ფეხბურთი - ძალა მსოფლიოს შესაცვლელად და 2,2 მილიარდი დოლარი ავანსად ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ
ფეხბურთი - ძალა მსოფლიოს შესაცვლელად და 2,2 მილიარდი დოლარი ავანსად ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ
01.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ორწლიანი ონლაინ-შეხვედრების შემდეგ, 31 მარტს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ფიფას 72-ე კონგრესი შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, ფიფა-ს ყოველწლიური კონგრესი, თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა საერთაშორისო ფორუმი, ონლაინ ფორმატში იმართებოდა. იმ ტრადიციული საკითხების მიღმა, რომელზეც, როგორც წესი ფიფა-ს კონგრესი მსჯელობს ხოლმე, დღეს, რუსეთ-უკრაინის (თუმცა, ამ ორი ქვეყნის სახელი არ დაუსახელებიათ) ომის შეჩერების თაობაზეც გაკეთდა განცხადება. ამასთან, ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მოუწოდა ყველა პოლიტიკოსს, მაქსიმალური გააკეთოს ომის გასაჩერებლად.


„ჩვენ ვცხოვრობთ აგრესიულ სამყაროში, დაყოფილ სამყაროში, მაგრამ მე, ძალიან მჯერა ფეხბურთის ძალის, რომელსაც ხალხის გაერთიანება და სხვადსხვა კულტურების საზღვრების გადალახვა შეუძლია.  ნელსონ მანდელამ თქვა, რომ სპორტს გააჩნია ძალა მსოფლიოს შესაცვლელად. ფეხბურთი მსოფლიო სპორტია. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვჯეროდეს, რომ ფეხბურთი მსოფლიოს პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა, როდესაც ეს საშინელი კონფლიქტი დასრულდება და ყველა სხვა კონფლიქტი მსოფლიოში, ვიმედოვნებთ ძალიან მალე, ფეხბურთს ექნება მცირე წილი, ურთიერთობების აღსადგენად, მშვიდობის დასამყარებლად და ერთმანეთის გასაგებად, და ჩვენ ვიქნებით იქ, წინახაზზე, ამის გასაკეთებლად", - ამბობს ჯანი ინფანტინო.


ფიფას პრეზიდენტმა, ბუნებრივია, ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყატარს, ტურნირის მასპინძლობისთვის და საორგანიზაციო პერიოდში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, მანამდე, ფიფა-მ მისი წევრი ორგანიზაციებისთვის გასული წლების ფინანსური ანგარიში და 2023 წლის ბიუჯეტიც წარუდგინა. აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ FIFA Forward Programme-ისა, Forward 3.0-ის ფარგლებში, რომლის მონაწილენიც უკვე წლებია საქართველოც არის, დაფინანსება 25%-ით იზრდება.


„25%-ით გაზრდა ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მე, 2016 წელს გავხდი ფიფა-ს პრეზიდენტი, მისი წევრი ორგანიზაციები, მიიღებენ 8 მილიონ აშშ დოლარს, ყოველ ოთხწლიან პერიოდში. ეს არის შვიდჯერ მეტი, ვიდრე იყო 2016 წელს. 7-ჯერ გაზრდილი დაფინანსება წავა იქ, სადაც მსგავსი თანხები უნდა იხარჯებოდეს: სოლიდარობის პროექტებზე, ფეხბურთის განვითარების პროექტებზე. ეს 2,2 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც პირდაპირ წევრი-ორგანიზაციების განვითარების პროგრამებზე დაიხარჯება", - აღნიშნა ინფანტინომ.


ოფიციალურად არა, მაგრამ, წევრი ორგანიზაციების მიმართ გაზრდილი ბიუჯეტი, მიუთითებს, რონ ჯანი ინფანტინომ და მისმა გუნდმა, ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სამზადისი, რომელიც 2023 წელს, ფიფა-ს მომდევნო კონკრესის დროს გაიმართება, პირველი სვლა, უკვე გააკეთა. მომდევნო ნაბიჯებამდე კი, საფეხბურთო ასოციაციების საქმიანობაში მთავრობის ჩარევის გამო, კონგრესმა ფიფა-ს წევრობა შეუჩერა ზიმბაბვეს და კენიას, პაკისტანს კი, შეზღუდვა გაუხანგრძლივა.


დოჰაში მიმდინარე ფიფა-ს კონგრესს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.


ფოტო: (c) FIFA