების რეგულაციის მიხედვით. შესაბამისად, სპორტული შედეგი უნდა დაფიქსირებულიყო და ეს მოხდა დღეს. ვადასტურებ, რომ არ ვიყავით ამ თამაშისთვის უსაფრთხოების კუთხით სათანადოდ მომზადებულები. ბუნებრივია, 11 აგვისტოს, გავაძლიერეთ თამაშის უსაფრთხოების კუთხით, სამართალდამცავეთა რაოდენობა, თუმცა, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება. სამომავლოდ, ასეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც ჰყავთ აგრესიული ფანები, გავითვალისწინებთ და შევხვდებით შესაბამისად" - აღნიშნა „ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.
სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის სხდომა 15 აგვისტოს 18:30 გაიმართება და მასზე აღნიშნული თამაშის საკითხის გარდა, შესაძლოა 22-ე ტურის კიდევ ერთი კალენდარული თამაშის სკ „სამტრედიასა" და „დინამო თბილისის" მატჩს დასრულებისას მომხდარ ინციდენტზეც იმსჯელონ.













ჩვენ








