"კაკტუსი" ფლეი-ოფშია, თსუ-ს კი რეგულარულის მოსაგებად ერთი მატჩი დარჩა...
"კაკტუსი" ფლეი-ოფშია, თსუ-ს კი რეგულარულის მოსაგებად ერთი მატჩი დარჩა...
17.04.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საკალათბურთო კლუბმა "კაკტუსმა" სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში ადგილი შენარჩუნება საკვალიფიკაციო სერიაში მოუწევს, რომელიც პლეი ოფის დაწყებამდე გაიმართება. კაკტუსელებმა 20 მატჩიდან 6 მოიგეს და ცხრილში მხოლოდ "დინამოს" აჯობეს. დინამოელები "ა" ლიგაში დაქვეითდნენ, "კაკტუსს" კი "ა" ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან მოუწევს საკვალიფიკაციო სერიის 3 მოგებამდე თამაში. კაკტუსელთა მეტოქე ან "კავკასია", ანაც "ასტრალი" იქნება. ამ გუნდებს შორის "ა" ლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1-ია.


"კაკტუსს" ბოლოსწინა ადგილი თავიდან რომ აეცილებინა, დღეს "მეგასთვის" 25 ქულით უნდა მოეგო, თუმცა საბოლოო მიზნამდე მხოლოდ ეს არ კმაროდა. მომდევნო მატჩში "მეგას" "ცხუმ-აფხაზეთთან" უნდა წაეგო და ამ შემთხვევაში გადათამაშებაში სწორედ "მეგას" მოუევდა თამაში, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა "კაკტუსს" შანსი არ დაუტოვა. 25 ქულით მოგებული პირველი ნახევრის შემდეგ "მეგამ" საბოლოოდ 87:74 (სტატისტიკა) მოიგო და სუპერლიგაში დარჩენა ხომ გაინაღდა, ბოლო ტურში "ცხუმ-აფხაზეთის" ძლევით ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურებას ეცდება, რათა პლეი ოფში შედარებით მისაღები მეტოქე შეხვდეთ. 




***



ერთდღიანი პაუზის შემდეგ თსუ კვლავ პირველ ადგილს დაუბრუნდა. სუპერლიგის ლიდერმა მორიგი ტურის მატჩი ცხრილის ბოლოსკენ მყოფ "ცხუმ-აფხაზეთს" მოუგო, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო, სადაც 11 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტელებს 98:96 (სტატისტიკა) გაამარჯვებინა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ნიკოლოზ დარბაიძემ.


მხოლოდ 1 კალათბურთელის გამორჩევა არ იქნება მართებული. თსუ-ს წევრებმა ბოლომდე, გმირულად იბრძოლეს. თითოეული ბურთისთვის ორივე გუნდი შესაშური შემართებით იბრძოდა - თსუ-ს მოტივაცია პირველი ადგილის დაბრუნება, ხოლო ცხუმ-აფხაზეთისთვის მორიგი გამარჯვებით ცხრილში ადგილის გამყარება იყო.


თამაშის უმეტეს დროს ცხუმელები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა 29:18 მოიგო და მეორე პერიოდში ლიდერობა 15 ქულამდეც გაზარდა. დიდ შესვენებამდე თსუ-ელებმა სპურტი მოაწყვეს და ზედიზედ 3-ჯერ ჩაჭრილი ბურთისა და სწრაფი, შედეგიანი კონტრშეტევის შემდეგ ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს. დიდ შესვენებაზე თსუ 9-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, თუმცა უნივერსიტეტელებისთვის ეს ჩამორჩენა რომ არაფერია, მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაუმტკიცებია, როცა 15-20-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაში მოუგია.


მესამე პერიოდში თსუ-მ უპირატესობა მოიხელთა, ათწუთეული 24:19 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. ლოველ ქაბილი, რომელიც მიმდინარე სუპერლიგის ბომბარდირია, ცხუმ-აფხაზეთის ფარზე იყო ორიენტირებული და ნაირგვარი ხერხებით ცდილობდა მის დალაშქვრას. ერთ-ერთ მის სამქულიანს თსუ-ს დაწინაურება მოჰყვა - 71:70, რის შემდეგაც ქულა-ქულაში თამაში წავიდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან - მეორე.




საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ - 84:84 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი 5 წუთის გამართვა გახდა საჭირო. რაც გუნდებმა ბოლო პერიოდში სამქულიანები გააცუდეს, ერთბაშად ოვერტაიმში ჩააგდეს. ნიკოლოზ დარბაიძის 2 სამიანს ცხუმელთაგან ნოდარ გოგოძემ, მარქილ სმიტმა და ლუკა მაზიაშვილმა უპასუხეს. სმიტის ორქულიანიც და ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ცხუმ-აფხაზეთი 5 ქულით (95:90) დაწინაურდა.


აქ თსუ-ს დაცვამ იმუშავა, რომელიც 2 წუთი გადაულახავ ბარიერად იქცა მეტოქისთვის და შეტევაში ისევ დარბაიძემ იჩაუქა, რომელმაც ეგრეთ წოდებული "ენდვანი" ჩააგდო და მატჩის ბომბარდირმა ლოველ ქაბილმაც რომ ზუსტად ტყორცნა, თსუ-მ ანგარიში 96:96 გაათანაბრა. საფინალო სირენამდე წუთით ადრე კვლავ დარბაიძე აგდებს ორქულიანს (11 ქულა ოვერტაიმში) და საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს, თუმცა დარჩენილ 1 წუთში თსუ-მა 3-ჯერ, ხოლო ცხუმ-აფხაზეთმა 2-ჯერ შეუტია უშედეგოდ.  პოტენციურად მოგების მომტანი სამქულიანი მარქილ სმიტმა ააცილა.


თსუ-ში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა ლოველ ქაბილს - 33 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 7 ჩაჭრა. დარბაიძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, 12 ქულა და 8 მოხსნა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. ცხუმ-აფხაზეთში 26 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო მარქილ სმიტი. 18 ქულა და 11 მოხსნა ჯაი უილიამსმა, ხოლო 16 ქულა ნოდარ გოგოძემ დააგროვა.


თსუ-ს ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და თუკი "ტიტებს" მოუგებს, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს.