სეზონის ბოლო სტარტის წინ, მცირე ოქროს მედლები
სეზონის ბოლო სტარტის წინ, მცირე ოქროს მედლები
15.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტალინში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს წარმომადგენლებმა სპორტულ წყვილებში, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მცირე ოქროს მედლები მოიგეს. 2021-2022 წლების სეზონზე, ახალგაზრა და ახალი წყვილის საკმაოდ საინტერესო თავგადასავალის დასრულებამდე, ბოლო სტარტიღა რჩება, თავისუფალ პროგრამაში, რომელიც 15 აპრილს არის დაგეგმილი. ჩვენები, მოკლე პროგრამაში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ყინულზე, სულ ბოლოს გამოვლენ და მოკლე პროგრამის შემდეგ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდებიან.

„ძალიან გრძელი სეზონი იყო. მარტში, როგორც წესი, ჩვენი სეზონი მთავრდება ხოლმე. ოლიმპიური თამაშები, შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი, საკმაოდ დიდი დატვირთვა მოვიდა კარინაზე და ლუკაზე და ახლა, კიდევ ეს ტურნირი... ვარჯიშებზეც ემჩნევათ, რომ გადაღლილები არიან, თუმცა, ბოლომდე ბრძოლას და ოქროს მედლების მოგებას შეეცდებიან. ამას გარდა, მათ, პროგრამის შეცვლა მოუხდათ, ვინაიდან იუნიორებისა და სინიორების პროგრამები განსხვავებულია წუთობრივად და ელემენტებით. მათაც, ძველ პროგრამაზე გადაწყობა მოუწიათ", - ამბობს მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი TSFF.Ge-სთან საუბარში.




მოკლე პროგრამაში კი, ჩვენები მე-9 ნომრით გამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელემენტი უნაკლოდ შეასრულებს, ქართულ წყვილს, აშკარად დაღლა ეტყობოდა. თუმცა, ამ გარემოებას, ხელი არ შეუშლია მათ მოკლე პროგრამა მოეგოთ, რაც საბოლოო გამარჯვების იმედსაც იძლევა. ტექნიკური ელემენტებისთვის, კარინამ და ლუკამ 37.06, კომპონენტებისთვის 30.71 ქულა დააგროვეს. საერთო ჯამში, 67.77 ქულით კი, მოკლე პროგრამა მოიგეს. სხვათა შორის, ქართულმა წყვილმა, როგორც ტექნიკურ, ასევე, კომპონენტებში, მომდევნო ადგილებზე გასულ წყვილებს, შთამბეჭდავად გაუსწრო.


საკმაოდ  დამაჯერებლად  იასპარეზა თავის  სადებიუტო გამოსვლაში, 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა. ამ ბიჭზე, ჩვენ ცალკე სტატიაში, საკმაოდ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. დღეს კი, მოციგურავემ, ვაჟთა შორის მოასპარეზე, 33 სპორტსმენს შორის 21-ე ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს, რომ კონსტანტინემ, კვალიფიკაცია გაიარა და ახლა, ძალებს თავისუფალ პროგრამაში სცდის.




ხვალვე, 15  აპრილს, ჩემპიონატის მეორე  დღეს,  ასპარეზობაში, მოცეკვავე წყვილები ჩაებმებიან. პირველი სასტარტო ნომრით იასპარეზებენ იულია  ლებედევა-ბითაძე და  დიმიტრი პარხომენკოს წყვილი. მოგვიანებით კი, როგორც გითხარით, სეზონის ბოლო ტურნირის, მედლების  პირველი კომპლექტი გათამაშდება სპორტულ წყვილებში, სადაც კარინა  საფინა  და ლუკა  ბერულავა თავისუფალი პროგრამის და ორი პროგრამის ჯამში, ტიტულის მოგებას შეეცდებიან.