ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი ტალინში გათამაშდება
ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი ტალინში გათამაშდება
13.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიგურულ ციგურაობაში, 2021-2022 წლების სეზონის ბოლო შეჯიბრი, 14 აპრილს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში აიღებს სტარტს. სეზონის ბოლო მედლები, იუნიორთა  შორის, მსოფლიო  ჩემპიონატზე გათამაშდება. ამის შესახებ, ინფორმაციას, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

2021-2022 წლების  სპორტული სეზონის  ბოლო საერთაშორისო  სტარტზე,  რომელშიც 40 -ზე  მეტი  ქვეყნის 145 სპორტსმენი  მიიღებს მონაწილეობას, საქართველო სამ სახეობაში - ბიჭების ერთეულთა თანრიგში, სპორტული  წყვილებსა და სპორტული ცეკვებში იქნება წარმოდგენილი.


სპორტულ წყვილებში, ტურნირის ფავორიტებად, ჩვენი  კარინა  საფინასა  და  ლუკა  ბერულავას  წყვილია მიჩნეული. წყვილი, რომელმაც მიმდინარე სეზონს (ოლიმპიურ  თამაშები, ევროპისა  და მსოფლიო  ჩემპიონატები) საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი. შესაბამისად, მიღწეული წარმატებების  გათვალისწინებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეზონის ბოლო  ჩემპიონატის  რეალურ  ფავორიტებად  ითვლებიან.


პირველად კი, ყინულზე, იულია ლებედევა-ბითაძესა და  დიმიტრი პარხომენკოს  მოცეკვავე  წყვილი  იასპარეზებს,  სპორტულ  ცეკვებში. ისინი, 14 აპრილს, მოკლე პროგრამებით  მე-9  სასტარტო ნომრებით  გამოვლენ.


პირველად, ასეთი რანგის ტურნირზე ძალებს სცდის, 14 წლის  ქართველი სპორტსმენი კონსტანტინე  სუპატაშვილი, რომლისთვისაც ტალინის  მსოფლიო  ჩემპიონატი პირველი ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო სტარტი იქნება. კონსტანტინე, ვაჟთა შორის 25 ქვეყნის, 33 მოციგურავეს შეეჯიბრება.



სეოკ-ის ფოტო / ხატია ჯიჯეიშვილი