
დავით როგავას გაწვრთნილი "ოლიმპი" წინ მიიწევს. თბილისურმა გუნდმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მეორეზე მყოფ "ვერას" ქულით და 1 მატჩით მეტი აქვს - დაკარგული ქულებით "ოლიმპი" მასზე წინაა.
ოლიმპელთა მორიგი მსხვერპლი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი "მეგაა", რომელსაც თავის მხრივ 3-მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებდა ზურგს - 2 სუპერლიგის და 1-იც სათასო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ "მეგას" აკლდა ერთ-ერთი ლიდერი დემონტე ფლანიგანი, რომელმაც 2 ტურის წინ თსუ-სთან მატჩში მუხლი იტკინა და მომდევნო მატჩი, რომელშიც მეგამ ქუთაისს სძლია, არ უთამაშია.
შეხვედრა ოლიმპელთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დამთავრდა. პირველი პერიოდი როგავას გუნდმა 27:21 მოიგო, მეორე ათწუთეული კი ფრედ დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ ოლიმპელებმა გააგრძელეს უპირატესობის გამყარება - კახა ჯინჭარაძე და გივი ბაქრაძე უკანა ხაზიდან, ხოლო ფარქვეშ ლუკა კალატოზიშვილი აქტიურობდა. შედეგად "ოლიმპის ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია და ბოლო პერიოდში შეხვედრამ ინტრიგა დაკარგა. მართალია, "მეგას" მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ და ბოლო წუთზე 12-ქულიანი ჩამორჩენა 5-ამდე შეამცირეს, თუმცა თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. ოლიმპმა 90:83 (სტატისტიკა) იმარჯვა და წარმატებული სერია გააგრძელა.
გამარჯვებულთაგან 21 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. კალატოზიშვილმა 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 5 პასი დაგროვდა. "მეგაში" 28 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა, 21 ქულა ოთარ ბულიავამ, ხოლო 12 ქულა და 14 მოხსნა დენგი აკუთის ანგარიშზეა.
***

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საკალათბურთო კლუბმა "ტიტებმა", რომელმაც ბოლო მატჩებში წარმატებული "კაკტუსი" დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-6 გამარჯვების მოპოვებით გასავარდნ ზონას ცოტათი დაშორდა. თავის მხრივ "კაკტუსმა" 4-მატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა და ცხრილში ამ მომენტისთვის 6 მოგებით 4 გუნდია წარმოდგენილი - მეგა, კაკტუსი, ტიტები და რუსთავი, რომლებიც ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ცხრილში VI-IX ადგილებზე ამ თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და უშეღავათო გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გაირკვა. გამარჯვებული ერთმა წარმატებულმა შეტევამ და მეორე გუნდის წარუმატებელმა სროლამ გადაწყვიტა. გამარჯვებული "ტიტები" აღმოჩნდა, რომლის წევრებმაც გადამწყვეტ ეპიზოდში მეტი სიზუსტე გამოავლინეს.
ბოლო წუთზე, ტიტების ამერიკელი ლეგიონერის და ამ მატჩში საუკეთესო ბომბარდირის, ისააკ ასრატის აცილებული სამქულიანის შემდეგ რევაზ როგავამ სწრაფი გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და კაკტუსი მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე 1 ქულით - 76:75 დააწინაურა. ტიტების საპასუხო შეტევაში ამ გუნდის წევრებმა ორჯერ ააცილეს ორქულიანი - ჯერ ასრატმა, შემდეგ ლევან ბაბილოძემ გააცუდეს სროლები, თუმცა მხსნელად ტიტებს ჯავიონ ოგუნიემი მოევლინა, რომელმაც ბურთი მოიხელთა და დასრულებამდე 14 წამით ადრე დამაწინაურებელი ბურთი ჩააგდო - 77:76.
ბოლო შეტევაში ჯორდან ფორბსმა ბურთი მიზანს ააცილა, რომელსაც მისი თანაგუნდელი, დერიკ ნიუტონი დაეპატრონა, თუმცა დროის ამოწურვის გამო სროლა ვეღარ მოასწრო - 77:76 (სტატისტიკა) ტიტების სასარგებლოდ, რომელსაც 24 ქულითა და 10 მოხსნით ოგუნიემიმ ულიდერა. ასრატის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა, ლევან ბაბილოძე გამარჯვებულებს 13 ქულით შეეხიდა. კაკტუსში 18 ქულით ბომბარდირი გახდა რევაზ როგავა, 14 ქულა დენზელ ლივინგსტონმა, ხოლო 13 - ლუკა ზაქრაძემ მიითვალა.
***

სუპერლიგის ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდების მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. ლიდერმა თსუ-მ აუტსაიდერი "დინამო" 87:78 (სტატისტიკა) დაამარცხა. ბოლო 2 მატჩის მომგებმა და მაინც ბოლო ადგილზე მყოფმა დინამოელებმა ვერ მოახერხეს იმ მცირე ჩავარდნით ესარგებლათ, რაც უნივერსიტეტელებს ბოლო მატჩების წაგების გათვალისწინებით ჰქონდათ.
თსუ-მ სუპერლიგის წინა ტურში "ბათუმთან" წააგო, მის წინა შეხვედრა კი თასის გათამაშებაზე "მეგასთან" დათმო. მართალია, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს წაგებულ მატჩებში ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, თუმცა ლიდერი გუნდისთვის 1-2 მოთამაშის არყოფნა არ უნდა ეტყობოდეს. დინამოელთა მოლოდინი არ გამართლდა - თსუ სრულად მობილიზებული გავიდა მოედანზე სათამაშოდ. მიუხედავად ერთ-ერთი გამრჯე ამერიკელის - რაილ ოუენსის არყოფნისა, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ლექსო ლაფანაშვილი მატჩის შემდეგ იმ ნეგატიური მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც მის გუნდს ბოლო პერიოდში მოუვიდა. მესამე პერიოდის შუაწელში მოპოვებული სოლიდური (26-ქულიანი) ლიდერობა თსუ-ელებმა გაანიავეს. ბოლომდე არა, მაგრამ მესამე ათწუთეულის მიწურულს რომ დაიწყეს, დინამოელები მიჰყვნენ და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე (70:76) შეამცირეს.
უნივერსიტეტის მთავარმა მწვრთნელმა სასწრაფოდ წუთშესვენება აიღო, კალათბურთელებს მკაცრი შეფასებები და კონკრეტული დავალებები მისცა. შედეგად, თსუ-მ ლიდერობა კვლავ გაზარდა, ამასობაში ბოლო წუთებმაც მოატანა და საფინალო სირენაც ისე გაისმა, დაძაბულობას მოედანზე არ დაუსადგურებია.
თსუ იოლად მივიდა სუპერლიგაში მე-12 გამარჯვებამდე და პირველი ადგილი სოლიდურად გაიმყარა. გამარჯვებულთაგან ოთხმა კალათბურთელმა 10-10 ქულა დააგროვა - ივანე მეგენეიშვილმა, მიხეილ ბერიშვილმა, ნიკოლოზ ბერიშვილმა და პაპ დიოდმა. საუკეთესო კი ტრადიციულად ლოველ ქაბილი გახდა - 20 ქულა, 8 პასი, 6 ჩაჭრა. დინამოელთა რიგებში 21-21 ქულით ვლადიმერ თავაქარაშვილი და ბენჯამინ ქოლეჯი გამოირჩნენ.
სუპერლიგის ტურის მორიგი მატჩი 25 მარტს იმერეთში გაიმართება: "ქუთაისი" "რუსთავს" უმასპინძლებს.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








