
ანთალიაში მიმდინარე გრან სლემზე დღეს, ქართველებმა კიდევ ორი მედლის აღება მოახერხეს. 4 წონით კატეგორიაში, დილიდან სტარტი ექვსმა სპორტსმენმა აიღო. თუმცა, ფინალურ ბლოკში, მხოლოდ ორმა გააღწია.
მორიგი ოქრო მოუტანა საქართველოს ნაკრებს გურამ თუშიშვილმა. +100კგ წონაში მოასპარეზე გამოცდილმა ქართველმა ძიუდოისტმა, ანთალიის ტატამზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ავსტრიელი დანილ ალელსტორერი დაამარცხა, რომელსაც, სლოვალკი მარიუს ფაიზელი მიაყოლა, 1/2 გადასასვლელ ორთაბრძოლაში კი, კუბელ ენდი გრანადას მოიგო. აღსანიშნავია, რომ აქ, „თუშის" ორი შიდო ჰქონდა, თან დასაწყისშივე აღებული და შეიძლება ითქვას, „ბეწვის ხიდზეც" კი, გაიარა. თუმცა, ბოლო წამებზე აღებული ვაზარით, 1/2 ფინალში გავიდა. ფინალში გასასვლელად, გურამმა გზიდან ფრანგი ჟოზეფ ტერესი დაამრცხა ოპონით. იქ კი, უზბეკ ალიშერ იუსუფოვს დაუპირისპირდა. შეხვედრის დასაწყისშივე უზბეკს შიდო მისცეს, თუმცა, მალევე, მან ვაზარის აღება მოახერხა. დრო საკმაოდ იყო და „თუშიც" ტაქტიკურად შეეცედა მეტოქის გატეხვას, რაც საბოლოოდ მოახერხა კიდეც და ულამაზესი იპონით, ოქროს მედალი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისას დასანანი მარცხის შემდეგ ფინალში, „თუშიმ" უკვე 2022 წლის მეორე გრან სლემი მოიგო (თელ-ავივის შემდეგ ანთალიის), ასე, რომ ახლა ჯერი თბილისის გრან სლემზეა.

ახლოს იყო ოქროსთან -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძეც, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ფინალისკენ გზად, ჯერ თუქრი ომერ აიდინი დაამარცხა, შემდეგ ყაზახი ერსულტან მუზაპპაროვი და ბოლოს, ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიანოვიც მიაყოლა. 1/2 ფინალში, ნიდერლანდელ ჯასპერ სმინკი დაამარცხა. ქართველმა ჯერ ვაზარის აღება მოახერხა, თუმცა შეხვედრა ეფექტური იპონით დაასრულა და ფინალში გავიდა. აქ, მისი მოწინააღმდეგე, კუბელი სილვა მორალესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაისურაძემ ყველაფერი სწორად გააკეთა, კუბელმა მას მცირედი უყურადღებობა არ აპატია და იპონით დაამარცხა. ლუკამ, ანთალიის გრან სლემის ვერცხლის მედალი მოიგო.
ამავე წონაში, ასპარეზობდა ბექა ღვინიაშვილიც. თუმცა, გამოცდილი ქართველი, ტრადიციულ და უკვე უხერხულ მეტოქესთან, ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან ანთალიის გრან სლემის სტარტზევე დამარცხდა.
კიდევ, ორმა ქართველმა იასპარეზა დღეს -100 კგ წონით კატეგორიაში. გიორგი ბერიაშვილმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ბრაზილიელი ვილიამ სოუზას დამარცხება მოახერხა. თუმცა, მომდევნო ორთაბრძოლაში, კანადელ შადი ელნაჰასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ფინალურ ბლოკთან ახლოს იყო ონისე სანებლიძე, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ჩილელი თომას ბრიკენო დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა ქართველმა, მიუხედავად იმისა, რომ ორი შიდო ჰქონდა „აკიდებული", მოახერხა და გერმანელ კარლ-რიჩარდ ფრეის ვაზარით მოიგო. ამის შემდეგ სანებლიძე, ჟორჟ ფონსეკას გადაეკვეთა. პორტუგალიელმა, ვაზარის აღება მალევე მოახრეხა, ქართველი კი, რაღაც იტკიებდა, თუმცა, ასპარეზობას აგრძელებდა. საბოლოოდ, ფონსეკამ ჩვენიანი იპონზე დააგდო, შემდეგ კი, ტატამიდან გასვლაშიც დაეხმარა. ქართველი რეპეშაჟში გადავიდა, თუმცა, ტრავმის გამო მატჩზე ვეღარ გამოცხადდა. ფონსეკა კი, ფინალში, „როგორც იქნა", ამ წონაში ამოსულ, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნოკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდა და დაამარცხა.

ქალთა შორის +78კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც პირველი წრიდან დაიწყო გამოსვლა და პოლინელი კინგა ვოლცჟაკი დაამარცხა. თუმცა, მომდევნო დაპირისპირებაში კი, თურქული გრან სლემის წონის გამარჯვებულთან, ფრანგ ლეა ფონტენთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

საერთო ჯამში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ანთალიის გრან სლემზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიგო და ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ფოტო: © გაბრიელა საბაუ





ჩვენ








