
სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი "რუსთავი" რთულ ვითარებაშია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს, რომელსაც ცოტა ხნის წინ თითქოს არაფერი ემუქრებოდა, ბოლო 4 მატჩი წააგო და გასავარდნ ზონაშია. მართალია, ქვემოქართლელებს ბოლო ადგილი და სუპერლიგიდან "ა" ლიგაში პირდაპირ დაქვეითება არ ემუქრებათ, თუმცა დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რეალური შანსია, რუსთაველებმა მე-10 ადგილი დაიკავონ და სუპერლიგაში ადგილის დაცვა საკვალიფიკაციო სერიაში მოუხდეთ. შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს "ა" ლიგის ფინალისტთან მოუწევს საკვალიფიკაციო სერიის თამაში და გამარჯვებული მომავალ სუპერლიგაში ადგილს მოიპოვებს.
ქვემოქართლელებს ცუდი სენი აქვთ. უმეტესწილად, დამაჯერებლად იწყებენ, ლიდერობენ და თითქოს არაფერი ემუქრებათ, თუმცა მეორე ნახევარში, უფრო კი ბოლო პერიოდში ყველაფერი თავდაყირა დგება და უიმედოთ აგებენ. ასე იყო თსუ-სთან, ასე იყო "კაკტუსტან" და ასე იყო დღეს, "ტიტებთან". ბესიკ ლეჟავას გუნდმა პირველი ნახევარი 7 ქულით წააგო და საქმის გამოსწორება მესამე პერიოდიდან დაიწყო. კარგადაც გამოუვიდათ. პერიოდის მიწურულს ტიტებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მთავარი დარტყმა მეტოქეს ბოლო ათწუთეულში მიაყენეს.
3 უცხოელი კალათბურთელის, ჯავიონ ოგუნიემის, კრის პარკერისა და ისააკ ასრატის წინამძღოლობით "ტიტებმა" 15-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, "რუსთავს" წარმატების შანსი არ მისცემია. საბოლოოდ 90:83 (სტატისტიკა) და "ტიტებმა" სატურნირო ცხრილის შუაში გამაგრდა. ბესიკ ლეჟავას გუნდს "ა" ლიგაში დაქვეითების საფრთხე კონკურენტებზე ნაკლებად ემუქრება.
გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ოგუნიემისმ, რომელმაც 25 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა. ოგუნიემიმ მოხსნებში მიმდინარე სეზონის საკუთარი რეკორდი გაიმეორა. 24 ქულა დააგროვა კრის პარკერმა, ხოლო ისააკ ასრატმა 21 ქულა და 13 პასი მიითვალა და 2 პასით ჩამორჩა ოლიმპელი გივი ბაქრაძის მიმდინარე სეზონის რეკორდს. "რუსთავში" 26 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი, 18 ქულა დააგროვა ლუვეინ პიპკინსმა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.
***

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კვლავ ლიდერია. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა თსუ-მ უხერხული მეტოქე "მეგა" 72:64 (სტატისტიკა) დაამარცხა და 1 დღით დაკარგული სუპერლიგის ლიდერობა დაიბრუნა.
თსუ-მ "მეგასთან" წინა დაპირისპირება დათმო, რომელიც გუნდებმა 3 კვირის წინ საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში ჩაატარეს. პირველ წრეში უნივერსიტეტელებს"მეგა" 88:77 ჰყავდათ დამარცხებული და ამჯერადაც, როგორც თავში ნახეთ, დაახლოებით ამ სხვაობით მოუგეს.
სათქმელია, რომ ამჯერად თსუ-მ უფრო მეტი ინერვიულა, ვიდრე პირველ წრეში მოგებულ მატჩში. ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ნახევარში მოპოვებული 20-ქულიანი ლიდერობა (42:22) ბოლო პერიოდში გაანიავა. შეხვედრის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე ტაილერ კორბინის სამქულიანი შემდეგ ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე (64:69) შემცირდა.
მართალია, თსუ-ს მეტოქე ამაზე ახლოს აღარ მიუშვია და ლიდერობა მალევე კვლავ საიმედო გახადა, თუმცა იმ მომენტში აღებული წუთშესვენებისას უნივერსიტეტელთა ბანაკში გვარიანი იმედგაცრუება სუფევდა. ლაფანაშვილმა მკაცრი შენიშვნები მისცა გუნდის წევრებს, რომლებიც მეტი მობილიზებით დაბრუნდნენ მოედანზე და დარჩენილი დრო ისე ჩაითამაშეს, მეტოქისთვის წარმატების შანსი აღარ მიუციათ.
საკვანძო ბურთები ლოველ ქაბილმა ჩააგდო, რომელმაც ბოლო წუთზე ჩაჭრაც განახორციელა და ტრადიციულად, თსუ-ს შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხნა და 3 პასი დაგროვდა. არანაკლებ სასარგებლო იყო პაპ დიოპი, რომელმაც ფარზე კარგად იმუშავა და მოხსნებთან ერთად (11) ქულებიც (12) აგროვა. 11 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა, 10 ქულა რაილ ოუენსმა მიითვალა. "მეგაში" 24 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო ჯიმონ ჰენსონი. 16 ქულა ტაილერ კორბინმა დააგროვა.
***

სუპერლიგის მორიგი ტური საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩით დასრულდა. საკალათბურთო კლუბმა "ვერამ", რომელიც პირველი წრის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით მეორე ადგილს იყოფდა, მეორე წრეში მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობასთან ერთად იმიჯიც გვარიანად გაიუარესა. ლიდერებიდან "ვერა" აუტსაიდერებში გადავიდა, თუმცა პირველ წრეში მოპოვებული ბევრი გამარჯვებები ადგილს ცხრილის ზედა ნაწილში ჯერჯერობით უნარჩუნებდა.
სწორედ ამის გამო, იმიჯის აღსადგენად და ცხრილში უიმედო დაქვეითების თავიდან ასაცილებლად ვერელებს რეაბილიტაცია სჭირდებოდათ, რასაც უთუოდ მოუტანდა დღევანდელი მეტოქის ძლევა, თუმცა "ოლიმპი" რიგითი გუნდი არ გახლავთ. დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა , რომელიც ცხრილში "ვერას" მეზობელი და შესაბამისად უშუალო კონკურენტია, დიდებულად ითამაშა და ისეთი შეხვედრა მოიგო, რომლის მოგონებებიც დიდ ხანს გაჰყვებათ მოთამაშეებსაც და ქომაგებსაც.
"ვერამ" ძალიან მობილიზებულად დაიწყო თამაში და ლიდერობას თავიდანვე დაეპატრონა. პირველი პერიოდი დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა 23:15 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეული ფრედ - 19:19 დასრულდა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. მესამე პერიოდში საარაკო ამბავი მოხდა. ოლიმპელებმა მეტოქეს ისეთი გაქცევა მოუწყეს, რომლის ანალოგიც არათუ სუპერლიგაში, ზოგადად კალათბურთში იშვიათად მოიპოვება. დაახლოებით 6-წუთიანი მონაკვეთი როგავას გუნდმა 30:4 მოიგო და 13-ქულიანი ჩამორჩენა (36:49) 13-ქულიან ლიდერობად აქცია (66:53).
ასეთი კატასტროფული 6 წუთის შემდეგ ვერელებმა საკუთარ თავში ძალა მონახეს და თამაშში ხომ დაბრუნდნენ. მოსაგებადაც გაიწიეს. ბოლო პერიოდის დასაწყისში ობრი მაკალპინის, ზაკ სელიასის, ვახტანგ ქადარიას და გიორგი ვახანიას მექულეობას ვერელთა დაწინაურება მოჰყვა - 74:67 შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე. ახლა კვლავ ოლიმპელებს გაუხდათ თამაში გადასარჩენი, რაც კახაბერი ჯინჭარაძის, გივი ბაქრაძის... ზოგადად გუნდის შეკრული და ბრძოლისუნარიანი თამაშთ მოახერხეს კიდეც.
ოლიმპმა" ლიდერობა შეხვედრის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე, იმორას ეიჯის შედეგიანი შეტევის შემდეგ დაიბრუნა (77:76), რასაც გივი ბაქრაძის უბადლო თამაში მოჰყვა და დავით როგავას გუნდმა გამარჯვება გაინაღდა. საბოლოოდ 85:80 (სტატისტიკა) და "ოლიმპმა" ვერას მე-3 ადგილი წაართვა.
სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 10 და 11 აპრლილს გაიმართება, მანამდე კი საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალი ჩატარდება.
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








