საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
28.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 29 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ბოსნიურ ზენიცაში მოგებული მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი, ალბანეთში ჩავიდა და კარგად ნაცნობ, ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე ქალაქ დურესში ორჯერ ივარჯიშა.

განსხვავებით ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებისგან, ალბანეთის ნაკრებს, ჩვენი ფეხბურთელები კარგად იცნობენ. საქართველოსა და ალბანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებები არსებობის ისტორიაში, მეთხუთმეტედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 29 მარტამდე დაგეგმილ მატჩამდე, უკვე ჩატარებული 14 შეხვედრიდან, საქართველოს ნაკრებმა 9 შეხვედრა მოიგო, 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. შესაბამისად, ჩვენს გუნდში და გულშემატკივარიც იმედოვნებს, რომ ქართველთა ნაკრები ხვალ, მორიგ გამარჯვებას ჩაიწერს და გარდა იმისა, რომ ალბანეთის ნაკრებთან დადებითი ბალანსის შენარჩუნებას მოახერხებს,  სეზონის სასტარტო მატჩების შემდეგაც ამაღლებულ განწყობას შეინარჩუნებს.




 „ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ და მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულოთ. ვფიქრობ, ალბანეთი იგივე დონის გუნდია, როგორსაც ივნისში ერთა ლიგაზე შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, ალბანეთის ნაკრებთან კარგი ამხანაგური თამაში იქნება. შევეცდებით, გამარჯვებით დავასრულოთ ეს მატჩი და კარგი განწყობით შევხვდეთ ერთა ლიგას", - ამბობს დავით ვოლკოვი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი.


ეს კომენტარი, ვოლკოვმა, ალბანეთში გამართული პირველი ვარჯიშს შემდეგ გააკეთა. უშუალოდ მატჩამდე კი, ტრადიციული კომენტარები, ალბანურ მედიასთან შეხვედრისას ვილი სანიოლიმ და  ნიკა კვეკვესკირმა გააკეთეს. სანიოლი ამბობს, რომ 29 მარტის შეხვედრაშიც, იგივე მოლოდინი აქვს, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას მატჩამდე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მარტის თვის ამხანაგურ მატჩებს, ჩვენი გუნდი ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპად იყენებს, ნათელია, რომ საქართველოს ნაკრები, 2021 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული დადებითი დინამიკის შენარჩინებას შეეცდება.




„ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით და იგივეს ველი ალბანეთის წინააღმდეგაც. მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. მოწინააღმდეგის შესწავლა ჩემი სამსახურის ნაწილია. რა თქმა უნდა, ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ესპანეთთან შეხვედრაში დაამტკიცეს. მეტოქეს საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვიცით, მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ. ალბანეთის ნაკრები ესპანეთთან მატჩის და მგზავრობის შემდეგ, შესაძლოა, დაღლილი იყოს, რაც გასაგებია. აქედან გამომდინარე, ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ბოლო წლებში, ალბანეთის ნაკრებს სტილი და ტაქტიკა დიდად არ შეუცვლია", - ამბობს ვილი სანიოლი.


შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრებმა 26 მარტს, ამხანაგური სპარინგი გამართა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ და საკმაოდ დაძაბული შეხვერა გასვლაზე, 90-ე წუთზე გატანილი გოლით წააგო, 2-1. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, დადებითი შედეგის მისაღწევად, წლის მეორე შეხვედრაში, სანიოლი დისციპლინისა და გუნდური სულისკვეთების ხარჯზე შეეცდება.


„ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის თამაშებისთვის მომზადებაა. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ივნისის თამაშების წინ, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა და მიჯრით ოთხი გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნოს პოზიტიური ენერგია. ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნული ნაკრებში შედეგი არასდროს არის მეორეხარისხოვანი და თითოეულ ფეხბურთელს სურს ბოლომდე დაიხარაჯოს და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.




ბუნებრივია, საქართველოსთან მატჩისთვის ემზადება ალბანეთის ნაკრები. თამაშამდე, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას, ქართველებთან მატჩისთვის გუნდში, რამდენიმე ცვლილებას აანონსებს ალბანელთა, მთავარი მწვრთნელი და ამობს, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთისგან ბევრად განსხვავებული გუნდია და აქვს, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. ამ სუსტი მხარეების გამოყენებას კი, ხვალინდელ თამაშში შეეცდებიან.


„თავიდანვე კმაყოფილი ვიყავი ესპანეთთან და საქართველოსთან სპარინგებით, ეს არის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღოთ და ვაჩვენოთ ჩვენი პროგრესი. კონკურენტუნარიანი გუნდისთვის 20 აქტიური ფეხბურთელია საჭირო, რათა მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ. საქართველო ესპანეთისგან სრულიად განსხვავებული მეტოქეა, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელიც თავს კარგად იცავს, ბევრს დარბის და კონტრშეტევებზე სახიფათოა. ჩვენთვის მთავარია, გამოვიყენოთ იმ ფეხბურთელების მახასიათებლები, რომლებიც გვყავს და მათგან მაქსიმუმი მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკურად სრულყოფილი თამაშის ჩატარება, მოედანზე კონცენტრირებული ყოფნა, ნაკლები შეცდომის დაშვება და იმ სივრცეების გამოყენება, რომელსაც მეტოქე დაგვიტოვებს. ბიჭებმა უკეთ და ნათლად იციან, როგორ უნდა ითამაშონ. ვფიქრობ, ესპანეთი მსოფლიოში ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაშის ასეთი ფილოსოფია აქვს, მსგავსს საერთოდ ვერ ვხედავ. საქართველო ესპანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სუსტი მეტოქე არ არის, კარგი გუნდია და ფრთხილად უნდა ვითამაშოთ", - ამბობს ედოარდო რეია.




საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგემ კარგად იცის, რომ არც ერთი მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ალბანელები ხვალ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, მოტივირებულები აპირებენ გამოსვლას. შეხვედრა კი, ტირანაში, „აირ ალბანია სტადიონზე" თბლისის დროით 20:00 დაიწყება.



საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური შეხვედრებისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)