
15 აპრილს სუპერლიგის 1 შეხვედრა გაიმართა, რომელმაც გაარკვია, რომ "რუსთავი" მე-10 ადგილს აღარ დაიკავებს და შესაბამისად, ამ გუნდმა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ საკვალიფიკაციო სერიაში მონაწილეობა თავიდან აირიდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთაველებს ეს შესაძლებლობა "დინამოს" დამარცხებამ (85:69) მოუტანა, რის შემდეგაც ის "კაკტუსისთვის" მიუწვდომელი გახდა.
საკუთრივ "კაკტუსი", რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ზემოხსენებული საკვალიფიკაციო სერიისთვის თითქმის განწირულია. გადათამაშებაში მონაწილეობა რომ თავიდან აირიდოს, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი "კაკტუსი" მხოლოდ თავის თავზე არაა დამოკიდებული. კერძოდ, კაკტუსმა ბოლო ტურში "მეგას" მინიმუმ 25 ქულით უნდა მოუგოს, ხოლო "მეგასა" და "ცხუმ-აფხაზეთის" დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ეს პირობები იმ გარემოებამ მოიტანა, რომ "კაკტუსს" "ცხუმ-აფხაზეთთან" რეგულარულის ორივე შეხვედრა აქვს წაგებული, ხოლო "მეგასთან" კაკტუსელებს პირველ წრეში 24-ქულიანი მარცხი უმძიმებს ყოფას.
კიდევ ერთი რეალობა ისაა, რომ ეს 3 გუნდი - კაკტუსი, მეგა, ცხუმ-აფხაზეთი - რეგულარულს თანაბარი ქულებით ვერ დაასრულებს. შესაბამისად, თუკი ცხუმ-აფხაზეთი აღმოჩნდება კაკტუსთან თანაბრად, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობებს, ხოლო თუკი მეგა დარჩება კაკტუსთან თანაბრად, აი ამ შემთხვევაში სჭირდება კაკტუსს ბოლო ტურში მეგას 25 ქულით დამარცხება.
შესაბამისად, როგორც რუსთავი, ისე ცხუმ-აფხაზეთიც თავისუფალია მე-10 ადგილის დაკავებისგან და დარჩენილ მატჩებში ამ კუთხით იმასღა შევიტყობთ, სუპერლიგაში დასარჩენ საკვალიფიკაციოში "ა" ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან "კაკტუსი" ითამაშებს თუ "მეგა".
რაც შეეხება დინამოს, მისი ამბავი, რომ ბოლო ადგილს დაიკავებდა, რაც "ა" ლიგაში დაქვეითებას ნიშნავს, აქამდეც გარკვეული იყო.
***

ოლიმპიურ სასახლეში დღეს,"ტიტებმა" "ბათუმს" უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით - 97:82 (სტატისტიკა) დაამარცხეს. როგორც ჩანს, ამ შეხვედრას ბათუმელებისთვის არ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, რადგან სამწვრთნელო შტაბმა 2 ლიდერი - საბა ლობჯანიძე და ბექა ბექაური დაასვენა, გუნდის დანარჩენ წამყვან მოთამაშეებს კი სათამასო დრო დაახლოებით თანაბრად გადაუნაწილდათ.
"ტიტებმა" შანსი ხელიდან არ გაუშვა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ცხრილში მე-6 ადგილი გაიმყარა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა, მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია. მხოლოდ ბოლო პერიოდი დასრულდა ფრედ, ყველა დანარჩენი "ტიტებმა" მოიგო და დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა.
თბილისურ გუნდს 25 ქულითა და 20 მოხსნით ჯავიონ ოგუნიემიმ ულიდერა. 20 ქულა და 12 პასი ისააკ ასრატის ანგარიშზეა. 19 ქულითა და 7 პასით დაასრულა შეხვედრა კრისტოფერ პარკერმა. "ბათუმში 19 ქულა ჰქონდა დე ანჯელო სტიუარტს, ხოლო ლევან ელიაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
***

დავით როგავას გაწვრთნილ "ოლიმპს" "ქუთაისთან" თამაშში არ უმართლებს. ოლიმპელებს თავისებური სინდრომი ჩამოუყალიბდათ იმერული კლუბის, რომელთანაც მიმდინარე სეზონში მეოთხედ, დაძაბულ ბრძოლაში წააგეს. განსაკუთრებით მწარე, ამ თვის დასაწყისში თასის ნახევარფინალში ბოლო წამებზე წაგება გახლდათ და დღესაც ანალოგიური მარცხი განიცადეს.
შეხვედრის დასრულებამდე 76 წამით ადრე "ოლიმპი" 75:70 იგებდა, თუმცა ქუთაისელთა გუნდური თამაშითა და გიორგი კორსანტიას მონდომებით იმერულმა კლუბმა გამარჯვება მოახერხა. ეროვნული ნაკრების წევრმა შეტევაში ბურთი ვერ მიიღო, კახა ჯინჭარაძემ ჩაუჭრა და ამან ისეთი მოტივაცია მისცა, რომ დაცვაში ჩამოასწრო და ჯინჭარაძეს ხომ დააფარა და საპასუხო შეტევა გამთანაბრებელი ორქულიანით დააგვირგვინა - 75:75 დასრულებამდე 40 წამით ადრე.
ოლიმპელებმა კვლავ დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენეს, კევინ ობერვაიზერმა საშუალო სროლა გააცუდა, რის შემდეგაც ჯარვის რეიმ ქუთაისელები დააწინაურა - 77:75 (სტატისტიკა). ოლიმპს ბოლო შეტევა დარჩა, რომელიც ქუთაისელთა მედგარი დაცვის გამო წარმატებით ვერ დააგვირგვინა და შეხვედრაც დასრულდა. გამარჯვებულთაგან 23 ქულით ბომბარდირი გახდა ჯარვის რეი. 15 ქულა და 17 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა, 15 ქულა მოაგროვა სტივენ ფლეჯერმაც. "ოლიმპში" 22 ქულით საუკეთესო იყო იმორას ეიჯი, 15 ქულა კევინ ობერვაიზერმა მოაგროვა, ხოლო ედვარდ ეკიორის ანგარიშზე 8 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის კიდევ 2 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 17 აპრილს გაიმართება.





ჩვენ








