გიორგი ტერაშვილმა ანთალიაში „ოქროს“ სათვალავი გახსნა
გიორგი ტერაშვილმა ანთალიაში „ოქროს“ სათვალავი გახსნა
02.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ანთალიაში მიმდინარე IJF-ის 2022 წლის რიგით მეოთხე ტურნირზე, ფინალურ ბლოკში, მხოლოდ ერთმა ქართველმა მოახერხა გაღწევა.

-73კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ტერაშვილმა, პირველი წრიდან დაიწყო ასპარეზობა და ერთი მეორეს მიყოლებით ჯერ, ფილიპინელი კეისეი ნაკანო გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ, მონღოლი ანხზაია ლავჯარგალი დაამარცხა, 1/8 ფინალში, რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს სძლია და 1/2 ფინალში გადასასვლელად, ჯგუფის ბოლო შეხვედრა, ისრაელის წარმომადგენელ იდო ლევინთან გამართა.


1/2 ფინალში მისი მეტოქე ყაზახი ჟანსაი სმაგიულოვი იყო. საკმაოდ თანაბარ და დაძაბულ ორთაბრძოლაში, პირველი ვაზარი ქართველმა აიღო, თუმცა, ყაზახმა მალევე გაუთანაბრა. მატჩიც ალბათ, დამატებით დროში გადავიდოდა, თუმცა, ტერაშვილმა მოახერხა საბოლოოდ იპონით გამარჯვება და ფინალში გავიდა. აქ, კი მისი მეტოქე, იტალიელი მანუელ ლომბარდო იყო. ფინალურ დაპირისპირებაში კი, 19 წლის ქართველმა არც იტალიელს და არც ძიუდოს გულშემატკივარს, ნერვიულობის საბაბი არ მოგვცა, რამეთუ, ანთალიის ოქრო, შეხვედრის დასრულებამდე 1:20 წუთით ადრე ულამაზესი იპონით მოიგო.




თურქული ტურნირის მეორე დღეს, საქართველო კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, -81კგ-ში იყო წარმოდგენილი. გიორგი შერაზადიშვილმა, პირველ წრეში უკრაინელი სერგიი კრივჩაჩი დაამარცხა. მოუგო აზერბაიჯანლე მურად ფატიევსაც. თუმცა 1/8 ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ალფა ოუმარ დიალოსთან  დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


შეგახსენებეთ, რომ ანთალიაში მიმდინარე გრან სლემზე, ქართველების სათვალავში, ლუხუმ ჩხვიმიანის ვერცხლი და გიორგი ტერაშვილის ოქრო უკვე არის. ახლა ჯერი მძიმე წონოსნებზეა. ხვალ ტატამზე 4 წონით კატეგორიაში, ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს:


-90კგ  წონით კატეგორიაში -  ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე;

-100კგ წონით კატეგორიაში -  ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი;

+100კგ წონით კატეგორიაში -  გურამ თუშიშვილი;

+78კგ წონით კატეგორიაში -  სოფიო სომხიშვილი.


ფოტო: გაბრიელა საბაუ