„ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვეს
„ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვეს
02.04.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი, მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდა. ქართველმა ფალავნებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.

ყველაზე უკეთ ლერი აბულაძემ (63 კგ) იასპარეზა. მომავალი ჩემპიონი შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაება - ჯერ დაამარცხა უკრაინელი და გერმანელი მოწინააღმდეგეები, ფინალში კი აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს 3-1 მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.


ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ნუგზარ წურწუმიას (55 კგ). მომავალი ფინალისტიც ასევე მეოთხედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას. მოუგო თურქ და მოლდოველ მეტოქეებს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 2-8 დამარცხდა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.


ბუდაპეშტის ხალიჩაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ). ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი მირკო მინგუზის ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით 3-3 მოუგო.


3 აპრილს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფინალში იასპარეზებენ შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ).