ახალი სპორტის სასახლე ვადებში მოესწრება - საკითხი, ფიბა-ში განხილვის თემა იყო
ახალი სპორტის სასახლე ვადებში მოესწრება - საკითხი, ფიბა-ში განხილვის თემა იყო
04.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოესწრება თუ არ მოესწრება? ჩატარდება თუ გადაიტანენ? ეს არის კითხვები, რომლებიც ქართული კალათბურთის ქომაგებს, ნანატრი ევრობასკეტის მოლოდინში აფიქრებთ. თბილისში, ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მშენებარე ოლიმპიურ სასახლეში, სულ რაღაც ერთი თვის წინ ხანძარი გაჩნდა და უკვე აშენებული შენობის, სახურავი და ზედა იარუსის კედელი დაიწვა.

შემუშავებულია სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სამშენებლო კომპანია ზედმიწევნით ასრულებს. ფიბა-ში ყველა კმაყოფილია და არანაირი პრეტენზია არა აქვთ. ეჭვიც არ გამოთქმულა თბილისის დარბაზის მშენებლობის დათქმულ ვადაში დასრულებასთან დაკავშირებით", - ამბობს ფიბა-ს ბორდის წევრი და  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.




შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა კომისია, რომელშიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, სპორტის სამინისტროსა და ფიბა-ს წარმომადგენლები შევიდნე. ამ კომისიის მუშაობის საფუძველზე, ფიბა ყოველკვირეულად განახლებულ ინფორმაციას იღებს, თუ როგორ მიმდინარეობს დარბაზის მშენებლობა.


4 ივლისს სწორედ ახალ არენაზე უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ესპანეთთან. 15 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნება, რომელშიც 20 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატზე დღეში ათი მატჩი უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, ფიბა ითხოვს სამ სათამაშო მოედანს. მსგავსი კომპლექსი, რომელშიც სამი დარბაზია, ევროპაში ბევრი არ არის", - ამბობს ქართველიშვილი.


ეს არის ფოტო ხანძრის შემდეგ გადაღებული, მეორე კი, დღეს. ფასადური ნაწილის აღდგენის პარალელურად, არ ჩერდება სამუშაოები უშუალოდ დარბაზში.




კიდევ ერთი თემა, რომელიც ქართველებს გვაინტერესებს, ევრობასკეტზე, ჩვენი ჯგუფი და იქ მოასპარეზე ერთ-ერთი მეტოქე რუსეთის ნაკრებია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მსოფლიოსა და ევროპის მთელმა რიგმა სპორტულმა ფედერაციებმა რუსეთის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე კლუბები მოკვეთა საერთაშორისო სარბიელიდან, ამ მომენტამდე უცნობია, ჩამოვა თუ არა რუსეთი ნაკრები ევრობასკეტ 2022-ზე თბილისში, სადაც ესპანეთის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების გარდა, სწორედ, მათ უწევთ ასპარეზობა.


„მაისის ბოლოს გაიმართება ფიბა-ევროპის კონგრესი, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება რუსეთის ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატებზე დაშვება-არდაშვების საკითხი. ივლისამდე სანაკრებო დონეზე აქტიურობა არ არის, ამიტომაც გადაწყდა რუსეთის საკითხზე მსჯელობა მაისის კონგრესზე", - ამბობს ქართველიშვილი.


ვინ ჩაჯდება ჩვენს ჯგუფში, რუსეთის ნაცვლად? შესარჩევ ეტაპზე, „რუსეთის ჯგუფიდან" ჩრდ. მაკედონია ვერ გავიდა. თუმცა, არის კიდევ, მონტენეგრო, ნაკრები, რომელსაც ევრობასკეტის მიღმა დარჩენილ გუნდებს შორის, საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი აქვს. დიდი ალბათობით, რუსეთისთვის საკალათბურთო „ვერდიქტი" მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.




და რადგან სიტყვამ, რუსეთი მოიტანა, ჩვენ კიდევ ერთი კითხვა გვაქვს - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ასეც და ისეც, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესრჩევი ეტაპიდან გასულია. წინასწარი მონაცემებით, ჩვენი სავარაუდო მეტოქე, კვლავ, რუსეთი უნდა იყოს. თუკი, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პერიოდში, რუსეთი კვლავ დასჯილი იქნება, მაშინ ჩვენი შესარჩევი ჯგუფიდან გასულ სამ ნაკრებს - ესპანეთს, საქართველოსა და ამ მომენტისთვის უკრაინას ჯგუფში, იტალია, ნიდერლანდები და ისლანდია ჩაუჯდებიან. თუმცა, ამ მოცემულობაში, უცნობია, რა პრინციპით გადმოჰყვებათ, რუსეთთან ნათამაშები ქულები. თუმცა, აქ კიდევ არის ერთი თუმცა! თუკი ჩვენი ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე უკრაინა გადავა, მაშინ არაა გამორიცხული, ავტომატურად, რუსეთი მეორე შესარჩევი ჯგუფური ეტაპიდან ავიცილოთ.




და ბოლოს, უკრაინა, ლატვიასთან, კვიპროსთან და ფინეთთან ერთდ, ევრობასკეტი 2025 წლის მასპინძელი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიუნხენში გაიმარულ ფიბა-ევროპის ბორდის სხდომაზე მიიღეს.