ქუთაისმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა და პირველობა 1 დღით დაიბრუნა
ქუთაისმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა და პირველობა 1 დღით დაიბრუნა
02.04.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "ბათუმმა" სუპერლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ "კაკტუსს", რომელსაც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვდებოდა და პირველ პერიოდში 15, ხოლო მესამეში 9 ქულას აგებდა, დრამატული მატჩი მოუგო - 84:79 (სტატისტიკა). ამასთან ერთად, ბათუმელებს მესამე პერიოდში ბექა ბექაური, ხოლო ბოლო მეოთხედის დასაწყისში სოსო გოგნაძე გაუვარდათ. გადამწყვეტი პერიოდი, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, აჭარულმა გუნდმა ფაქტობრივად მეფარეების გარეშე ჩაატარა და ამის მიუხედავად, გამარჯვება მაინც მოახერხა.


"კაკტუსს" გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ირაკლი ხოშტარიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კაკტუსელებმა სუპერლიგაში ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს, თუმცა გუნდმა წარმატებული სერია 2 წაგებით შეწყვიტა და კვლავ დაბლა დაეშვა. შესაბამისად, "ბათუმთან" მოგებას "კაკტუსის" ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და გუნდმა შეხვედრა მშვენივრადაც დაიწყო - 19:4 პირველი პერიოდის შუაწელში.




მთლად ასეთი ლიდერობით არა, მაგრამ მთელი 3 პერიოდი კაკტუსელები იგებდნენ. ზღვისპირელები სხვადასხვა ტაქტიკით ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას და ამას გარკვეულწილად ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ მესამე პერიოდის მიწურულს გუნდს 5 პერსონალურის გამო ბექა ბექაური გამოაკლდა. მეოთხე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, იგივე მიზეზით მოედნიდან ბათუმელთა მეორე მეფარე - სოსო გოგნაძეც რომ გავარდა. ამ მომენტში ანგარიში უკვე თანაბარი იყო - 69:69, თუმცა ბათუმელებს ძირითადი ხუთეულის ცენტრი და თავდამსხმელი გამოაკლდათ და ...


აჭარული გუნდი ინდივიდუალურ თამაშზე გადავიდა. კომბინაციების გათამაშებაზე მეტად სტუმრებმა თამაშის საკუთარ თავზე აღებას მიჰყვეს ხელი - დანჯელო სტიუარტმა, საბა ლობჯანიძემ, ლაშა ოჩხიკიძემ და სპენსერ კოლინსმა არაერთი გარღვევა ჩააგდეს, რითაც ლიდერობას კბილებით ინარჩუნებდნენ. კაკტუსელთა წელში გამტეხი ბურთი სწორედ კოლინსმა ჩააგდო, როცა საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე, შეტევისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის წინ ნასროლი სამქულიანი მიითვალა. "ბათუმი" 4 ქულით დაწინაურდა და როცა კაკტუსმა საპასუხო შეტევა გააცუდა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა.


ბათუმელებს 14 ქულით, 10 პასით და 7 მოხსნით დე ანჯელო სტიუარტმა ულიდერა. 20 ქულა სპენსერ კოლინსმა დააგროვა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 9 მოხსნა იყო. კაკტუსში 22 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი, 17 ქულა რევაზ როგავას ანგარიშზეა.


***


"ქუთაისმა" სუპერლიგის ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა, თუმცა ხვალამდე. კვირას, ოლიმპიურ სასახლეში თსუ "მეგას" დაუპირისპირდება და რომც წააგოს, პირველ ადგილზე გადავა. დაკარგული ქულებით უნივერსიტეტელები ლიდერები არიან, თუმცა იმერულმა კლუბმა დღეს "ცხუმ-აფხაზეთის" ძლევით დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.


"ცხუმ-აფხაზეთი" საიმისოდ იბრძვის, რომ მე-10 ადგილი აირიდოს და სუპერლიგაში დასარჩენ საკვალიფიკაციო სერიას ასცდეს. ეს გუნდის პროგრამა მინიმუმია, თორემ ცხუმელებს 8 საუკეთესო გუნდში შესვლის შანსიც აქვთ, რაც მათ პლეი ოფიში ასპარეზობის უფლებას მისცემს.




შესაბამისად, დღევანდელ მატჩს ცხუმელთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "ქუთაისი" ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა მოსაგებად შემართული გუნდისთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა "ცხუმ-აფხაზეთმაც" ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლა, თუმცა საწადელს მაინც ვერ მიაღწია. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს ქუთაისელებმა მოახერხეს და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს - 60:51 დიდი შესვენებისთვის.


მესამე პერიოდიდან დაიწყო ცხუმ-აფხაზეთის დევნა, რაც ბოლო პერიოდის შუაწელში წარმატებით დასრულდა. ცხუმელებმა ანგარიში გაათანაბრეს და სავარაუდოდ დაძაბული ფინალური წუთების დროც დადგა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა - კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა გააზრებული და ზუსტი თამაშის შედეგად მოახერხეს კვლავ 10-ქულიანი ლიდერობის მოპოვება და მეტოქეს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ დარჩა.


ქუთაისელებმა საბოლოო 102:92 (სტატისტიკა) დაამარცხეს "ცხუმ-აფხაზეთი, რაშიც ლომის წილი  ამერიკელთა ტანდემმა - ჯარვის რეიმ და სტივენ ფლეტჩერმა დაიდო. ორივემ 22-22 ქულა მოაგროვა. 18 ქულა და 9 პასი ადრიან ბოუის ანგარიშზეა. ცხუმ-აფხაზეთში 25 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ჯაი უილიამსმა. ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა და 7 პასი დაგროვდა.


სუპერლიგის ტურის დარჩენილი 3 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში კვირას, 3 აპრილს გაიმართება.