"დინამო" ცუდ დღეშია, თსუ ლიდერობს
"დინამო" ცუდ დღეშია, თსუ ლიდერობს
29.03.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

გუშინ რეგიონებში დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს თბილისში გრძელდება. შეხვედრაა დაგეგმილი ბათუმშიც, თუმცა მანამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 შეხვედრა უნდა გაიმართოს. პირველი მატჩი დასრულდა, რომელშიც "დინამო" დამარცხდა და სუპერლიგიდან "ა" ლიგაში დაქვეითების ზღვარზე მივიდა. დინამოელებს სუპერლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ, რომლის პრაქტიკაში განხორციელება ძალიან რთული იქნება.

"დინამომ" იბრძოლა, მაგრამ ბოლო მატჩებში გამარჯვების გზებზე შემდგარ "ოლიმპს" ვერაფერი მოუხერხა. დავით როგავას გაწვრთნილ ოლიმპელებს წინა 3 შეხვედრა მოგებული ჰქონდათ და წარმატებული მატჩების სერია 4-ამდე გაზარდეს. ამ გამარჯვებამ როგავას გუნდს ცხრილში მე-3 ადგილი მოუტანა და დარჩენილ 4 ტურში "ოლიმპი" კიდევ უფრო მაღლა ასვლას შეეცდება, რათა "ქუთაისს" გადაასწროს და პლეი ოფში შეხვედრის შემთხვევაში იმერულ კლუბთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს.


რაც შეეხება დღევანდელ მატჩს "ოლიმპმა" საბოლოოდ იოლად კი მოიგო, მაგრამ პირველ ნახევარში გაუჭირდა. დინამოელებმა საწყისი პერიოდი შესანიშნავად ჩაატარეს და ათწუთეულის შემდეგ 22:18 იგებდნენ. მეორე მეოთხედში ოლიმპელებმა თამაში დაცვის ხარჯზე გამოასწორეს. საქმეში კარგად ჩაერთო ლუკა კალატოზიშვილი, რომელიც ფარქვეშ იდეალურად შეუწყვილდა ილია ლონდარიძეს, თუმცა უკანა ხაზსაც ეხმარებოდა პერიმეტრზე სწორი ტაქტიკური მოქმედებითა და ზუსტი შორი სროლებით. როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო კახა ჯინჭარაძე, რომლის ლიდერობითაც "ოლიმპმა" დიდი შესვენებისთვის ლიდერობა მოიპოვა - 43:38.


მესამე პერიოდში ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილი დინამოელები გადაღლილები ჩანდნენ, რომლებიც ვერ აჰყვნენ ოლიმპს სწრაფ თამაშში და დიდი ანგარიშით ჩამორჩნენ. მესამე პერიოდი ოლიმპმა 10 ქულის სხვაობით მოიგო და გამარჯვებულის ვინაობაც საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გაარკვია. საბოლოოდ ოლიმპელებმა 91:73 (სტატისტიკა) იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 14 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით იმორას ეიჯმა დაიდო. 20 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახდა, ხოლო ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე 15 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. დინამოში 20-20 ქულით ბენჯამინ ქოლეჯი და ჯოშუა თრედველი გამოირჩნენ.


***



სუპელრიგის მორიგი ტური საინტერესოდ დასრულდა. გუნდებმა, რომლებიც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან და სუპერლიგაში დარჩენასთან ერთად პლეი ოფში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან, შედარებით მოწინავე მეტოქეები დაამარცხეს. თბილისში "ტიტებმა" 95:85 (სტატისტიკა) სძლია "ვერას", ხოლო ბათუმში მასპინძელთა გუნდმა ახალ საკალათბურთო დარბაზში "მეგასთან" ოვერტაიმში წააგო - 67:70 (სტატისტიკა).


ბათუმელებს ამ მარცხით გაუმრუდდათ წარმატებული სერია, რომელიც მიჯრით 4 მოგებულ მატჩს შეადგენდა. ბუბა ბერიშვილის გუნდმა შთამბეჭდავი სერია მოაწყო და ზედიზედ მოგებული მატჩების შედეგად ლიდერებში გაერია, ერთი მომენტი მე-3 ადგილზეც იყო, თუმცა დღევანდელმა მარცხმა ცხრილის შუამდე დააქვეითა. ბათუმელებს პლეი ოფს მიღმა დარჩენა არ ემუქრებათ, აი, მათ დღევანდელ ოპონენტს კი მოგება ჰაერივით სჭირდებოდა.


ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ "მეგას", რომელიც სუპერლიგაში დებიუტანტია, ასევე წარმატებული სერია ჰქონდა, თუმცა წინა ტურში "ოლიმპთან" დამარცხდა, რითაც პლეი ოფს მიღმა დარჩენის საფრთხე დაემუქრა. მეგა ასევე სუპერლიგაში დასარჩენადაც იბრძვის და ამ პრობლემის გადასაჭრელად დღევანდელი გასვლითი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო.


სუპერლიგაში დასარჩენ გადათამაშებაში რომ არ მოხვდეს, გუნდმა მინიმუმ მე-9 ადგილი უნდა დაიკავოს და ამ მხრივ დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა "ტიტებმაც", რომლის ოპონენტ "ვერას" პირველ წრის შემდეგ 8 მოგება და 2 მარცხი ჰქონდა. ამით ვერელებს სუპერლიგიდან გავარდნის საფრთხე არიდებული ჰქონდათ, თუმცა თუ ასე წარუმატებლად გააგრძელეს რეგულარულ ჩემპიონატში ასპარეზობა, შეიძლება პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდს შორის ვერ მოხვდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა მეორე წრის 6 მატჩიდან 5 წააგეს. ეს ერთის მხრივ შემადგენლობის შესუსტებითაა გამოწვეული (2 ლეგიონერი გამოაკლდათ), თუმცა ამის მიუხედავად ამდენი წაგება ვერელთა კონცენტრაციის და ბრძოლისუნარიანობის შესუსტებაზე მიუთითებს.


"ტიტებმა" ბოლო 2 მატჩი მოიგო - "კაკტუსთან" და დღეს "ვერასთან", რითაც ცხრილში პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში გუნდებს 4-5 თამაში აქვთ დარჩენილი და წინ საკმაოდ დიდი ბრძოლები გველის.