
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურების მოსაპოვებლად ასპარეზობას აგრძელებს.
„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, სახელბურთო ელიტაში ბრუნდება. საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები ყველა საერთაშორისო ღონისძიებიდანაა მოხსნილი. მათ ადგილს კი, საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები დაიკავებენ, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპს მიღმა დარჩენილ სხვა ნაკრებებზე, რეიტინგით მაღალ პოზიციაზე იმყოფებოდნენ.
ჩვენი გუნდი, 2024 წლის, გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ოთხ გუნდიან ქვეჯგუფში იასპარეზებს, საიდანაც ორი გუნდი ავტომატურად ხვდება ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ხოლო მესამე ადგილოსანს, დარჩენილი სხვა შვიდი ჯგუფის მესამე ადგილოსნებთან ქულების დატოლებით მიეცემა საშუალება, მოხვდეს ოთხ საუკეთესო მესამე ადგილოსანს შორის და იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე" - ნათქვამია ფედერაციის მიერ, დღეს, გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს, მედლებისთვის 24 ნაკრები იასპარეზებს. ოთხი მათგანის ვინაობა ცნობილია: მასპინძელი გერმანია, მოქმედი ჩემპიონი შვედეთი, პრიზიორები - ესპანეთი და დანია. დანარჩენი 20 საგზურის მოსაპოვებას, 2022 წლის ოქტომბერში 32 გუნდი შეეცდება.
ბოლო შესარჩევი ეტაპის წილისყრისას, რომელიც 2 დღეში, 31 მარტს ჩატარდება, გუნდები, 8 ჯგუფად გადანაწილდებიან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო, როგორც ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. აი, მესამე ადგილოსნებში კი, ოთხი საუკეთესო, შედეგების მიხედვით გაირკვევა, რვავე ჯგუფის მესამედაგილოსნებიდან.
წილისყრისთვის, რომელიც გერმანიაში ჩატარდება გუნდები 4 კალათში იქნებიან გადანაწილებულნი. საქართველო მე-4 კალათში მოხვდა.
I კალათა: ნორვეგია, საფრანგეთი, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი, პორტუგალია, ისლანდია ავსტრია
II კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, ჩერნოგორია, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი, შვეიცარია, უკრაინა
III კალათა: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ლიეტუვა, ლატვია, ისრაელი, სლოვაკეთი, თურქეთი, რუმინეთი, საბერძნეთი
IV კალათა: კოსოვო, ბელგია, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, იტალია, საქართველო, ლუქსემბურგი
შეგახსენებთ, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისას, როდესაც საქართველოს ნაკრებს ოქტომბრის თამაშებისთვის საგზურის მოპოვების შანსი ჰქონდათ, ჩვენები ფინელებს გადაეყარენ. პირველი შეხვედრა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 5 იანვარს ჩაატარეს და ფრედ, 22-22 ითამაშეს. სამწუხაროდ, საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ფინეთში 9 იანვარს, გაიმართა და ჩვენებს, ბევრი წამყვანი ხელბურთელი აკლდათ, 30-23 წააგეს და მაშინ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. ახლა კი, მეორე შანსი გვეძლევე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.





ჩვენ








