ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი კვარაცხელიას პრეზენტაციის თარიღს აანონსებს
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი კვარაცხელიას პრეზენტაციის თარიღს აანონსებს
25.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისტორიული ტრანსფერი ოფიციალურად მარტის სანაკრებო ფანჯრის შემდეგ გაფორმდება. სწორედ, ამ ფანჯრის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ბათუმში ჩავა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, ბათუმის „დინამოსთან" კონტრაქტს გააფორმებს. ამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბათუმის „დინამოს" პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე, ყველა სატრანსფერო დეტალის შესახებ ისაუბრებს. ამასთან, ბერიძე, კონტრაქტის გასაჯაროების მომხრეა. მანამდე კი, ის, ოფიციალურად ადასტურებს, საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელთან მიღწეული შეთანხმების შესახებ.


„ვადასტურებთ, ხვიჩა კვარაცხელია, ბათუმის „დინამოს" ფეხბურთელია და ის, ბათუმის „დინამოში" გააგრძელებს ასპარეზობას. არ გვჯეროდა თავადაც, მაგრამ გარემოებამ მოიტანა და რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღეთ ის, მე ვიტყვი, რომ ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, საქართველოს მასშტაბით", - ამბობს არჩილ ბერიძე, დღეს საზოგადოებრივი მაწუყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.


ბათუმელები ამბობენ, რომ ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ხვიჩა, ბათუმის „დინამოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზეც დაეხმაროს. ბათუმის „დინამოს" პრეზიდენტი, ფეხბურთელთან და მის აგენტთან მოლაპარაკებების „გაწელვასაც" სწორედ, ამ მიმართულების, მთელი რიგი დეტალების გარკვევას მიაწერს.


შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ფიფა-მ რუსეთი „დასაჯა" და იქ მოთამაშე ლეგიონერი ფეხბურთელების კონტრაქტები დროებით შეაჩერა, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე 6 ქართველი ფეხბურთელი და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, „ჰაერში" დარჩნენ. ბუნებრივია, შეჩერებული კონტრაქტი, არ ნიშნავს გაწყვეტილს და ფიფა-ს ამ გადაწყვეტილებითვე, ხვიჩას 2022 წლის 30 ივნისს, „რუბინში" უწევდა დაბრუნება, თუმცა, ახლა არაა გამორიცხული, ვითარება სხვაგვარადაც განვითარდეს.


ამავე გადაცემაში, არჩილ ბერიძე ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები, გუნდში, კიდევ ერთ „დევნილთან" ზურიკო დავითაშვილთანაც მიმდინარეობს. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან, ამჯერად, თავს იკავებს.


მანამდე კი, დღეს, ხვიჩას და ზურიკოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მოუწევთ თამაში.