შერმადინის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში თურქულ თოფაშთან
შერმადინის 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში თურქულ თოფაშთან
07.04.2022
ავტორი: ი.პ.

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი დაიწყო. ტურნირი 8 გუნდს შორის არის გიორგი შერმადინის "ტენერიფე", რომლის მეტოქეც მეოთხედფინალში თურქული "თოფაშია". სერია 2 მოგებამდეა და ტენერიფელები უკვე 1:0 უგებენ. პირველი შეხვედრა ესპანურმა კლუბმა შინაურ არენაზე დაძაბულ ბრძოლაში - 78:77 მოიგო.

რაც შეეხება კანარის კუნძულებზე გამართულ შეხვედრას, ადგილობრივმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი მეოთხედის 31:17 მოგების შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დარჩენილ დროში სხვაობა კიდევ უნდა გაზრდილიყო. თუმცა „თოფაზმა" ბოლომდე იბრძოლა და უკანასკნელ წუთებზე გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.„ტენერიფეს" რიგებში 27 ქულით ფინელი სასუ სალინი გამოირჩა, რომელმაც 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. გიორგი შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 17 ქულა (8/5 ორქულიანი, 10-დან 7 საჯარიმო), 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება. საერთო სარგებლიანობით შერმადინი მხოლოდ სალინს ჩამორჩა ამ შეფარდებით: 25-21.


„ტენერიფე" ბურსაში განმეორებით შეხვედრას 12 აპრილს გამართავს და თუკი თურქული კლუბი იმარჯვებს, სერიის გადამწყვეტი მატჩი ესპანეთში ჩატარდება.


ასევე ნახეთ ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან