
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი წელი კარგი განწყობით დაიწყო. 2022 წლის პირველი თამაში, ვილი სანიოლის გუნდმა, ქალაქ ზენიცაში, მინიმალური ანგარიშით 0-1 მოუგო ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს. ამ გუნდების ისტორიულ, პირველ დაპირისპირებაში, ერთადერთი გოლი, შეხვედრის 49-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოზომილი გადაცემის შემდეგ გაიტანა. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ზივზივაძე დღეს, ერთ-ერთი გამორჩეული იყო გუნდში.
„ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. ბავშვობის ოცნება ამიხდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო. თუმცა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და დავეხმარო გუნდს, იქნება ეს გოლი, თუ უბრალოდ კარგი თამაში. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, კარგი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ გოლი გამეტანა", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე, მატჩის შემდეგ.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგად ითამაშა. ამის შესახებ, თამაშის შემდეგ იტყვის ვილი სანილოიც და აღნიშნავს გურამ კაშიაც, რომელიც დღეს, ნაკრებს კაპიტნის სამკლაურით გამოუძღვა. თუმცა, პირველი საგოლე მომენტი სწორედ ჩვენს კართან შეიქმნა, როდესაც ადნან კოვაჩეჩის დარტყმული ბურთი ძელს მოხდვა. პირველი ტაიმის მიწურულს სტანდარტულის შემდეგ, მასპინძლებმა გიორგი ლორიას კარში ბურთი გადაგზავნეს, თუმცა, მანამდე თამაშგარე დაფიქსირდა, გოლი არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი, მშრალად, ფრედ დასრულდა. ბოსნიელებმა გაგვიტანეს, 48-ე წუთზეც, ამჯერად ჯეკომ. თუმცა, მსაჯებმა კვლავ თამაშგარე დააფიქსირეს. ამ დროს, გიორბელიძე „ჩარჩენილი" იყო და ალბათ, VAR-ის შემთხვევაში ეს გოლი, აუცილებლად ჩაითვებოდა.
მატჩის შემდეგ, ამ არჩათვლილ გოლზე ყურადღებას, ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელი, ივაილო პეტევი ისაუბრეს. თავის მხრივ, ამ მომენტს ვილი სანიოლიც ეხმიანება.
„ვფიქრობ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარაა, რომ VAR-ის გარეშე ეს უფრო მეტად რთულია. ბოსნია-ჰერცეგოვინის გოლთან ერთად, ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა. ზოგჯერ, ასეთი გადაწყვეტილება თამაშის სურათს ცვლის და ეს უნდა მივიღოთ. ეს ამხანაგური თამაში იყო და ასეთი შეხვედრები მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ეს ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია. როგორც გუშინ ვთქვი, შედეგზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვთამაშობთ ბურთით ან მის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ", - იტყვის ვილი სანიოლი.
ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვს, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ასეთი კი 6 წუთი იყო, საქართველოს ნაკრები, რაღაც მომენტში, „თამაშს გამოეთიშა", რამეთუ თითქმის მთელმა გუნდმა დროის გვარიანი პერიდოი ვერც ბურთის გამოტანა მოახერხა ლორიას „ზონიდან" და ის კი არა და ერთ მომენტში, თავად ლორიამაც კი, დაკარგა ბურთი. საბედნიეროდ, მასპინძლებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. თუმცა, ოდნავ ძლიერი მეტოქე, ამას არ გაპატიებს.
„ვიცით, რომ მატჩის განმავლობაში არ გვექნება 15-20 საგოლე მომენტი. ამიტომ, ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ, რაც ბუდუ ზივზივაძემ დღეს ძალიან კარგად გააკეთა. როგორც ვთქვი, სათამაშო სისტემაში სიახლეები იყო. ზურიკო დავითაშვილი, უფრო მეტად ნახევარდაცვაზე იყო კონცენტრირებული და ახალ პოზიციაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური თამაშები სწორედ სიახლეების გამოსაცდელადაა. ვნახეთ მექვაბიშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი წუთები მიიღო და იგივე დონეზე იყო, როგორც სხვა მოთამაშეები. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. გუნდი ახალი სისტემის შენების საინტერესო პროცესშია და ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ"- ამბობს სანიოლო.
დღეს, მისმა გუნდმა, 3-4-2-1 სისტემით ითამაშა. მატჩის შემდეგ, გურამ კაშია იტყვის რომ დღეს თამაშის მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულნით და დისციპლინის დაცვაზე. „კარგად გავართვით თავი ახალ სისტემას, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო", აღნიშნავს კაპიტანი, რომელსაც დღეს სამკლაური, უკრაინის დროშის ფერებში ეკეთა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს ტირანაში ესტუმრება
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








