
მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 2022 წლის ყველა მედალი გათამაშდა. ბოლოს, ყინულზე სპორტული ცეკვების წარმომადგენლებმა იასპარეზეს. თავისუფალ პროგრამაში, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი, პეკინის ოლიმპიური თამაშებისას შესრულებული, უკვე კარგად ნაცნობი პროგრამით წარსდგა და 98.62 ქულით, მათზე წინ მყოფი, რამდენმე წყვილის გადასწრებაც მოახერხა.
რიტმული პროგრამის შემდეგ, ქართული წყვილი, შეგახსენებთ მე-17 პოზიციაზე იყო. ამასთან, გეტყვით იმასაც, რომ გიორგის ტრავმის გამო, ჩვენს წყვილს, 2021 წელი ფაქტიურად გაუცდა და ეს, მეორე სერიოზული ტურნირი იყო, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. ტურნირიდან ტურინირამდე, კაზაკოვა-რევიას წყვილი შედის ფორმაში და იმედს გვიტოვებს, რომ 2022-2023 წლების სეზონი უფრო ნაყოფიერი ექნებათ.
ამ ჯერზე კი, დღევანდელ სტარტამდე, ქართული წყვილის სეზონის საუკეთესო შედეგი, 106.25 ქულა იყო. ლაივ-რეჟიმში დასაწინაურებლად მათ, 93.3 ქულა სჭირდებოდათ.მათ უფრო მეტი ქულის აღება მოახერხეს და დღევანდელი დღის შემდეგ, მე-15 ადგილი დაიკავეს. საბოლოოდაც, ორი პროგრამის ჯამშიც, 165.38 ქულით მე-15 ადგილს დასჯერდნენ. ქართულმა წყვილმა, დღეს, ტექნიური შეფასებისას 54.39, კომპონენტებისთვის კი, 44.23 ქულა დაიმსახურა. ჩვენი აზრით, იუნიორებიდან სენიორებში (მარია 20 წლის არის, გიორგი 22) არც თუ შორეულ წარსულში აბარგებული ქართული წყვილის და მათი თანამედროვე პროგრამის, როგორც ჩანს კონსერვატორ ჟიურის წევრებს ჯერ, ბოლომდე არ ესმით და უფრო, „კლასიკას" ემხრობიან. თუმცა, ესეც, დროის საკითხია და მარია და გიორგიც, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ.

2022 წლის ბოლო მსოფლიო ჩემპიონები კი ფრანგები, ოლიმპიური ჩემპიონები გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი გახდნენ. თავისუფალ პროგრამაში, მათ, მხოლოდ 5 ქულით გადაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ ამერიკულ წყვილს. ორი სახეობის ჯამში კი, სხვაობამ დაახლოებით 7 ქულა შეადგინა, რაც, დაძაბულ შეჯიბრზე მეტყველებს.
თავისუფალი პროგრამის საბოლოო შედეგები
საერთო შედეგი
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის საჩვენებელ გალა-კონცერტში, რიმელშიც ტრადიციულად გამარჯვებულები და პრიზიორები მონაწილეობენ, მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, ასევე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილიც იასპარეზებს.
აი, შემდეგ, კი ქართული გუნდის ბირთვი ისვენებს. კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას კი, 2022 წლის ბოლო ტურნირზე, იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოუწევთ ასპარეზობა.
ასევე იხილეთ:
სეოკ-ის ფოტოები / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ








