გემრიელი სპარინგების ლოგიკური დასასრული
გემრიელი სპარინგების ლოგიკური დასასრული
29.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ, მარტის სანაკრებო ფანჯრის მეორე სპარინგში, პირველი მატჩის ძირითადი „ლაინ აფიდან" მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი დატოვა - გურამ კაშია, ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ზუკა დავითაშვილი. ძირითადში მისცა თამაშის უფლება, იმ შეხვედრიდან კიდევ სამს, რომლებიც შეცვლაზე შემოუშვა - გიორგი წიტაიშვილს, საბა კვერკველიას და გრიგოლ ჩაბრაძეს. კიდევ, სამ ფეხბურთელს, რომლებსაც ბოსნია-ჰერცოგოვინასთან არ უთამაშია, ალბანეთთან სასტარტო შემადგენლობაში მიუჩინა ადგილი, ასეთები გიორგი მამარდაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი და დავით ვოლკოვი იყვნენ.

ამ ჩამონათვალიდან, ალბანელებთან მატჩის პირველ 45 წუთში, პირადად მე, რამდენიმეს გამოვარჩევდით - მამარდაშვილს, რომელსაც მე-17 წუთზე არმადნო ბროიას შორი მანძილიდან დარტმულის აღება მოუხდა; კაშიას, რომელიც საიმედოდ იდგა დაცვის ხაზში; დავითაშვილს, რომელიც პირდაპირი გაგებით, ბურთის მოსაპოვებლად ჭიდაობდა, განსაკუთრებით ჩვენს ნახევარზე (მეორე ტაიმშიც) და 42-ე წუთზე, 99%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა; კიდევ, გიორგი წიტაიშვილს, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, ყველაზე აქტიური იყო საქართველოს ნაკრებიდან. რაც შეეხება თამაშს, ის ძირითადად მინდვრის ცენტრში და თითქმის, თანაბრად მიმდინარეობდა. თუმცა, პირველი 10 წუთი, ალბანელებმა, სიმართლე უნდა ითქვას და არ მოგვცეს განძრევის საშუალება. ტაიმი მშრალად, 0-0 დასრულდა.


დიდად განსხვავებული, ამ შეხვედრაში, არც მეორე ტაიმი იყო. ალბანელები უფრო მეტს გვიტევდნენ, შესაბამისად, კარის მიმართულებითაც ბევრ არტყამდნენ. პირველად, 51-ე წუთზე გადავრჩით, როცა საჯარიმოდან ვერა და ვერ ამოვიტანეთ ბურთი. მომდევნო მომენტი მასპინძლებს, 59-ე წუთზე ჰქონდათ - სოკოლ ჩიკალეშმა, ჩვენი დაცვის ხაზის მარტივად მოტყუება შესძლო, თუმცა, კარგად ვერ დაარტყა. კიდევ ერთხელ გადავრჩით 67-ე წუთზე. 79-ეზე, მამარდაშვილმა გვიხსნა... რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, აქ, მხოლოდ ორი მომენტი, 57-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის, თითქმის ცენტრიდან წამოღებული ბურთი და შორიდან დარტყმული დარჩა მეხსიერებაში და კიდევ, ერთი 72-ზე. რეალურად, მატჩის საბოლოო შედეგი, მშრალი ფრე, შესაძლოა მისაღებად ჩავთვალოთ. ალბათ, ამ შეხვედრიდან კიდევ, რაც მენიშნა სანიოლის მიერ გამოჩენილი ნდობაა ბუდუ ზივძივაძის და ახალგაზრდა ანრი მექვაბიშილის მიმართ, რომლებსაც კიდევ ერთ თამაშში მისცა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა, „გასახსნელად" მათ, ცოტა დრო ჰქონდათ.


საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი მატჩების სერია, მართალია ამხანაგური სპარინგის ხარჯზე, მაგრამ გააგრძელა. შემდეგი „გაჩერება" უკვე ივნისში დაგეგმილი ერთა ლიგის ოფიციალური თამაშებია, რომლის დროსაც, ვიმედოვნებთ, რომ ვილი სანიოლის ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება, ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.


სფფ-ს ფოტო