დუდა, თოკო, შერმო - ქართული ლეგიონის ამბები
დუდა, თოკო, შერმო - ქართული ლეგიონის ამბები
18.04.2022
ავტორი: ი.პ.

#დუდა


სერბული "ბორაცის" წევრი, დუდა სანაძე ჩვეულ ფორმაშია. მან ადრიატიკის მორიგ ტურში 20-ქულიანი მატჩი ჩაატარა და სტუმრად საკმაოდ ძლიერი "ცედევიტა ოლიმპიას" დამარცხებამდე ცოტა დააკლდა. დაძაბული ბრძოლა სლოვენიური კლუბის გამარჯვებით - 83:80 დასრულდა. 


სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:21 წუთში 20 ქულა (სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი), 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რაც სერბული კლუბის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.


დუდამ 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. სანაძეს მხოლოდ ამერიკელმა ჰანტერ ჰეილმა აჯობა, რომელმაც 18 ქულას 6 მოხსნა და 4 პასი წაამატა.




ბორაცს 8 მოგება და 16 მარცხი მოუგროვდა და ადრიატიკის ლიგაში მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 20 აპრილს ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ ცრვენა ზვეზდასთან გამართავს.


იხილეთ ვიდეო-კოლაჟი




#თოკო


"ვირტუს ბოლონიას" იოლი გასვლითი გამარჯვება იტალიურ სერია A-ში, რაშიც ქართველ ფორვარდს დიდი წვლილი მიუძღვის. 27-ე ტურის მატჩში ბოლონიელები პესაროს ესტუმრნენ და "ადგილობრივ "კარპენას" 96:77 სძლიეს. 


შენგელიას გუნდისთვის ეს სეზონში 23-ე მოგება იყო. თორნიკემ 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულას, 2 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს გუნდიდან საუკეთესო მანიონი იყო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.


შენგელიას გუნდს 46 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ მილანოს 4 ქულით უსწრებს. ბოლონია მომდევნო ტურში ტორტონას შეხვდება, მანამდე კი ევროთასზე ლიტკაბელისთან ითამაშებს.




#შერმო


გიორგი შერმადინის მორიგი შანსი, გახდეს ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელი. მორიგი ტურის მატჩში მისმა "ტენერიფემ" სტუმრად "უნიკახა" 97:64 გაანადგურა და ქართველი ცენტრი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.


რაც შეეხება მთლიანად 29-ე ტურის MVP-ის ტიტულს, მისი მიღება შერმადინისთვის ფორმალობაა და მას ლიგა ენდესასგან ოფიციალური დადასტურება სჭირდება. ტურის არც ერთ სხვა მატჩში შერმადინის დარი სარგებლიანობის კოეფიციენტი არავის დაუფიქსირებია, რაც იმას ნიშნავს, რომ "შერმინატორი" ზედიზედ მეოთხედ გახდება ტურის საუკეთესო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ის გასული, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელია და აპრილის თვეშიც უდიდესი ალბათობით მოიგებს ამ პრიზს. 


მიუხედავად დიდი სხვაობისა, ტენერიფელთათვის სტუმრად გამარჯვება იოლად არ მოსულა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო პერიოდი, რომელშიც ტენერიფელებმა 27:7 დაამარცხეს შერმადინის ყოფილი კლუბი და ჩემპიონატში მე-19 გამარჯვებას უწიეს. ქართველმა ცენტრმა ისევ ფანტასტიკური შედეგიანობა გამოავლინა. წინა ტური მან 23 წუთში 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი 21 წუთში თავი 19 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა. მისი გამჩერებელი არავინ მოიძებნა - 11-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო. ჩაროზად შერმადინს თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება ჰქონდა. სარგებლიანობის ინდექსით (30) შერმადინს ვერავინ მიეკარა. "უნიკახაში" ამ მხრივ საუკეთესო იყო კამერონ ოლივერი, ხოლო "ტენერიფეში" ქართველის შემდეგ 18 მქკ-თი (მარგი ქმედების კოეფიციენტი) მარსელინიო უერტასი (18) მოდის.


19 მოგებითა და 6 მარცხით "ტენერიფემ" ცხრილის მე-3 საფეხურს უწია და მის წინ მხოლოდ ესპანური გრანდები - ბარსელონა და რეალია. შემდეგ ტურში ტენერიფე სწორედ ბარსას ეთამაშება. შეხვედრა 24 აპრილს, კატალონიაში გაიმართება.


იხილეთ ვიდეო-კოლაჟი