
საქართველოს სუპერლიგის მიმდინარე სეზონის კალენდარში ცვლილებები მოხდა. 31 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩი გადაიდო და მათი გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება. ამის შესახებ განცხადება დღეს, კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. თამაშების გადადების მიზეზი ძიუდოს მსოფლიოს თასის გათამაშებაა, რომელსაც თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. მატჩები, "კაკტუსი" - "მარნეული" და "სოხუმი" - "ოლიმპი", რომლებიც 31 მარტს უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება.
დღეს, კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 3 კალენდარული მატჩი გაიმართა. გთავაზობთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ტურის მიმოხილვას.
„მარნეული-დელტა" - „რუსთავი 84-87
სუპერლიგის მე-3 წრე 25-ე ტურით დაიწყო. დაძაბულ ბრძოლაში "რუსთავმა" მარნეულის "დელტა" დაამარცხა. მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე გადაწყდა, როცა თანაბარ ანგარიშზე რუსთაველთა სნაიპერმა რეზო ჩაჩანიძემ ლამაზად გათამაშებული სწრაფი შეტევა სამქულიანით დააგვირგვინა - 87-84.
მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ აგრძელებდა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას, ლიდერიც არაერთხელ შეიცვალა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო წუთზეც თანაბარი ანგარიში იყო. პირველი პერიოდი თანაბარი ანგარიშით დასრულდა, ხოლო მეორეს შემდეგ, დიდი შესვენებისთვის, მარნეულელებმა 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს - 48-43. მატჩის შუაწელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რის გამოც რუსთაველები ძირითადი გამთამაშებლის - ლევან ცეკვავას გარეშე დარჩნენ.
ცეკვავას შეხლა-შემოხლა საკუთარ თანაგუნდელთან, ამერიკელ ბრაიან ბერნარდისთან მოუხდა, რის გამოც მსაჯებმა ის მოედნიდან გააძევეს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილ რუსთაველებს დიდი ბრძოლა მოუხდათ მატჩის სათავისო შედეგის დასამთავრებლად. სტუმრებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ბოლო წამებზე კარგი დაცვის ხარჯზე მარნეულელებს ბურთი აართვეს. სწრაფი შეტევა ჩაჩანიძემ გამარჯვების სამქულიანით დააგვირგვინა.
ჩაჩანიძემ საბოლოოდ შეხვედრა 24 ქულით დაასრულა, ხოლო ბომბარდირი ტაირელ ნელსონი გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. სამმაგი დუბლი შეასრულა ადამ ბლეიზეკმა - 11 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა. "მარნეულში 26 ქულით საუკეთესო ნიკოლას ნილი გახდა. 10-10 ქულა გიორგი ვახანიამ, საბა ლობჯანიძემ და არტიომ შვეცმა მოაგროვეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი - "რუსთასვის" მთავარი მწვრთნელი: "ძალიან დაძაბული თამაში იყო. ისედაც გვაკლია მოთამაშეები და მატჩის მსვლელობისას ცეკვავას გამოკლება დიდი დარტყმაიყო ჩვენი გუნდისთის. მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაში მოგებამდე მიეყვანათ და ამის გამო მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვულოცავ ბიჭებს ამ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვაგრძელებთ სეზონის დასვნითი ეტაპისთვის სამზადისს"
თემურ კანკია - "მარნეულის" მთავარი მწვრთნელი: "მთელი თამაში უენერგიოდ ვიყავით. საშუალება მივეცით მეტოქეს, სწრაფ შეტევებში ეხეირათ. ამ კომპონენტის შედეგად რუსთაველებმა 32 ქულა გააკეთეს, ფარზეც მშვენივრად იბრძოდნენ და ეს ყველაფერი გახდა კიდეც ჩვენი წაგების მიზეზი".
მატჩის სტატისტიკა
„მგზავრები" - „სოხუმი" 100-83
25-ე ტურის მორიგ მატჩში უიმედო აუტსაიდერი "სოხუმი" "მგზავრებს" შეხვდა და 17 ქულის სხვაობით - 83-100 დამარცხდა. ოფიციალურად ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა ფაქტობრივად სოხუმელები რეგულარულ ჩემპიონატსი ბოლო ადგილს დაიკავებენ. გუნდმა 1 ლეგიონერის გარდა ყველა გაუშვა და დარჩენილ თამაშებში ძირითადად ახალგაზრდებს დაეყრდნობა.
ასეტ ვითარებაში სოხუმელებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხების ძალიან მიზერული შანსი აქვთ. შესაბამისად, გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მორიგ მეტოქე "მგზავრებთანაც" ვერაფერი გააწყო. მართალია, სოხუმელებმა იბრძოლეს, მაგრამ ეს მხოლოდ მატჩისთვის ინტრიგის შენარჩუნებას გასწვდა. დასკვნით ათწუთეულში "მგზავრების" ლიდერობამ 30 ქულას მიაღწია და ყველაფერი გაირკვა.
"მგზავრებში" 23 ქულით ვეტერანი დავით ბარბაქაძე გამოირჩა. 19 ქულა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. სოხუმში 20 ქულით უკრაინელი სერგეი პრიმაკი გამოირჩა. 17 ქულა და 10 მოხსნა სერგო ათუაშვილმა დააგროვა. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა ტატო ზუზაძემ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: "მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მე-4 თამაში მოვიგეთ. რეალურად გუნდი კაი ფორმაშია, მაგრამ ეს არ კმარა იმისთის, რა მიზნებიც გვაქვს. გვინდა ოთხეულში შესვლა და ვემზადებით, რათა დავხვეწოთ ყველა კომპონენტი და შესაბამისად, პლეი ოფისთვის მოვემზადოთ".
გია კაზანჯიანი, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი: "გუნდის მიზანი ახლა სეზონის ჩამთავრებაა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ პლეი ოფში ვერ გავალთ. ლეგიონერები გავუშვით. მხოლოდ ახალგაზრდა უკრაინელი, სერგეი პრიმარკი დარჩა და ახალგაზრდები დარჩენილ თამაშებში გამოცდილებას იღებენ".
მატჩის სტატისტიკა
„ოლიმპი" - „კაკტუსი" 64-82
სუპერლიგის 25-ე ტურის დღეს დაგეგმილი მატჩები დასრულდა. დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს "ოლიმპი" და "კაკტუსი" დაუპირისპირდნენ. ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების მატჩი დაძაბული უნდა გამომდგარიყო. დაძაბულობა კი იგრძნობოდა, მაგრამ ანგარიშში მთელი შეხვედრის მანძილზე არსებული სოლიდური სხვაობა თამაშს დამატებით ელფერს უკარგავდა.
"ოლიმპი" ერთ-ერთი ყველაზე ტრავმებით გატანჯული გუნდია, თუმცა დღევანდელ მატჩში ამ მხრივ არც "კაკტუსი" ჩამოუვარდებოდა. კაკტუსელებს აკლდათ 2 ამერიკელი ლეგიონერი - ტერიკ ბრიჯმენი და კრისტიან ჯონსონი, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, არჩილ ჟღენტის გუნდს პირველი პერიოდი 31-10, ხოლო მეორე - 18-16 მოეგო. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის კაკტუსელთა 23-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა, მეორე მეოთხედის მსვლელობისას კი ერთხანს სხვაობამ 30 ქულასაც გადააჭარბა.
მეორე ტაიმიდან "ოლიმპმა" თამაში გამოასწორა. მოედანზე სულ სხვა გუნდი გამოვიდა, რომელმაც ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა და ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად ბოლო პერიოდი დარჩა. დიდი მონდომებისა და ბრძოლის ხარჯზე "ოლიმპის" მოთამაშეებმა ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება მოახერხეს და წინ კიდევ ხუთიოდ წუთი იყო, მაგრამ "კაკტუსმა" მეტოქეს მეტის საშუალება არ მისცა. საკვანძო ბურთების ჩაგდებისა და დაცვის გამაგრების ხარჯზე კაკტუსელებმა კვლავ მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა, რის გასაბათილებლად "ოლიმპს" დრო აღარ დარჩა.
საბოლოოდ "კაკტუსმა" 82-64 გაიმარჯვა, რაშიც 26-ქულიანი წილი დეანდრე პარსმა დაიდო. 22 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა დავით ლომიძემ, ხოლო ჯონ მიჩელმა ორმაგი დუბლი - 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. "ოლიმპში" საუკეთესო შედეგი რევაზ როგავამ დააფიქსირა - 17 ქულა, 9 მოხსნა. 12 ქულა მორის ჰილის ანგარიშზე დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები-
არჩილ ჟღენტი - „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი: „თასის ფინალში გასვლის შემდეგ, ერთი თამაში ჩავაგდეთ. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით. კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში დიდი უპირატესობით ვიგებდით, თუმცა შემდეგ ცოტა მოდუნდა გუნდი, ამიტომ ბოლო წუთებში დაიძაბა თამაში, მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება და ჩვენ საბოლოოდ მოვახერხეთ გამარჯვება."
დავით როგავა - „ოლიმპის" მწვრთნელი: „სამწვრთნელო შტაბი წაგებას საკუთარ თავზე იღებს, სათანადოდ ვერ მოვამზადეთ გუნდი დღევანდელი მატჩისთვის, შედეგიც სახეზე იყო, პირველივე პერიოდში 20 ქულა წავაგეთ, დიდი შესვენებისთვის კი 30 ქულამდე გაიზარდა ეს სხვაობა. აქედან გამომდინარე, ამ თამაშის შემობრუნება უკვე შეუძლებელი იყო."
მატჩის სტატისტიკა
25-ე ტურის ბოლო მატჩი ხვალ, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ "ქუთაისი" ჩავა.





ჩვენ








